მედვედევი: ევროკავშირმა კარი გაუღო ძალას, რომელთან გამკლავებაც არ შეგვიძლია

© photo: Sputnik / Екатерина Штукина / გადასვლა მედიაბანკშიდმიტრი მედვედევი
დმიტრი მედვედევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა, რომელიც უშიშროების საკითხებში მიუნხენის კონფერენციაზე რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა, საერთაშორისო სააგენტო Sputnik-თვის მიცემულ ინტერვიუში ვიზიტის შედეგები შეაჯამა და სირიის თემასთან ერთად, ევროპაში ლტოლვილების მოზღვავების საკითხსაც შეეხო.

- უშიშროების საკითხებში მიუნხენის კონფერენციის ორგანიზატორები მიესალმნენ კონფერენციაში თქვენს მონაწილეობას და აღნიშნეს, რომ კრიზისულ დროს უფრო მეტად მნიშვნელოვანია დიალოგის წარმართვა უმაღლეს დონეზე. რა ამოცანებს უსახავთ დელეგაციას მიუნხენში გამგზავრებისთვის? როგორია მიუნხენის კონფერენციაზე თქვენი გამოსვლის ძირითადი თეზისები?

— მიუნხენის კონფერენცია — ეს, პირველ რიგში, სადისკუსიო ადგილია. მივდივარ მიუნხენში, რათა ევროპული უსაფრთხოების ძირითად საკითხებში რუსეთის პოზიცია დავაფიქსირო. და რამდენადაც ეს ცნება დღეს მრავალ ასპექტს — სამხედრო-პოლიტიკურს, ეკონომიკურს, ჰუმანიტარულს, ეკოლოგიურს — მოიცავს, შესაბამისად, ამ საკითხებს შევეხები. ყველას თემები, ძირითადად, ესენია.

თითქმის ყოველდღე ახალ ამბებში ტერაქტებზე აცხადებენ. ეკონომიკურ გლობალიზაციას, რომლისგანაც ბევრმა სახელმწიფო სარგებელი ნახა, ტერორიზმის გლობალიზაცია მოჰყვა. უსაფრთხო კუთხეები აღარ დარჩა, და თვითონ სიტყვა „უსაფრთხოებაც“ უფრო სურვილი გახდა, ვიდრე რეალობა. ზოგიერთ ქვეყანაში ტერორისტებმა, ფაქტობრივად, სახელმწიფო ჩაანაცვლეს. მათი იდეოლოგია — ადამიანების დათრგუნვაა. მათი მეთოდები — მასობრივი დახვრეტები და ტერორისტული შეტევებია. იმიტომ, რომ ასეა საჭირო, ასეა სწორი, ასე მიიჩნევენ ისინი.

ამიტომ, ჩვენი პირველი და ძირითადი ამოცანა საერთაშორისო ტერორიზმთან დაპირისპირებაა. ამისთვის, მათ შორის, სირიის კონფლიქტი უნდა მოგვარდეს, ამ ქვეყნის მოსახლეობას დამნაშავეებთან ბრძოლაში დახმარება, ეკონომიკის აღგენა და მშვიდობიანი სახელმწიფოს აშენება სჭირდება. ჩვენ ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ უკრაინის კრიზისის დაძლევაშიც. ამის საფუძველია მინსკის პაკეტი, რომლის შესრულებასაც კიევი ჯერჯერობით არ ჩქარობს. ჩვენ წინ მდგარი სხვა გამოწვევებს შორის, რა თქმა უნდა, ლტოლვილები და მიგრანტებია, რომლებიც ტალღასავით უვლიან ევროპას.

ჩემ მიერ ჩამოთვლილი პრობლემები, არსობრივად, ერთ პრობლემასთან — უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან ასოცირდება. აქ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ევროატლანტიკური უსაფრთხოების სფეროში ამჟამინდელი ვითარების შეფასება, არამედ, უპირველესად, უნდა ვეცადოთ, მისი გამომწვევი მიზეზები გავაანალიზოთ. არა იმისთვის, რომ დამნაშავეები მოვძებნოთ, ან ერთმანეთისკენ გავიშვიროთ თითი, არამედ იმისთვის, რომ გავიაზროთ, რაშია რეალური საფრთხეები და როგორ შეიძლება ვითარების გაუმჯობესება. ყველა ამ საკითხზე შევთავაზოთ ჩვენი — რუსეთის თვალთახედვა — სწორედ ამაშია კონფერენციაში მონაწილეობის ძირითადი აზრი.

- რა რეაქციას ელოდებით დასავლელი პარტნიორებისგან?

— იმედი მაქვს, რომ გულგრილნი არ იქნებიან. ბევრისთვის ძალზე მწვავე და მტკივნეულ თემებს შევეხებით. ვუშვებ, რომ ჩვენი პოზიცია შეიძლება ბევრს არ მოეწონოს. ეს ნორმალურია. მთავარია, რომ ის ყველას აქვს. სამწუხაროდ, ჩვენი დასავლელი კოლეგები ვერაფრით ეჩვევიან ამას და იმის ნაცვლად, რომ ურთიერთობები რუსეთთან, როგორც თანასწორ პარტნიორთან ააგონ, რომელსაც თავისი, დიდი სახელმწიფოსთვის სრულებით დასაბუთებული გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები გააჩნია, ისინი ჩვენს „მეორეხარისხოვან ქვეყნად“ წარმოდგენას ცდილობენ, ან, უკეთეს შემთხვევაში — „რეგიონულ“ ზესახელმწიფოდ. ეს საკმაოდ უაზრო და უსარგებლო ტერმინია.

ამასთან, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვისწრაფვით მთელი მსოფლიოს უფროსის როლი ვითამაშოთ. ეს მდგომარეობა საბჭოთა პერიოდში გადავიტანეთ, როდესაც წითელ მოედანზე ტანკების გრუხუნმა მთელი მსოფლიო შეძრა. მაგრამ რუსეთს გლობალურ წყობაში ღირსეული ადგილი უნდა ეკავოს და სხვა სახელმწიფოებთან თანაბარუფლებიანი ურთიერთობები ჰქონდეს. ეს განსაზღვრულია ჩვენი ისტორიითაც და ჩვენი სივრცითაც, ჩვენი მონაწილეობითაც უმსხვილეს მსოფლიო ორგანიზაციებში, პირველ რიგში, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების ხუთეულში. და უბრალოდ იმიტომაც, რომ ჩვენ მსხვილი სამხედრო და უმსხვილესი ბირთვული ზესახელმწიფო ვართ. ეს ყველაფერი ჩვენ დიდ უფლებებს გვაძლევს და ამასთან, დიდ ვალდებულებებსაც გვაკისრებს. მაგრამ არცერთ ქვეყანას, იქნება ეს რუსეთი თუ ამერიკის შეერთებული შტატები, არ შეუძლია გლობალური პრობლემების მთელი სიმძიმე საკუთარ მხრებზე იტვირთოს.

თუ კონფერენციაზე რუსეთის მონაწილეთა გამოსვლის შემდეგგანიხილება და კომენტარები გაკეთდება სწორედ იმაზე, რასაც ვიტყვით და არა იმაზე, თუ რა სურდათ მოესმინათ „აგრესიული“ და „არაპროგნოზირებადი“ რუსეთისგან, მაშინ ასეთი რეაქცია გონივრული იქნება. თუ ამ მიმართულებით შემხვედრ ნაბიჯებს გადავდგამთ, მიმაჩნია, რომ ჩვენი ამოცანა მიუნხენში შესრულებული იქნება.

- მიუნხენის უშიშროების კონფერენციის ხელმძღვანელმა ვოლფგანგ იშინგერმა იმედი გამოთქვა, რომ კონფერენციის შესაძლებლობები რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის ორმხრივი დიალოგის მოგვარებისთვის, მათ შორის რუსეთი-ნატოს საბჭოს მუშაობის განახლებისთვის იქნება გამოყენებული. მიგაჩნიათ თუ არა შესაძლებლად მაღალ დონეზე რუსეთი-ევროკავშირის, რუსეთი-ნატოს ფორმატების აღდგენა?
— ჩემთვის სასიამოვნოა, რომ ბატონი იშინგერი ღიად ემხრობა იმას, რომ რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობები კვლავ პარტნიორული გახდეს, როგორც ეს ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ იყო. ამას ვაფასებთ.

თუმცა ამგვარი გადაწყვეტილებები კონფერენციებზე არ მიიღება, არამედ სრულებით სხვა ფორმატების ფარგლებში — ესენია რუსეთი-ნატოს, რუსეთი-ევროკავშირის საბჭო
თუ პარტნიორებს ორმხრივ ურთიერთობებზე ღიად და არსებითად სურთ საუბარი, ამისთვის სულაც არაა აუცილებელი, მთელი წელი ელოდო, როდის შეიკრიბება ყველა მიუნხენში. დიალოგი — ეს სადღეღამისო და ყოველწლიური ცნებაა. ყოველ შემთხევაში, ჩვენ ყველაზე მწვავე საკითხების განსახილველად ყოველთვის მზად ვართ.

დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი და ჩვენი პარტნიორები ნატოსა და ევროკავშირში არათუ შეძლებენ, არამედ ვალდებულნიც არიან, თანამშრომლობის უწინდელი ფორმატები აღადგინონ. იმ პირობით, რომ ამ ურთიერთობების საფუძველი ურთიერთპატივისცემა იქნება.

ასეთ პარტნიორობაზე უარი არც არასდროს გვითქვამს, რასაც ჩვენს კოლეგებზე ევროკავშირიდან და ნატოდან ვერ იტყვი. სწორედ მათ დააყენეს პოლიტიკური მოსაზრებები საერთო ამოცანაზე მაღლა, რაც სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. შედეგად უფრო არაპროგნოზირებადი და მრავალი საფრთხის შემცველი მსოფლიო მივიღეთ, ვიდრე ეს რამდენიმე წლის წინ იყო. პროგრესის, ბუნებრივი განვითარებისა და წინსვლის ნაცვლად უკუპროცესს ვხედავთ.

რუსეთის ევროკავშირთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობის ყველა ეს ფორმატი იმისთვის შეიქმნა, რომ დროულად აღმოიფხვრას ახლად აღმოცენებული კრიზისები. და ახლა, როდესაც ურთიერთობის ასეთი ფორმა ყველაზე აუცილებელია, ჩვენი პარტნიორები ამაზე უარს ამბობენ.

ჩემი აზრით, ნატოს დასავლელი კოლეგები, უბრალოდ, კონფრონტაციიდან პოლიტიკურ სარგებელს იღებენ. ადვილია რუსეთის დემონიზირება და მიმდინარე პრობლემების მისთვის მიწერა, ვიდრე ევროპულ უსაფრთხოების სისტემაში არსებული სერიოზული პრობლემების აღიარება, ასევე იმის აღიარება, რომ ამჟამინდელ კრიზისებში პასუხისმგებლობის წილი მათზეც მოდის.

გაიხსენეთ ბოლო წლებში ნატოს გადაწყვეტილებები. ალიანსის გაფართოება აღმოსავლეთით. ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განთავსება. და ყოველ ჯერზე ორგანიზაცია უარს ამბობდა, მხედველობაში მიეღო ჩვენი შეშფოთება საკუთარ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. უკვე აღარაფერს ვამბობ ბლოკის ხელმძღვანელობის განცხადებაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ გაკეთდა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მსოფლიოსთვის რუსეთზე უფრო დიდი საფრთხე არ არსებობს. ერთხელ „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკების გვერდითაც კი დაგვაყენეს.

არადა, 2010 წელს, ლისაბონში რუსეთი-ნატოს სამიტზე სერიოზულ კომპრომისს მივაღწიეთ. საკმარისია გავიხსენოთ ამ სამიტის შედეგებზე ერთობლივი განცხადება, სადაც დავადასტურეთ, რომ ერთმანეთს მოწინააღმდეგეებად არ განვიხილავთ. თუმცა შემდეგ ჩვენი პარტნიორები კვლავ დაპირისპირების ლოგიკას დაუბრუნდნენ.

ახლა საჭიროა კომპრომისების მოძებნა და არა ამბიციებში შეჯიბრება, ნდობის აღდგენა და გაყინულ ერთობლივ ინიციატივებთან დაბრუნება. საკუთარი ძალისხმევის გაერთიანება საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში, რომელიც ჭირივით ედება მთელ მსოფლიოს.

 

ბოლო მონაცემებით, 2015 წელს ევროკავშირში დაახლოებით 1.2  მლნ მიგრანტი ჩავიდა. აშკარაა, რომ პრობლემა ზოგად ხასიათს იძენს. რუსეთმა არაერთხელ შესთავაზა დასავლელ პარტნიორებს  გადასახლებულ პირთა მიღების გამოცდილების გაზიარება, მაგრამ ამ შეთავაზებით დიდად არ დაინტერესებულან. თქვენი აზრით, რამდენად ეფექტურია ევროკავშირის პოლიტიკა ლტოლვილთა მიმართ?

ხისტად ვიტყვი, მაგრამ ასე მიმაჩნია. ევროკავშირის იმიგრაციული პოლიტიკა ჩავარდა და ეს მისი ყველაზე დიდი შეცდომაა. ევროპა უკვე ვერ აკონტროლებს ლტოლვილების ნაკადს. შესაძლოა ეს სიტყვები ყურს ჭრიდეს, მაგრამ ეს ჰუმანიტარული კატასტროფაა და სხვა არაფერი.

უბრალო ევროპელი „ობივატელი“, რომელიც შეჩვეულია, რომ მის სამყაროში ყველაფერი საიმედოა და უცვლელი ყავა, ძაღლის გასეირნება, სამსახური და რომ მხოლოდ ტელევიზორში ისვრიან, დღეს სერიოზულადაა შეშინებული. გასაგებია, რატომაც. ბევრია უმეტესად აგრესიულად განწყობილი ადამიანი სხვა სარწმუნოებისა და  კულტურის, რომელთაც აშკარად არ სურთ მიიღონ იმ ქვეყნის ცხოვრების წესები, რომელშიც ჩადიან. იმგვარი შემთხვევები, როგორსაც კიოლნში ჰქონდა ადგილი, აიძულებს ევროპელებს, საკუთარ ქვეყანაში თავი უცხოდ იგრძნონ, დაცულობის შეგრძნებასა და სახელმწიფოსადმი რწმენას უქრობთ. და რაღა თქმა უნდა, ევროპაში ქსენოფობია იზრდება.

ევროკავშირმა კარი გაუღო ძალას, რომელსაც ვერ უმკლავდება. თავად ეპატიჟებოდა ყველას, ვისაც ჩასვლა სურდა. ასეთი კი ახლო აღმოსავლეთში ბევრია, იმაზე მეტი, ვიდრე ევროკავშირს შეუძლია გადახარშოს. ამ ადამიანების გაგებაც შეიძლება. ისინი ომს გაურბიან, არეულობას გაურბიან. ისინი იმ შემწეობის მისაღებად ცადიან ევროპაში, რომლებიც მათ ქვეყნებს არც კიდ ასიზმრებიათ.

თუმცა ეს მხოლოდ ერთი ნაწილია. რატომ მოხდა ისე, რომ როცა  ევროპული ხელისუფლებები ლტოლვილებს ეპატიჟებოდნენ, არავინ დაფიქრდა, რომ ამ ნაკადს შესაძლოა შენიღბული ბოევიკების მთელი ბატალიონები შერეოდნენ, რომლებიც მერე მთელ ევროპას მოედებოდნენ მოქმედების ბრძანების მოლოდინში? დრეს მშვიდობიანად გვის ეზოს და მეზობლების თანაგრძნობას იწვევს, მაგრამ ხვალ სწორედ ამ მეზობლებს დახოცავს. და ასეთების ამოცნობა პრაქტიკულად შეუძლებელია.

 ვინ წარმოიდგენდა ასეთ რამეს ვინმე თუნდაც ერთი წლის წინ?

ყველაზე საშინელი ისაა, რომ ჩვენ დღეს ვერც კი წარმოვიდგენთ მომხდარის ყველა შედეგს. რაში გადაიზრდება ასეთი მიგრაციული პოლიტიკა ევროპული საზოგადოებისათვის ერთი წლის, ათი,  თხუთმეტი თუ ორმოცდაათი წლის შემდეგ?  რა მოუვა შრომის ბაზარს? შენარჩუნდება თუ არა შენგენის ზონა? როგორ აისახება ყოველივე ეს მეზობელ სახელმწიფოებზე?

ევროკავშირის სახელმწიფოებს მიგრაციული პრობლემების თოვლის გუნდის შემაკავებელი ღონისძიებების ერთიანი, შეთანხმებული პოზიცია არ გააჩნიათ. მაგრამ ეს პოზიცია უახლოეს მომავალში უნდა შემუშავდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ საკუთარი საზღვრების დასაცავად  ცალმხრივად გადადგმული გადამწყვეტი ნაბიჯების მოწმეები გავხდებით. რას ნიშნავს ეს? რას და ერთიანი ევროპული სივრცის დასასრულს.

რა თქმა უნდა, იდეალურ შემთხვევაში, საკუთარი სახელმწიფოებრივი მართვის სტანდარტების თავს მოსახვევად ან არასასურველი მმართველის ჩამოსაგდებად, სხვის ტერიტორიაზე ომის დაწყება საჭირო არ იყო. მაგრამ რახან ასე მოხდა, პოლიტიკური დარეგულირებისთვის ძალისხმევა მაინც აღარ უნდა შეასუსტო, ისე როგორც ეს სირიაში და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში მოხდა.  

რუსეთმაც მიიღო ლტოლვილები. უკრაინიდან რუსეთში გამოქცეული მილიონზე მეტი ადამიანის ხსენებაც კი საკმარისია. ჩვენ გადასახლებულთა მიღების დიდი გამოცდილება გვაქვს და შეგვეძლო ევროკავშირისთვის გაგვეზიარებინა. ასეთი წინადადება კიდეც შევთავაზეთ. ჩვენ, როგოც მოსაზღვრე ქვეყანა, დაინტერესებული ვართ ლტოლვილთა ნაკადის შეჩერებით, მათ შორის, რუსეთის გავლით.

მარტში რუსეთისა და ევროკავშირის მიგრაციის კუთხით მორიგი საექსპერტო შეხვედრა გაიმართება და იმედი მაქვს, რომ იქ ამ პრობლემისადმი მიდგომები შემუშავდება.

- თქვენი აზრით, როგორ გავლენას მოახდენს რეგიონულ უსაფრთხოებაზე სირიაში შესაძლო სახმელეთო ოპერაცია, რომელსაც, როგორც ყველაფრიდან ჩანს, უკვე ამზადებს აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიცია?

 - გასაგებია, რომ ტერორისტთა საბოლოოდ გასატეხად მხოლოდ საჰაერო დარტყმები არ კმარა. ხმელეთიდან მათ სირიის სამთავრობო ჯარები ებრძვიან. სანამ აშშ-ის მეთაურობით მოქმედი კოალიცია სირიის ტერიტორიაზე ქვეითი ჯარების შეყვანის თაობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს, მანამ აუცილებლად უნდა გაირკვეს, სჭირდება თუ არა ეს სირიელ ხალხს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპერაციამ შესაძლოა კიდევ უფრო გაამწვავოს ისედაც რთული ვითარება ქვეყანაში, რასაც კიდევ ახლი მსხვერპლიც მოჰყვება და სირიის კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირების შემორჩენილ პირობებსაც გაანადგურებს. ჩვენი ამოსავალი წერტილი ისაა, რომ ტერორიზმთან ბრძოლა საერთაშორისო სამართალსა და გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებებს უნდა ეყრდნობოდეს.

რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალები სირიაში ამ ქვეყნის კანონიერი ხელისუფლების თხოვნის საფუძველზე იმყოფება. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ სირიელ ხალხს, გაწმინდონ ქვეყანა ისლამური სახელმწიფოს ბოევიკებისგან და არა ახალი ომი გავაჩაღოთ. ირანი, რომელთანაც კოორდინაცია გვაქვს, ასევე ეხმარება სირიას მისი მთავრობის თხოვნით. სწორედ ასეთ კოორდინაციას ვთავაზობთ ყველას, ვინც მზადაა წინ აღუდგეს ისლამურ სახელმწიფოსაც და პატრიოტულ ოპოზიციასაც სირიის თავისუფალ არმიას. სხვათა შორის, რუსეთი სირიის კრიზისის დაწყების დღიდან მოუწოდებდა ყველას, დაევიწყათ უთანხმოება და გაერთიანებულიყვნენ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ, მაგრამ ამას აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ამბიციებმა შეუშალა ხელი, და რაც მთავარია, ტერორისტების ცუდებად და არც ისე ცუდებად დაყოფამ. ახლა ამის საფასურს სირიელებიც ზღავენ და ევროპელებიც, რომლებმაც საკუთარ ქვეყნებში მილიონზე მეტი მიგრანტი მიიღეს. ომში ახლო აღმოსავლეთის სულ უფრო მეტი ქვეყანა ერთვება და ეს უნდა შეჩერდეს.

შემოდიოდა თუ არა სიგნალები ევროპელი პარტნიორებისგან სანქციების შესაძლო მოხსნისა  და მიუნჰენის კონფერენციაზე რუსული კონტრზომების საკითხის განხილვაზე? შეძლებს კი ევროპა აღადგინოს რუსულ ბაზარზე დაკარგული წილი აზიური და ლათინოამერიკული ქვეყნების აქტიურობის გათვალისწინებით?

ჩვენ არ ვაპირებთ დავიწყოთ მოლაპარაკებები სანქციების გაუქმების პირობებზე. ეს ჩვენი ინიციატივით არ მომხდარა და ესე იგი, პირველებმა მასზე უარი იმათ უნდა თქვან, ვინც შემოიღო. დღეს არაოფიციალურად უკვე გვესმის ზოგი ევროპელი კოლეგისგან: მოხსენით ესა თუ ის შეზღუდვა ამა თუ იმ სექტორშიო. ისინი განსაკუთრებით ნერვიულობენ თავიანთი ფერმერების გამო. მაგრამ ჩვენი, რუსი აგრარიკოსებისაც გვესმის: გეთაყვა, შეინარჩუნეთ ეს რეჟიმი და გავაცადეთ, ფეხზე წამოვდგეთ, ინვესტიციები გავამართლოთო. და მე, როგორც მთავრობის მეთაური, ვალდებული ვარ ეს მოსაზრებები მხედველობაში მივიღო.

რაღა თქმა უნდა, მხოლოდ რუსი მწარმოებლები არ ავსებენ ჩვენს ბაზარზე გამოთავისუფლებულ ნიშებს. გაიზარდა აზიური, ლათინოამერიკული და სხვა მომწოდებლების წილი. და თუ ევროკავშირელ პარტნიორებს ლექციების კითხვა და ჩვენი კანონიერი ინტერესების იგნორირება სურთ, როგორც ეს ევროკავშირი-უკრაინის ასოცირების შემთხვევაში იყო, კი ბატონო, მაშინ იკითხეთ ლექციები! ჩვენს ბაზარზე ბიზნესს კი  ევრაზიის ეკონომიკური კავშირის გაერთიანებულ ბაზარზე სხვა პარტნიორები აწარმოებენ. ამაში, როგორც იტყვიან, არაფერია პირადული.

და მაინც, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს, რომ ურთიერთსარგებლიანობის ეკონომიკური ლოგიკა დაბრუნდება ჩვენს ურთიერთობებში ევროკავშირთან.

- იმ პოლიტიკოსებს შორის, რომელთაც თებერვალში უსაფრთხოების კონფერენციაზე ელიან, არის უკრაინის პრეზიდენტი პოროშენკოც. იგეგმება თუ არა მიუნჰენში უკრაინულ დელეგაციასთან კონტაქტები, მათ შორის, უკრაინული ვალის საკითხებზე სამსჯელოდ?

- არანაირი სპეციალური მოლაპარაკებები უკრაინის სახელმწიფო ვალის თემაზე, მიუნჰენში დაგეგმილი არ არის. აქ სასმჯელოც არაფერია, ვალები უნდა დაბრუნდეს.

2013 წლის დეკემბერში რუსეთის მთავრობამ ეროვნული კეთილდღეობის ფონდის სახსრების ნაწილი უკრაინის ფასიან ქაღალდებში განათავსა 3 მლრდ აშშ დოლარი. ეს დიდი თანხაა და ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით კიევის ხელისუფლების პოზიციას, რომლებიც ამ ვალის რესტრუქტურიზაციას გვთავაზობენ ევრობონდების კომერციული მფლობელებთან საერთო საფუძვლებზე. მე არაერთხელ განმიცხადებია და ახლაც მზად ვარ გავიმეორო: უკრაინისთვის მიცემული სესხი არ არის კერძო, ეს სახელმწიფო, სუვერენული ვალია ერთი მხარისა მეორის მიმართ. სახელმწიფო ვალის სტსტუსი ასევე ცნო საერტაშორისო სავალუტო ფონდმა.

თუ უკრაინის ახალმა ხელმძღვანელობამ საკუთარ თავზე აიღო ქვეყნის მართვა, მაშინ უცხოელი კრედიტორების წინაშე აღებული დავალიანებებიც საკუთარ თავზე აიღოს, მათ შორის, რუსეთის ვალისაც. ეს მოწიფული და პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფოს პოზიციაა, როგორიც სურს უკრაინას, რომ იყოს.  ხომ გახსოვთ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთმა, როგორც სამართალმემკვიდრემ, ყველა მოკავშირე რესპუბლიკის ვალები იტვირთა, მათ შორის, უკრაინისაც. და ამაზე ყველა თანახმა იყო.

იურიდიული თვალსაზრისით, უკრაინა დეფოლტის მდგომარეობაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთს შეუძლია სასამართლო ინსტანციების გზით იბრძოლოს ვადაგადაცილებული ვალების დასაბრუნებლად. ახლა ყველა აუცილებელი საბუთი მზადდება, ფორმირდება შესაბამისი სარჩელი და შანსი იმისა, რომ სასამართლოში გავიმარჯვოთ, ძალიან მაღალია. თუმცა მე მაინც მაქვს იმედი, რომ უკრაინის ხელისუფლება სახელმწიფო დავალიანების დარეგულირებას სასამართლოს გვერდის ავლით მოახერხებს.

ინტერვიუს მოკლე ვერსია. სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ „რია ნოვოსტის“ საიტზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0