დაიწყებს თუ არა საქართველოში რუსულენოვანი ტელევიზია მაუწყებლობას?

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиსაზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობა რუსულენოვანი არხის გახსნის საკითხს განიხილავს. ახალი სახელმწიფო ტელეარხის გახსნა შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია საზოგადოებრივ მაუწყებელზე მეტი რუსულენოვანი პროგრამის მომზადება.

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთავრობაში რუსულენოვანი არხის გახსნაზე მსჯელობენ, განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა.

საქართველოში 2005 წელს მუშაობა დაიწყო რუსულენოვანმა ტელევიზია „ალანიამ“. მოგვიანებით, 2011 წელს გაიხსნა ტელეარხი „პიკი“ („პირველი საინფორმაციო კავკასიური“), რომელიც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას ღიად უჭერდა მხარს. 2012 წელს, ხელისუფლებაში კოალიცია „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, „პიკი“ დაიხურა.

„მთავრობის სხდომაზე ზაქარეიშვილმა რუსულენოვანი ტელეარხის შექმნის იდეა გამოთქვა, როგორც ერთ-ერთი ვარიანტი. ცხადია, სხვა სახელმწიფო არხის გახსნა შეუძლებელია, მაგრამ თუნდაც ის, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე მეტი დრო დაეთმოს ან უფრო მრავალფეროვანი გახდეს, რომ უკეთ მოხდეს ჩვენი მოქალაქეების ინფორმირება“, — განუცხადა სუბარმა ჟურნალისტებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ჩვენს მოქალაქეებს, რომლებმაც კარგად არ იციან სახელმწიფო ენა, შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, რომ გაეცნონ ინფორმაციას და ჩვენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, დასძინა მან.
 „პიკის“ დახურვის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ რუსულენოვანი ტელევიზია უახლოეს მომავალში კვლავ გაჩნდებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0