ხმა, რომელმაც პირველმა აცნობა ქართველებს გაგარინის კოსმოსში გაფრენა

© თ. გოგნიაშვილირადიო, არქივის ფოტო
რადიო, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართულ რადიოში მუშაობა 1961 წლიდან დაიწყო. განუმეორებელი ხმისა და უბადლო მეტყველების გამო ხმით ყველგან ცნობდნენ. რადიოს დიქტორთა სკოლის ერთ -ერთი გამორჩეული სახე, უფრო სწორედ ხმა - ქალბატონი თინა ელბაქიძე -საეთერო და ეთერს მიღმა დარჩენილი ამბებით.

- ქალბატონო თინა, თავის დროზე თქვენ ხმას ყველა ცნობდა, მაგრამ ბევრმა არ იცის, როგორ მოხვდით პირველად რადიოში?

— ეს იყო 1961 წელი, მე სოხუმის თეატრიდან წამოვედი. თბილისში გავიგე, რომ რადიოში დიქტორების კონკურსი იყო გამოცხადებული, იმ დროს საქართველოში ერთადერთი რადიო არსებობდა. როცა ადგილზე მივედი,კონკურსში მონაწილეობის მსურველი ბევრი ახალგაზრდა ვნახე, ხალხი კიბეებზეც იჯდა. იმედი გადამეწურა და უკან გამოვბრუნდი. კიბეებთან ტელევიზიის მაშინდელი რეჟისორი, რომან აბულაძე შემხვდა. ჩემი ამბავი რომ შეიტყო, მითხრა: კონკურსზე აუცილებლად გადი, რას კარგავ? თუ არ მიგიღებენ- უკან გაბრუნდებიო. დავუჯერე და უკან მივბრუნდი. კონკურსის პირველ ეტაპზე მონაწილეების ხმას იწერდნენ და ასე არკვევდნენ, რამდენად რადიოგენული ხმა ჰქონდა. ჩანაწერებს ჟურნალისტი მარიამ ბინიაშვილი აკეთებდა. მოკლედ მომცეს ტექსტი, ჩამწერეს და იქიდან ცოტა არ იყოს, უიმედოდ წამოვედი. მერე რადიოდან დეპეშა მომივიდა —სასწრაფოდ გამოცხადდითო, რა თქმაუნდა გამიხარდა და კონკურსის მეორე ეტაპზე, გასაუბრებაზე გამოვცხადდი.

- თუ გახსოვთ, გამომცდელთა შორის ვინ იყო?

— გამომცდელთა შორის რადიოს ყველა რედაქციის მთავარი რედაქტორი იყო, მათ შორის კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარე, ანტონ კელენჯერიძე და კულტურის მინისტრის მოადგილე, კაკო დვალიშვილი იყვნენ. გასაუბრებაზე მხოლოდ ხუთი ადამიანი შეგვარჩიეს: მე, თინა მგალობლიშვილი და სამი ვაჟი. კითხვები ისტორიიდან, ხელოვნებიდან დაგვისვეს, ჩვენი ზოგადი განათლება შეამოწმეს, ყურადღებას აქცევდნენ- ხმის რადიოგენულობას, მეტყველების უნარს, საუბრის კულტურას. მოკლედ ბოლოს შერჩეული ხუთი ადამიანიდან რადიოში საბოლოოდ მე და თინა მგალობლიშვილი დაგვტოვეს. პირველ ეტაპზე შტატგარეშე თანამშრომლებად მიგვიღეს. ეს კი იმ დროისთვის  გავრცელებული პროტექციის გარეშე მოხდა. ამ კონკურში გასვლის მერე ეთერში მაინც არ დაგვსვეს და გადაცემებისთვის პატარ-პატარა ტექსტებს გვაწერინებდნენ. რამდენიმე თვის მერე ისეთი პრაქტიკა გავიარეთ, რომ პირველ არხზე გადმოგვიყვანეს და ეთერში კონცერტის წაყვანის უფლებაც მოგვცეს. მოგვიანებით საინფორმაციო გამოშვებების წაყვანა დაგვავალეს, ხმის რეჟისორებადაც კი ვიმუშავეთ. გარკვეული დროის მერე მე და თინა მგალობლიშვილი რადიოს შტატში გადაგვიყვანეს.

- მკითხველს შევახსენებ, რომ ეს საბჭოთა იდეოლოგიის დროს ხდება, როცა ცენზორი მოქმედებდა...

— რასაკვირველია, მაშინ ეთერში ყოფნა ასე მარტივად არ ხდებოდა, ცენზორი  “კგბ“-ს სახით ყველანაირად გვამოწმებდა. არკვევდა: ვინ ვიყავით, ვინ იყვნენ ჩვენი მშობლები, თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენი გენეოლოგიაც კი ჰქონდათ შესწავლილი. ისინი აგრეთვე ტექსტებსაც ადევნებდნენ თვალს. მათ ოფიციალურად “მთავლიტი“ ერქვათ და ყველაფერს, ყოველ სიტყვას გამადიდებელი მინით აკვირდებოდნენ.

- რომელი იყო ყველაზე დასამახსოვრებელი ეთერი რადიოში?

— ყველაზე მეტად მახსოვს, როდესაც ჩვენი “დინამო“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა- ეს სასიხარულო ფაქტი მე გამოვაცხადე, რაც ჩემთვის დიდი პატივი იყო. ასევე მახსოვს,1961 წლის 12 აპრილს, გაგარინის კოსმოსში გაფრენის ამბავი პირველმა მე გამოვაცხადე რადიოში. კიდევ ერთი ამბავი მახსენდება: ალბათ გსმენიათ ქართველი ექიმის, იოსებ ჟორდანიას გმირობის ამბავი? 1962 წლის 20 აგვისტოს, რიო-დე ჟანეიროს მახლობლად თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად ოკეანეში ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავი ჩავარდა,  მიუხედავად იმისა, რომ ცურვა არ იცოდა, მან თავისი მაშველი რგოლი უბილეთო ბრაზილიელ გოგონას დაუთმო. სწორედ ამ ამბის გამოცხადება დამავალეს და მახსოვს, სანამ ტექსტს ჩავწერდი, 15 წუთი ვქვითინებდი, ძლივს გამაჩერეს…ეთერში მზა მასალას გვაწვდიდნენ და უფლება არ გვქონდა, ტექსტი შეგვეცვალა. ძირითადად მაინც კონცერტები მიგვყავდა. შემდეგ სხვადასხვა რედაქციის გადაცემებიც. დროთა განმავლობაში ბევრი რამ გავიგეთ სოფლის მეურნეობაზე, იურისპრუდენციაზე და სხვა სფეროებზე — ამიტომ ჩვენი ზოგადი განათლების დონე უფრო ამაღლდა, ვიდრე ჩვენი იქ მოსვლის პირველ დღეებში იყო.

- ქალბატონო თინა, ამბობენ, იმდენად პოპულარული იყო რადიო, რომ ყველა დიქტორს ხმით ცნობდნენ?

— მართლაც ასე იყო.. ერთხელ ქუჩაში შორიდან შევნიშნე, რომ ხელჯოხიანი, ასაკოვანი ქალბატონი მეორე მხარეს ვერ გადმოდიოდა. მივედი და ჩემი დახმარება შევთავაზე. იგი უსინათლო აღმოჩნდა და სახლამდე მიყვანა მთხოვა. გასაუბრების დროს უცებ დავინახე, რომ სახე გაუნათდა. მივხვდი, ჩემი ხმა ეცნო, ასე მითხრა: შენ ჩემი ერთადერთი მეგობარი და მესაიდუმლე ხარო. ეს არასოდეს დამავიწყდება… მსმენელებისთვის მართლაც მეგობრები ვიყავით, ისინი ახლობლებად გვთვლიდნენ — ეს შარმი ჰქონდა იმ დროის რადიოს…

- დღეს თუ მოგწონთ ის, რაც ქართული რადიოებიდან გესმით?

— როდესაც ჩვენთან მოდიოდნენ საოცარი ადამიანები, მეცნიერები და მსახიობები, ისინი სულ გვიმეორებდნენ: რა კარგი ქართულით მეტყველებთო რადიოში, ეს მართლაც ასე იყო. დღეს რადიოს დიქტორთა სკოლის არსებობა აუცილებელია, რადგან არ შეიძლება, ეთერში ზუსტად იმგვარად ისაუბრო, როგორც ჩვეულებრივ სიტუაციებში ლაპარაკობ. საჭიროა, დამწყებ ჟურნალისტებს ეთერში საუბრის კულტურა ვინმემ ასწავლოს. საუბრის ის ფორმა, რაც დღევანდელ ჟურნალისტებს ბუნებრივად მიაჩნიათ, ეთერში უბრალოდ დაუშვებელია. ისინი გადაცემის წაყვანის დროს მომზადებულები უნდა იყვნენ და მსმენელს ყოველ ჯერზე რაღაც ახალ, საინტერესო თემაზე გამართული ქართულით მოუთხრონ. იმედი მაქვს, მოვა დრო და ჩვენს ქვეყანაში ამ სფეროს პროფესიონალები სათანადოდ დაფასდებიან.


ყველა ახალი ამბავი
0