დემურ გიორხელიძე: არსებობს გარე და ქვეყნის შიგნით არსებული ობიექტური და სუბიექტური ფაქტორები. განვითარებად ქვეყნებში ზრდის შენელება, ნავთობის ფასის ვარდნა და დოლარის კურსის გამყარება ლარის კურსზე აისახება. წელს არაფერი კარგი საგარეო კუთხით არ მოხდება. ამიტომ, საქმე ისაა, რომ ცუდი საგარეო პირობები უნდა ჩაანაცვლოს ძალიან მძლავრმა საშინაო პოლიტიკამ. როგორმე დასაქმებისკენ უნდა გადაიდგას ნაბიჯები. ჩვენი ძირითადი პრობლემები მაინც საქართველოს შიდა პოლიტიკაში უნდა ვეძებოთ. გვაქვს სავალუტო კრიზისი. ქვეყანა ჩამოკიდებულია იმპორტზე და არ გვყოფნის ვალუტა. ფულის შემოდინების მთავარი წყარო არის ექსპორტი. ექსპორტი გვაქვს მწირი და ის კიდევ უფრო მცირდება. სესხები იზრდება და რაღაც საზღვარი არსებობს, როცა ვალის ზრდას თავისი ნეგატიური პრობლემები მოჰყვება. ჩვენ მოვიხმართ იმაზე მეტს, ვიდრე გადახდა შეგვიძლია. ამიტომ, გვაქვს სერიოზული პრობლემები და უზარმაზარი დეფიციტი. უახლოეს 3 წელიწადში, ბანკებს აქვთ 3 მლრდ-ზე მეტი ვალი დასაფარი. ეს აწვება ქვეყანას და ვხედავთ, რომ განადგურებული ეკონომიკის ფონზე ბანკები ფანტასტიკურ მოგებას ნახულობენ და ამას „ეროვნული ბანკი“ არ არეგულირებს.
- არსებობს თუ არა რაიმე საფუძვლები, რაც ლარის გამყარებას ხელს შეუწყობს?
— არანაირი საფუძველი ლარის გამყარებას არ გააჩნია. ქვეყნიდან გადის ფული. ასეთ გაუგებარ სიტუაციაში მცირე და საშუალო ინვესტორები, აგრეთვე ჩვენი იურიდიული პირები ფულის კონვერტაციას ახდენენ და ის ქვეყნიდან გააქვთ. ბუნებრივია, ეს დაწოლა ლარს კიდევ უფრო ამცირებს. ახლა ლარი ხელოვნურად არის გამყარებული და ვფიქრობ, რომ გაზაფხულიდან ეს პრობლემა კვლავ იჩენს თავს.
ის პოლიტიკა, რომელსაც „ეროვნული ბანკი“ ეწევა, აბსოლუტურად ამოვარდნილია კონტექსტიდან და ვერაფერს შველის. ფულადსაკრედიტო პოლიტიკის ინსტრუმენტები არ ჰყოფნის სტაბილიზაციას და აქ უკვე საჭიროა ეკონომიკის ფუნდამენტურ პრობლემებს ჩავხედოთ. ამ შემთხვევაში, დავინახავთ, რომ არავთარი საყრდენი ლარის გასამყარებლად არ გაგვაჩნია. დღეს სულ ცოტა 200-300 მლნ დოლარის ინვესტიციის შემოდინება მაინც გვჭირდება, რომ ლარი მეტნაკლებად სტაბილური გახდეს.
-თქვენი პროგნოზით, 2016 წელი იქნება უფრო მძიმე, ვიდრე წინა წლები იყო?
— დიახ, 2016 წელი იქნება უფრო რთული, ვიდრე 2015 იყო. წელს ახალი, ძალიან სერიოზული არასტაბილურობის ფაქტი გველის. ეს არის დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. ოქტომბერში, თუ ხელისუფლებამ კარგად არ წაიყვანა საქმე, ძალიან არასასურველ მოვლენებს მივიღებთ.