უთქმელი სურვილი კეთილი სიბერის!..

© courtesy of A. Katamadzeმოხუცის ხელი, არქივის ფოტო
მოხუცის ხელი, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძაღლის ყეფის ხმამ გამოაფხიზლა, ხელის ცეცებით ასანთის კოლოფი სკამზე მოძებნა, ხალათი მოიცვა და ჩქარი ნაბიჯით კარისკენ გაემართა. გარეთ გაიხედა, ვინ არისო იკითხა, თუმცა, ღამის მდუმარებას არავინ არღვევდა...

 …ცოტა ხანი ჭიშკარს უყურებდა, მერე კი ოთახში შებრუნდა. საწოლს აღარ დაბრუნებია, თბილად ჩაიცვა, შეშა შემოიტანა და "ფეჩი" დაანთო. სითბო ესიამოვნა. "ფეჩს" მიეფიცხა და ფიქრს მიეცა. 

მერამდენე ღამეა ასე მეორდება, რაღაც ხმა აფხიზლებს, თითქოს ვიღაც ეძახის, თითქოს ვიღაცას ელოდება…

საკმაოდ ჭარმაგია, ასაკს დაკოჟრილი ხელები და დაღარულ-დანაოჭებული სახე გასცემს. საკუთარ თავთან ლაპარაკს წლებია დაეჩვია, თავისთვის წუწუნებს — მრცხვენია კიდევ ცოცხალი რომ ვარ, ღმერთს ვაწუხებო…

თავისდაუნებურად კარადასთან მივიდა, უჯრა გამოაღო. ხსოვნადაკარგული ხელები სიბნელეში არეულ ქაღალდებში ფათურობენ. ეძებენ…რას აღარ ახსოვთ… უსაშველო სევდა ახლავს ხელების თითქოს უმიზნო ბორიალს უჯრის ერთი კიდიდან მეორემდე. არადა რა პატარაა მანძილი… და რა დიდია ტანჯვა ღონეგამოცლილი ხელების… როგორ უჭირთ გადაადგილება… მძიმეა მტევნები… შეშუპებულ თითებს აღარ ახსოვთ როდის შეეხნენ პირველად… ანდა უკანასკნელად…

ძველი ზარდახშა მაგიდაზე დადო, ფრთხილად გახსნა, ოთახში სიძველის სუნი დატრიალდა: სიყვითლეშეპარებული რამდენიმე ფოტო, წერილები, რამდენიმე სამკაული ამოალაგა და სკამზე ჩამოჯდა.

ნივთებს უყურებდა და საკუთარ თავზე ფიქრობდა — მხოლოდ წარსულსა და აწმყოზე.

სამი შვილი გაზარდა, დააოჯახა, განათლება მისცა, ყველაფერი გაიღო მათთვის, საკუთარი ბედნიერება, საკუთარი „მე“ ანაცვალა. ადრეულ ასაკში დაქვრივდა და იმ დროიდან მოყოლებული საკუთარ თავზე აღარ უფიქრია. ამაყი იყო, ბავშვებმა ობლობა არ იგრძნონო, თავდაუზოგავად შრომობდა. საკუთარ ბაღ-ვენახში მოწეულს ბაზარში ჰყიდდა, ფიზიკურად შრომობდა, თვითონ შიმშილობდა და შვილებს აჭმევდა. უთქმელი სურვილი ჰქონდა კეთილი სიბერის…

ბავშვები გაიზარდნენ და ერთი-მეორის მიყოლებით ქალაქში წავიდნენ. არ უნდოდა მათი გაშვება, მაგრამ წინააღმდეგობა არც ერთისთვის გაუწევია. შვილები დაოჯახდნენ, ქალაქში დასახლდნენ და ნელ-ნელა გადაეჩვივნენ სოფელში ჩამოსვლას.

ზოგჯერ თვე ისე გადიოდა, რომ არც ერთი მათგანი არ გამოჩნდებოდა, გული წყდებოდა, მაგრამ მეზობლების რცხვენოდა და იხტიბარს არ იტეხდა. სოფლის დედაკაცებთან ყვებოდა რომ შვილები თავს ევლებოდნენ, რომ მათ მეგობრის ხელით ტკბილეული და წამლები გამოუგზავნეს, რომ იმ კვირაში ჩამოვიდოდნენ, რომ… 

ყველაზე მეტად შვილიშვილები ენატრებოდა. რამდენჯერ უოცნებია ყველა ერთად რომ ენახა, ყველას ერთად რომ მიალერსებოდა… დრო რომ ულმობელი იყო, ეს ყველაზე კარგად იცოდა. თავის მოტყუებამ დაღალა და ამიტომაც მეზობლის ქალებთან, ორღობეში ჩამოჯდომასაც გადაეჩვია.

ღმერთის მადლობელი იყო რაც ჰქონდა იმისთვის, უფალს მხოლოდ შვილების ბედნიერების თხოვნით აწუხებდა. მარტოობა ტკიოდა, მაგრამ შვილების აუგს ხმამაღლა არ ამბობდა, თითქოს საკუთარ თავსაც არ უტყდებოდა. ყველაფერი აკლდა — სითბო, საჭმელ-სასმელი, მოვლა-პატრონობა, ძალა აღარ ჰქონდა სახლ-კარი რომ შეეკეთებინა, ამიტომ ზამთარი შეიძულა. აღარ უყვარდა. არ უყვარდა იმიტომ, რომ ზამთრის გამჭოლი სიცივე საკუთარ უსასოობას უფრო მეტად აგრძნობინებდა.

რამდენჯერ უფიქრია და რამდენჯერ დაუსვამს საკუთარი თავისთვის პასუხგაუცემელი კითხვა — რატომ?! მან ხომ ყველაფერი გაიღო შვილებისთვის, ხომ ყველაფერი გააკეთა ისინი რომ არ დაჩაგრულიყვნენ. ყველაზე მეტად გული იმაზე წყდებოდა, მამის საფლავზეც რომ არ მოდიოდნენ. გული უკვდებოდა იმაზე ფიქრით, რომ ქმრისგან განსხვავებით იგი უპატრონო მიცვალებული იქნებოდა. ამაზე ფიქრი ბოლოს უღებდა.

მეზობლების ამარა ცხოვრობდა, ყველაფერი აკლდა, სიღარიბე დაერქვა მის ყოველდღიურობას! მეზობლებისაც რცხვენოდა, ირგვლივ ყველას უჭირდა და მაინც მას უყოფდნენ ლუკმა-პურს. არ უნდოდა გამორთმევა, მაგრამ შიმშილის გრძნობამ მისი სიამაყე დათრგუნა.

ფიქრში დაათენდა. მეზობლის მამლის ყივილმა გამოაფხიზლა. გათენდა. ფანჯრიდან ეზოში გაიხედა, შარაგზაზე პატარა ბავშვით მეზობლის ქალი დაინახა და თავისთვის ჩაიბუტბუტა —ღმერთო, ჩემი ოცნება ამას აუხდინე.

მთელი თავისი ახალგაზრდობა ერთ რამეზე ოცნებობდა — უნდოდა კეთილი სიბერე ჰქონოდა!

ანა ქათამაძე

 

ყველა ახალი ამბავი
0