გადავარჩინოთ ზუგდიდის თეატრი!

© მ. ტურიაშვილიზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრის შენობა
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო აკადემიური თეატრს მალე 150 წლის იუბილე აქვს. ასეთ თარიღს მსოფლიოს ნებისმიერ თეატრი დიდი პომპეზურობით აღნიშნავდა, მაგრამ რა დროს იუბილეა, როცა უკვე რამდენი წელია ზუგდიდის თეატრის დასს შენობა თავზე ენგრევა.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ბადრი წერედიანმა სამი წლის წინ ტელევიზიით შემაშფოთებელი ვიდეო-კადრები უჩვენა მაყურებელს. წელს თეატრმა შენობაში შექმნილი გაუსაძლისი პირობების გამო, სეზონი ვერ გახსნა. 

© მ. ტურიაშვილიზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრის შენობა
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრის შენობა - Sputnik საქართველო
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრის შენობა

ზუგდიდის თეატრში  რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი 90-იან წლებში მუშაობდა, მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლებით სამეგრელოში ხშირად ჩადის. 

- დიმიტრი, თქვენ ზუგდიდში გასული წლის შემოდგომაზე ბრძანდებოდით. მაინტერესებს როგორ მდგომარეობაში იყო შენობა, როცა თქვენ მუშაობდით ამ თეატრში და რა მდგომარეობაშია ახლა?

— იმ ავად სახსენებელი სამოქალაქო ომის პერიოდის შემდეგ, ზუგდიდის თეატრის შენობის მდგომარეობა მიდის უკან და უკან… 90-იან წლებში, რომელიღაც სამხედრო დაჯგუფებები შენობაში პირდაპირი წესით შევარდნენ. ტანკი დაეჯახა თეატრის შენობას, რომლის კვალს დღესაც ნახავთ, პარკეტი აყარეს,  დაწვეს სკამები, აღჭურვილობა… ძველმა თაობამ ნაბიჯ-ნაბიჯ დაიცვა შენობის თითოეული აგური. აი, ასეთ სიტუაციაში დამხვდა 1996 წელს ზუგდიდის თეატრი. აქ იყო გაუსაძლისი პირობები. როგორც ვიცი, 2000 წლის შემდეგ რაღაც თანხა გამოჩნდა და პარკეტი დააგეს, გარკვეულ ადგილებში, კაფელი… სამეგრელოში ტენიანი ჰავაა, შენობის დაშლის პროცესს ამ ფაქტმაც შეუწყო ხელი და ნელ-ნელა აღმოვჩნდით ფაქტის წინაშე — შარშან სამხატვრო ხელმძღვანელი თავისი კაბინეტიდან, ქვედა სართულზე ჩავარდა.

ჩვენი თეატრი სიმბოლურად დაეხმარა ზუგდიდის თეატრს! თბილისში ვითამაშეთ საქველმოქმედო სპექტაკლი „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“, მთელი თანხა მათ გადავურიცხეთ. ხმამაღალი ნათქვამია მთელი თანხა, მაგრამ რაც იყო. ამასთან, ზუგდიდში ყოველ წელს ჩავდივართ და ორი სპექტაკლს ვთამაშობთ. წელსაც დავგეგმეთ და ალბათ ღია ცის ქვეშ ვითამაშებთ.

რაც შეეხება შენობას — თეატრში სცენის განათების პულტი დამონტაჟებულია ბერიას პერიოდში. ეს არის უნიკალური, სამუზეუმო ექსპონატი. ბერიას რეზოლუციით დაამონტაჟეს. როცა ზუგდიდში ჩვენი თეატრი საგასტროლოდ მიდიოდა, გამნათებლები მეხვეწებოდნენ: წაგვიყვანე და გვაჩვენეო. საშა ეგუტია იყო ერთ დროს ამ თეატრის დირექტორი და მან ახალი აპარატურა შეიძინა, მაგრამ სამოქალაქო ომის წლებში გაძარცვეს. რეალურად, ბოლო 30 წელია ზუგდიდის თეატრი უკან დახევის რეჟიმშია.

© მ. ტურიაშვილიზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრის შენობა
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრის შენობა - Sputnik საქართველო
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრის შენობა

ზუგდიდის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ბადრი წერედიანი: თეატრი არ დაიხურა, ადმინისტრაცია და შემოქმედებითი ჯგუფი არ გაჩერებულა, არც შენობიდან გასულა ვინმე… უბრალოდ, მაყურებლის უსაფრთხოების მიზნით, ამ დარბაზში სპექტაკლებს ვერ გავმართავთ. ზამთარში შევამჩნიეთ, რომ დარბაზში  ბზარები გაჩნდა და მაყურებელი დადგა საშიშროების წინაშე! თეატრის სიყვარული ერთი ადამიანის სიცოცხლის ხელყოფასაც კი ვერ გაამართლებდა. 

სამოქალაქო ომიდან დაწყებული ამ ხალხმა  დიდი გაჭირვება და უბედურება გამოიარა. შენობაში ჯარის ნაწილები იდგა. მსახიობებმა მშობლიური თეატრი არ მიატოვეს და წარმოიდგინეთ მათი ტრაგედია, როცა დადგა დრო — სეზონი ვერ გავხსენით, ვინაიდან მაყურებლისთვის საშიში სიტუაცია შეიქმნა, თორემ მსახიობები დიდი ხანია ასეთ პირობებში იმყოფებიან. ჩვენ ღვაწლმოსილი მსახიობები გვყავს და მშობლიურ სცენაზე თამაში მათთვის მნიშვნელოვანია!

ჩვენ ფესტივალებში მივიღებთ მონაწილეობას… მოგვიწევს სხვადასხვა თეატრის სცენებზე თამაში, ვთქვათ ფოთის თეატრში, რომელიც მზად არის დაგვიდგეს გვერდით, სენაკისა და გორის თეატრში. სამწუხაროდ იმ რაოდენობის სპექტაკლებს ვეღარ ვითამაშებთ… მაგრამ ქუჩაშიც, რომ მოგვიწიოს სპექტაკლების გამართვა, ჩვენ მაინც არ გავჩერდებით, მაინც ვიმუშავებთ!

© მ. ტურიაშვილიზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრის შენობა
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრის შენობა - Sputnik საქართველო
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრის შენობა

ეკონომიკის სამინისტროდან პასუხს ველოდებით, თეატრის რეაბილიტაციის დაწყებასთან დაკავშირებით.  თეატრში ასეთი პოზიციაა: თანამშრომლები ამ შენობიდან გავლენ მაშინ, როცა დადგება ის ბედნიერი წამი და გავიგებთ ოფიციალურ გადაწყვეტილებას ამ შენობის რეაბილიტაციის დაწყების შესახებ. სამწუხაროდ, მაყურებლის უსაფრთხოების მიზნით სპექტაკლებს ვერ ვითამაშებთ.

ჩემი სურვილი, ოცნება, პასუხიმგებლობა და მოვალეობაა არ დავტოვო თეატრი მანამ, სანამ არ დავინახავ, რომ რეაბილიტაცია დაიწყო. ამ თეატრიდან წასვლა, პროფესიის და ამ ხალხის ღალატია. 

- თქვენ თბილისში უჩვენეთ სპექტაკლები, სადაც ზუგდიდელი მსახიობების პროფესიონალიზმი და თავდადება კარგად ჩანდა…

— ზუგდიდის თეატრს ახალგაზრდა თაობაც სჭირდება: სად უნდა ჩამოვიყვანო ახალდამთავრებული ბიჭი ან გოგო? რა ვუთხრა, ამ პირობებში როგორ მოვიწვიო? 

შარშან რეჟისორმა ნიკოლოზ საბაშვილმა ზუგდიდის თეატრში ვაჟა-ფშაველას „შვლის ნუკრის ნაამბობი“ განახორციელა. აი, რა გვიამბო მან: ზუგდიდის თეატრში ძალიან ცუდი მგომარეობაა — ატარებ რეპეტიციებს და თავზე რაღაცეები გეყრება, ყველა მხრიდან  ქარი უბერავს… და რაც მთავრია, აქ მსახიობის და მაყურებლის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ვინაიდან ნებისმიერ დროს შეიძლება რაღაცა ჩამოვარდეს და დაგეცეს. შენ თვალწინ ბზარი ჩნდება, დღეს თუ პატარაა, მეორე დღეს მოხვალ, გაზრდილია.

თავი დავანებოთ დისკომფორტს! ამ თეატრის შენობაში რეპეტიციის ჩატარება და სპექტაკლის თამაში სახიფათოა!.. დეკემბერში თეატრმა მუშაობა შეაჩერა, სიმართლე გითხრათ, გამიხარდა, იმიტომ რომ ადამიანის სიცოცხლის ფასად არაფერი ღირს. მაგრამ თეატრი არ უნდა გაჩერდეს, მან აუცილებლად უნდა გააგრძელოს ცხოვრება და მჯერა, რომ შესაბამის ყურადღებას მიაქცევენ, მსახიობების დიდი ხნის ოცნება ახდება და დასი განახლებულ შენობაში მალე შევა. დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობა რეალურად დაუდგება მხარში. მთავრობამ უნდა იზრუნოს მათზე, თორემ ჩვენ ვინც არ უნდა დავუდგეთ გვერდით, ვერაფრით დავეხმარებით. ეს ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობაა — მოსახლეობა თეატრის გარეშე არ უნდა დარჩეს!

აღნიშნავენ თუ არა იუბილეს ზუგდიდელები საკუთარ თეატრში? ეს კითხვა ჯერჯერობით კვლავ უპასუხოდ რჩება….

P.S. სტატია უკვე დასრულებული გვქონდა, როცა ზუგდიდის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისაგან შემდეგი ინფორმაცია მოვისმინეთ: „მიმდინარეობს აქტიური კონსულტაცია საქართველოს კულტურის სამინისტროს, ზუგდიდის თვითმართველობასა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს შორის. დღეს გადაწყდა, რომ ზუგდიდის თეატრის შენობის ექსპერტიზის ხარჯებს დააფინანსებს საქართველოს კულტურის სამინისტრო."

ვიმედოვნებთ, რომ კონსტრუქციული ნაბიჯები არ შენელდება. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0