"ჯუჯების ცეკვა", შავებში ჩაცმული რაინდები და ტაძრიდან ზღვაში ჩამავალი მზე

© ა. ბალანჩივაძის გვერდი.მხატვარი ანტონ ბალანჩივაძე, არქივის ფოტო.
მხატვარი ანტონ ბალანჩივაძე, არქივის ფოტო. - Sputnik საქართველო
გამოწერა
როცა შემოქმედებითი დინასტიის შთამომავალი ხარ, რომელთა შორის მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები, კომპოზიტორები, მხატვრები და ქორეოგრაფები არიან, ალბათ ცხოვრება სხვა არჩევანს "არ გიტოვებს“ და შენც მათ კვალს მიყვები. Sputnik-ის ამ სტატიის გმირი, საკუთარი ხელწერის მქონე ნიჭიერი მხატვარი, ბალანჩივაძეების გვარის წარმომადგენელია.

7 წლის იყო ანტონ ბალანჩივაძე, როდესაც მას საგვარეულო სახლის კედლების მოხატვა ანდეს. სამყაროს წინაპრების მუსიკის ფონზე "უსმენდა“, აკვირდებოდა და ისე ხატავდა. მისი ნამუშევრები სხვადასხვა ქვეყნის გალერეებში გამოიფინა, 2010 წელს ისინი ლუვრში იხილეს.

© ა. ბალანჩივაძის გვერდიმხატვარი ანტონ ბალანჩივაძე.
მხატვარი ანტონ ბალანჩივაძე. - Sputnik საქართველო
მხატვარი ანტონ ბალანჩივაძე.

-ბატონო ანტონ, მაინტერესებს, არსებობს თუ არა ფაქტი თქვენი ცნობილი გვარის პიროვნებების შესახებ, რაც ფართო საზოგადოებამ შესაძლოა, არ იცოდეს? 

— მოგახსენებთ ფაქტებს, რომლებიც შეიძლება ბევრმა მართლა არ იცოდეს: მელიტონის ძმის, ვასო ბალანჩივაძის მთავარი პროფესია მხატვრობა იყო. ის რეპინის მოსწავლე გახლდათ, ვლადიმერ მაიაკოვსკისა და დავით კაკაბაძის მასწავლებელი, თუმცა შემდეგ მსახიობიც კი გახდა. თამაშობს ფილმში,,დაკარგული სამოთხე". ჩემი ბიძა, ამირანი, ფიზიკოსი იყო, თუმცა ხელოვნების სხვადასხვა სფეროსთან ისიც დაკავშირებული იყო. 

-უფრო ვისი ან რისი გავლენაა თქვენს ნახატებში: ბაბუის მუსიკის, შაგალის, საკუთარი შეგრძნებების თუ ყველაფრის ერთად?

— ჩამონათვალისგან, შესაძლოა, შაგალის გავლენა უფრო იყოს, თუმცა მაინც იმედი მაქვს, რომ აქ საქმე ტრადიციული გაგებით გავლენაში არ უნდა იყოს. გავლენების გაცნობიერება და არა პლაგიატი, მათ მიმართ სიწყნარე გვეხმარება იმაში, რომ ახალი ძველზე დაყრდნობით და არა მისი უარყოფით ან მისგან უბრალო გაქცევით განვავითაროთ. საერთოდ გავლენებთან ბრძოლა ალბათ ძნელია იქამდე, სანამ ადამიანს საკუთარი კითხვები არ გაუჩნდება. ირაკლი ფარჯიანის შემოქმედებაში მაგალითად სხვადასხვა ეპოქის მხატვრების, მათი შემოქმედების მიმართ მხატვრული ინტერესის უამრავი შრე ჩანს. თუმცა ეს გაცნობიერებული მიდგომაა და გადმოღების, გამეორების, მითვისების ცდუნებასთან არაფერი აქვს საერთო. სწორედ ასეთ ძიებებში, ხელოვნებაში მიღწეული სიმაღლეების გათვალისწინებით, ინდივიდუალური მანერის, ტრადიციის ახლებურად გააზრებაში იბადება თანამედროვე პოზიცია და სიახლე, რომელიც გაჩენისთანავე ხდება უკვდავი. 

© ა. ბალანჩივაძის გვერდიმხატვარი ანტონ ბალანჩივაძე.
მხატვარი ანტონ ბალანჩივაძე. - Sputnik საქართველო
მხატვარი ანტონ ბალანჩივაძე.
 

-როგორია ბავშვობიდან გამოყოლილი, ყველაზე კარგად დამახსოვრებული ვიზუალური ფრაგმენტი?

— აქ შეიძლება გავიხსენო ნაწარმოები  "ჯუჯების ცეკვა", რომელსაც მამაჩემი სპეციალურად ჩემთვის უკრავდა. "ვიზუალურ ფრაგმენტს" რაც შეეხება, გავიხსენებ ერთს, რომელიც ჩემს მეხსიერებაში ღრმად ჩაიბეჭდა: მაშინ საკმაოდ პატარა ვიყავი, შუაღამე იყო, როდესაც მამაჩემმა, ჯარჯიმ გამაღვიძა და მითხრა: ჩქარა ჩაიცვი, რამაც გამაკვირვა. მერე ანდრიას ბინაში გამიყვანა, რომელიც ჩვენს სართულზე იყო. ოთახში, სადაც შევედით მხოლოდ ცენტრი იყო განათებული და იქ შავებში ჩაცმული სამი ფიგურა დავინახე. საოცარი სურათი იყო, თითქოს ნაბდები ეცვათ. ორი მათგანი ფეხზე იდგა, მათ შორის ერთი კი გაუნძრევლად, დიდებულად იჯდა. მითოლოგიურ პერსონაჟებს ჰგავდნენ და სამივეს ძალიან სერიოზული სახე ჰქონდა. ისინი ცოტა ხანი ასე უსიტყვოდ მიყურებდნენ, შემდეგ იმ სამიდან შუაში მყოფმა თავისკენ მიხმო, შუბლზე მაკოცა და "კარგი ბიჭიაო" —თქვა… მახსოვს, ოთახიდან აღელვებული გამოვედი, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ძველი რაინდები ვნახე. შემდეგ გავიგე, რომ ის ადამიანი, ვინც შემაქო მერაბ კოსტავა ყოფილა. მგონი, ზუსტად ის დღე იყო, როდესაც საქართველოში დაბრუნდა. მისი განსაკუთრებული ბუნება ჯდომის მარენაშიც, გამოხედვასა და ხმაშიც ნათლად ჩანდა. 

-ბატონო ანტონ, თქვენს შემოქმედებაში პირველყოფილი სისუფთავე და სილამაზეა. საინტერესოა, ადამიანში პირველ რიგში რა მიიქცევს თქვენს ყურადღებას?

— დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის, თუმცა დარწმუნებული ვარ, პირველყოფილი სისუფთავე და სილამაზე უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა. შემოქმედებითი კუთხით ყველა ადამიანი საინტერესოა, მთავარია, რა პოზიციიდან აღვიქვამთ მას, რა როლი აქვს ჩვენს წარმოსახვაში, ინტუიციით როგორ აღვიქვამთ რა ტიპის ადამიანთან გვაქვს საქმე, რომელ ისტორიულ გმირს შეიძლება ის შევადაროთ და ა.შ. 

© ა. ბალანჩივაძის გვერდი მხატვარი ჯარჯი ბალანჩივაძე
 მხატვარი ჯარჯი ბალანჩივაძე - Sputnik საქართველო
მხატვარი ჯარჯი ბალანჩივაძე

- გურია და გურულები — ეს თემა ახლობელი და მშობლიურია თქვენთვის, ადრე იქ თქვენი ბიძის ნახატების გამოფენა გაიმართა. ახლახან კი ოზურგეთში საკუთარი 20 ფერწერული ტილო თავად წარმოადგინეთ.

— ბავშვობის მოგონებები განსაკუთრებულად ძვირფასია ადამიანისთვის. ჩემი ბებია, პანა სუფსიდან იყო, გურია მამაჩემსაც განსაკუთრებით უყვარდა. ოზურგეთში მისი და ჩვენი ოჯახის მეგობრები ცხოვრობენ. სულ გვეცინებოდა, როცა ხშირად იმეორებდა: იმერეთში იმერელი ვარ, გურიაში-გურულიო და სინამდვილეში ასეც იყო. მართალი ბრძანეთ, დაახლოებით 15 წლის წინ ოზურგეთში, ჩემი ბიძის, ამირან ბალანჩივაძის გამოფენა იყო. ამის შესახებ ოზურგეთის ხელოვნების ცენტრის დირექტორმა, ბატონმა ავთო თავართქილაძემაც მითხრა. ცოტა ხნის წინ ოზურგეთში ხელოვნების ცენტრში ჩემი 20-მდე ფერწერული ტილო გამოიფინა. თბილი მიღებისთვის კიდევ ერთხელ მინდა ყველას მადლობა გადავუხადო. 

- რომელი ტილო უსახსოვრეთ გურულებს?

— ტილოს ასე ჰქვია: "გურია. ჯუმათი", ეს სახელწოდება იმიტომ დავარქვი, რომ ამ განსაკუთრებულ ადგილას არც ისე დიდი ხნის წინ ვიყავი. მაშინ პირველად ვნახე ასე შორიდან, მთის წვერიდან და ფაქტობრივად ტაძრიდან ზღვაში ჩამავალი მზე…. სწორედ ამიტომ არსებობდა ამ ადგილას განსაკუთრებული ტრადიციები და შესაბამისად ხალხიც განსაკუთრებული მოღვაწეობდა, ისევე როგორც საქართველოს ბევრ სხვა მნიშვნელოვან სულიერ კერაში… 

- ბატონო ანტონ, ყველაფერზე ისე  სიღრმისეულად, ემოციურად საუბრობთ, მაინტერესებს სიზმარში თუ გწვევიათ შთაგონება?

— დიახ, ალბათ არაერთხელ… თუმცა გაუაზრებლად რაიმეს უბრალო ილუსტრირება ალბათ საინტერესო არც იქნება. ზოგჯერ უფრო მნიშვნელოვანია რომელიმე დასამახსოვრებელი სიზმრის ხატ-სახეებზე მეტ-ნაკლები ფიქრი, რათა უფრო კარგად გამოჩნდეს ესა თუ ის სურათი რა ხასიათის მატარებელია. ხატვის პროცესში რაზეც გვიფიქრია, ის თვითონ გვთავაზობს საინტერესო ფორმებს, რომ გამოიხატოს. ჩვენც ამ პროცესს ვგულშემატკივრობთ და ხშირად საოცარი, თანამიმდევრული კანონზომიერების მომსწრე ვხდებით. 

- ხელოვნების ბევრი განსაზღვრაა ცნობილი, როგორია თქვენეული?  

— ხელოვნება თავისუფალი შემოქმედებითი ძიების თამამი და მშვენიერი ფორმაა, რომლის  მეშვეობით ღვთაებრივი ჩანაფიქრები თავიანთ არსებობას მარადიული სულის მაცოცხლებელი ძალების სიახლოვით გვამცნობენ… 

- დიდი მადლობა საუბრისთვის და შემოქმედებითად დატვირთულ ცხოვრებას გისურვებთ.


ყველა ახალი ამბავი
0