თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. საქართველოსა და ირანს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმება ფერეიდნელ ქართველებს ისტორიულ სამშობლოსთან მიმოსვლას გაუადვილებს,-განუცხადა „News-Georgias“-ს საქართველოში მცხოვრებმა ფერეიდნელმა ქართველმა არსენ ონიკაშვილმა.
„ფერეიდნელი ქართველებისთვის მისაღებია ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმება, რადგან რაც უფრო გაადვილდება ჩამოსვლა ისტორიულ სამშობლოში მით უკეთესი იქმნება ეს ჩვენთვის და ჩვენი გადმოსახედიდან ეს კარგი ნაბიჯია“-განაცხადა არსენ ონიკაშვილმა.
განათლების სამინისტროს მონაცემებით საქართველოში ამჟამად 83 ირანელი სტუდენტი ტექნიკურ უნივერსიტეტში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში, სამედიცინო უნივერსიტეტში, საქართველოს უნივერსიტეტში, შავი ზღვის უნივერსიტეტებში, თსუ-ში, ქართულ ამერიკული უნივერსიტეტში, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში, ჰიპოკრატეს სამედიცინო უნივერსიტეტში, ილიას უნივერსიტეტში და სასწავლო უნივერსიტეტ „გელმედში“ სწავლობს.
„სავიზო რეჟიმის გაუქმება განსაკუთრებით კარგი იქნება ეს იმ ფერეიდნელებისთვის, ვისაც საქართველოში უნდა განათლების მიღება, ვისაც ახალი ქართული ენის სწავლა უნდა. ფერეიდანში ჩვენ ძველ ქართულად ვსაუბრობთ“-აღნიშნა არსენ ონიკაშვილმა.
უვიზო რეჟიმი საქართველოსა და ირანს შორის, რომელიც ქართულმა მხარემ 2013 წლის 1 ივლისს დროებით შეაჩერა, 15 თებერვალს სრულად აღდგება. ამის შესახებ ცნობილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიას ირანის ელჩ აბას თალები-ფართან (Abbas Talebi-far) შეხვედრის შემდეგ გახდა.