„ლაბუტენებზე, ვახ“: ჯგუფ „ლენინგრადის“ სიმღერის ქართული ვერსია

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиგოგონა ჯგუფ "თუმანის" კლიპს უყურებს
გოგონა ჯგუფ თუმანის კლიპს უყურებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველებმა „ლაბუტენებზე“ კლიპის საკუთარი ვერსია გადაიღეს - მრავალხმიანობით, ლამაზი პეიზაჟებითა და ნადიმით ბუნებაში.

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. ჯგუფ „ლენინგრადის“ ვიდეოკლიპი „ექსპონატი“, რომელმაც რუსული ინტერნეტი „ააფეთქა“, იტალიურ ვერსიასთან ერთად ქართული რიმეიკითაც „ლუბუტენებზე, ვახ!“ შეივსო.

„ექსპონატის“ ორიგინალური კლიპი ქსელში 2016 წლის 13 იანვარს გამოჩნდა. სიუჟეტის მიხედვით, მთავარი გმირი, მსახიობი იულია ტოპოლნიცკაია ინტერნეტში თავისი ოცნების მამაკაცს გაიცნობს, რომელიც მას ჰოლანდიელი მხატვრის ვან გოგის გამოფენაზე ეპატიჟება. ამის შემდეგ კლიპის მაყურებელი თვალს ადევნებს გოგონას ტანჯვას, რომელიც პაემანზე წასასვლელად ემზადება. ესაა ტანსაცმლის მრავალსაათიანი შერჩევა და რაც მთავარია, „ლაბუტენის ტიპის“ იდეალური ფეხსაცმლის შერჩევა. სწორედ ეს ფეხსაცმელი იხუმრებს მწარედ მთავარ გმირზე კლიპის ბოლოს.

ვიდეო „ლაბუტენებზე, ვახ!“ ქართული მრავალხმიანობის სტილში, რომელსაც ჯგუფი „თუმანი“ ასრულებს, „ლენინგრადის“ ოფიციალურ არხზე Youtube-ში 6 თებერვალს გამოქვეყნდა.

სამ დღეში ქართული რიმეიკი 300 ათასზე მეტმა ინტერნეტ-მომხმარებელმა ნახა. ქართულ 54-წამიან ვერსიაში მთაზე ორი ქართველი ბუნებით, ღვინითა და სუფრით ტკბება. უკანა პლანზეა „ლაბუტენის“ ფეხსაცმლიანი გოგონა, რომელიც ეროვნულ ქართულ ხალიჩაშია გახვეული.

„თავდაპირველად ეს სერგეი შნუროვის (ჯგუფ „ლენინგრადის“ ლიდერი) იდეა იყო. სწორედ მან გვთხოვა ასეთი სიმღერის შექმნა. ჩვენ კი „შნურმა“ გვიპოვა საერთო მეგობრის საშუალებით“, — აღნიშნა Sputnik-თან საუბრისას ქართული რიმეიკის რეჟისორმა ოთარ ბიჭიაშვილმა.

ქართული ვერსიის გადაღება კუს ტბის ტერიტორიაზე, ეთნოგრაფიულ მუზეუმთან ახლოს მიმდინარეობდა.

მისამღერში ისმის ფრაზა: "Ходили я и Гога на выставку Ван Гога. Там было телок много…"  („წავედით მე და გოგი გამოფენაზე ვან გოგის, იქ იყო ბევრი გოგო…“).


ვიდეოს კომენტარებში ბევრმა გამოთქვა ვარაუდი, რომ, ცნობილი კავკასიური ტრადიციის მიხედვით, ლამაზმანი გამოფენიდან მოიტაცეს და კავკასიის მთებში წაიყვანეს.

„კლიპის ამ იდეას ბევრი ინტერპრეტაცია აქვს. თუმცა უმრავლესობა რატომღაც ფიქრობს, რომ გოგონა ვან გოგის გამოფენაზე წავიდა, საიდანაც, როგორც ჩანს, ქართველებმა მოიტაცეს და საქართველოში წაიყვანეს. ვინ როგორ გაიგებს!“ — აღნიშნა ბიჭიაშვილმა.
კლიპის ორიგინალური ვერსიის რეჟისორია ანა პარმასი. კლიპის გამოქვეყნებიდან პირველ დღე-ღამეში მას 90 ათასზე მეტი მნახველი ჰყავდა. ამ დროისთვის ნახვის რაოდენობამ 36 მილიონს გადააჭარბა.

როგორც ორიგინალური კლიპი, ისე მისი რიმეიკი უცენზურო ლექსიკას შეიცავს. თუმცა, როგორც ინტერნეტ-მომხმარებელი აღნიშნავს, ეს კლიპში საკმაოდ ორგანულად და ბუნებრივად გამოიყურება.

ვიდეოს გამოსვლის შემდეგ მთელს მსოფლიოში კლიპზე რიმეიკებისა და პაროდიების შექმნა დაიწყეს. დიზაინის მოსკოვის ცენტრ Artplay-ში გამოფენის „ვან გოგი. გაცოცხლებული ტილოები 2.0“ ორგანიზატორებმა გოგონებს გამოფენის ბოლო ორ დღეს — 13 და 14 თებერვალს ათ სანტიმეტრზე მეტი სიმაღლის ქუსლებზე (აუცილებლად „ლაბუტენებზე“) ექსპოზიციის უფასოდ დათვალიერებაც კი შესთავაზეს.

ამავე დღეებში ახალგაზრდებს, ვისაც სერგეი ჰქვია (სიმღერის ტექსტში — „წამიყვანა სერიოგამ ვან გოგის გამოფენაზე“) და მათ თანმხლებ გოგონებს 50%-იან ფასდაკლებას შესთავაზებენ.

„ლაბუტენებს“ ხალხი ფრანგი დიზაინერ-მოდელიერ კრისტიან ლუბუტენის ფეხსაცმელს უწოდებს. ამ ფეხსაცმლის განმასხვავებელი ნიშანი მისი წითელი ძირია. ერთი წყვილი „ლაბუტენების“ ფასი 400-დან 2500 აშშ დოლარამდე მერყეობს.

ყველა ახალი ამბავი
0