ცხენის ზურგზე გაწოლილი პატარა ბიჭის რწმენა

© ს. კაკაჩია"ხარებას" მეგობარი - 15 წლის საბა.
ხარებას მეგობარი - 15 წლის საბა. - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამბავს ღვთიმსახურზე, რომელმაც სამონასტრო ცხოვრებასთან ერთად, 20-მდე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვს, სიცოცხლის ხალისი დაუბრუნა, Sputnik-ის ჟურნალისტი სოფო კაკაჩია გიამბობთ.

სოფო კაკაჩია

15 წლის საბა სამი ტყუპისცალი ძმიდან ერთ-ერთია, უყვარს ფეხბურთი და საფეხბურთო კლუბ “ბარსელონას“ და მესის გულშემატკივრობს. ორ თვეზე მეტია საცხენოსნო კლუბში დადის. თავიდან  ეშინოდა, ახლა კი როცა ცხენის ზურგზე წვება, ცას ქვემოდან აჰყურებს და ამ დროს ყველაზე ყველაზე მეტად სჯერა, რომ ერთ მშვენიერ დღეს თავის ძმებთან ერთად ფეხბურთს ისიც ითამაშებს. მანამდე კი, ოთხფეხა მეგობრის დახმარებით მძიმე დიაგნოზი უნდა დაამარცხოს… 

© ს. კაკაჩიასაცხენოსნო კლუბ "ხარებას" პატარა პაციენტი - საბა.
საცხენოსნო კლუბ ხარებას პატარა პაციენტი - საბა. - Sputnik საქართველო
საცხენოსნო კლუბ "ხარებას" პატარა პაციენტი - საბა.

საცხენოსნო კლუბი „ხარება“ ორი წელია, რაც მამა იაკობ ეხვაიას ინიციატივით დაარსდა. როგორც მამა იაკობი ბრძანებს, სიხარულთან სწორედ სიტყვა“ ხარება“ ასოცირდება და ამ საქმის მიზანიც ადამიანების გახარებაა. მამა იაკობმა საცხენოსნო კლუბი ზუგდიდში, ჭითაწყარის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის „ხარების“ ტაძრის ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე, საკუთარი სახსრებით მოაწყო. საცხენოსნო კლუბ “ხარებას“ მიზანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა მკურნალობა-რეაბილიტაციაა. კლუბი გახსნის პირველივე თვეებიდან ისეთი დაავადებების განკურნვაზეა ორიენტირებული, როგორიცაა:ბავშვთა ცერებრული დამბლა, ყურადღების დეფიციტი, სქოლიოზის საწყისი სტადიები, სენსორული დარღვევები, გაფანტული სკლეროზი, ნევროზი, გულის იშემიური დაავადება და სხვა. აქ ბევრი საბოლოო განკურნების იმედით ამოდის. იმისთვის ეს ვიზიტები უფრო ხშირი რომ იყოს, კლუბი ინფრასტრუქტურის გამართვას და კეთილმოწყობას საჭიროებს. რაც ყველაზე მთავარია, დაარსებიდან დღემდე აქ მკურნალობა უფასოა…

© ს. კაკაჩიამამა იაკობი, საცხენოსნო კლუბი "ხარება"
მამა იაკობი, საცხენოსნო კლუბი ხარება - Sputnik საქართველო
მამა იაკობი, საცხენოსნო კლუბი "ხარება"

მამა იაკობ ეხვაია:„ღვთის ქმნილებათა შორის ყველაფერს თავისი ფუნქცია გააჩნია. ცხენი პირადად ჩემთვის ღირსების, თავისუფლების და ერთგულების სიმბოლოა. როდესაც სასულიერო ცხოვრება დავიწყე, რუმინეთის საზღვართან მდებარე ამაღლების ტაძარზე დოკუმენტური ფილმი ვნახე. ეს გახლავთ დიდი სამონასტრო კომპლექსი, რომელიც არა მარტო სამონასტრო ცხოვრებას, არამედ საქველმოქმედო ცხოვრებასაც ეწევა, რაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მზრუნველობაში გამოიხატება. სწორედ მაშინ გამიჩნდა იდეა, მსგავსი ცენტრი გამეხსნა. ეს საშუალებას მომცემდა, სიკეთე მეკეთებინა. ჩვენთან მკურნალობა ექიმბაშობის დონეზე არ არის და იგი მეცნიერული კვლევებითაა დამტკიცებული. ამ ეტაპზე 20 — მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი გვყავს, რომლებიც აქ ექიმის რეკომენდაციით მოდიან და ინსტრუქტორის დაკვირვების ქვეშ ვარჯიშობენ.

გარდა ამისა, მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენთან ჯანმრთელი ბავშვებიც ვარჯიშობენ და ჩვენი პირველი გასვლა ასპარეზზე, გასული წელს, სენაკში გამართულ მარულა-დოღზე შედგა. იქ პირველი ადგილი ავიღეთ და ეს ჩვენი პირველი გამარჯვება იყო“.

აქვე გეტყვით, რომ ეკლესიის უკანა ეზოში მოწყობილი ცხენების სადგომი მამა იაკობ ეხვაიამ ასევე საკუთარი სახსრებით მოაწყო. ამისთვის მან თბილისში ბინა და სოფელში მიწის ნაკვეთი გაყიდა. ამ ეტაპზე კლუბს ჰყავს 8 სუფთა ჯიშის ინგლისური ცხენი: აქიდან 3 ნაჩუქარია, დანარჩენი ხუთი კი კლუბმა მარნეულთან ახლოს მდებარე „ყულარის“ ცხენსაშენში  შეიძინა. რაც შეეხება საქართველოში ცხენოსნობით მკურნალობას — იპოთერაპია, იგივე რაიდთერაპია მეოცე საუკუნის 60-იან წლებში ცხენ-მხედრის კვლევის ასწლეულების განმავლობაში დაგროვილი მეცნიერული ცოდნის საფუძველზე ჩამოყალიბდა.

© ს. კაკაჩიაზაზა სამუშია და პატარა საბა. საცხენოსნო კლუბი "ხარება".
ზაზა სამუშია და პატარა საბა. საცხენოსნო კლუბი ხარება. - Sputnik საქართველო
ზაზა სამუშია და პატარა საბა. საცხენოსნო კლუბი "ხარება".

ისევ საბა სამუშიას დავუბრუნდეთ, რომლის მამა, ბატონი ზაზა შვილის გამოჯანმრთელების იმედს სწორედ ამ კლუბზე ამყარებს. 

ზაზა სამუშია: ,,საბა უკვე 15 წლისაა, მას სრულიად ჯანმრთელი, ორი ტყუპისცალი ძმა ჰყავს. საბას შემთხვევაში დღემდე არ ვიცით, ეს ექიმების შეცდომა იყო თუ რა მოხდა. ერთხელაც გავიგეთ „ხარებას“ შესახებ, სადაც საცხენოსნო მკურნალობის კურსი გავლა უფასოდ ხდება. არც დავფიქრებულვართ ისე მოვედით. საბას თავიდან ცხენების ეშინოდა, თუმცა მერე იმდენად მიეჩვია, რომ აქ მოყვანას და ვარჯიშებს უკვე თავად გვთხოვს.  ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ჩემს შვილს მკურნალობის ძალიან კარგი შედეგი ექნება. ჯერჯერობით კლუბს დახურული მანეჟი არ გააჩნია და ბავშვი აქ მხოლოდ კარგ ამინდში მოგვყავს. მამა იაკობის უდიდესი დამსახურებაა, რომ მე და ჩემისთანა მდგომარეობაში მყოფ უამრავ მშობელს იმედი გაგვიჩნდა“.

შეგახსენებთ, რომ როგორც საცხენოსნო კლუბი „ხარება“ 2015 წლის 6 მაისს ოფიციალურად დარეგისტრირდა. კლუბი თვითდაფინანსებაზეა და იქ მომუშავე პერსონალი დღემდე უხელფასოდ მუშაობს.

რედაქციისაგან: იმედი გვაქვს, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც დახმარების ხელს გაუწვდიან "ხარებას" და ამ პატარა ბიჭის და სხვა გოგონებისა და ბიჭუნების ოცნება რეალობად იქცევა.


ყველა ახალი ამბავი
0