თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. მსოფლიოში საკრედიტო ბარათების მომსახურებაში ერთ–ერთმა უმსხვილესმა კომპანიამ MasterCard Inc.-მა უარყო რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება იმის თაობაზე, რომ მისი საგადასახადო სისტემა ჰაკერებმა გატეხეს, — ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს „კა“ სამმართველოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ვურასკომ განაცხადა, რომ ჰაკერების საერთაშორისო ჯგუფმა, რომელიც 2015 წლის ნოემბერში გააუვნებელყვეს რუსეთის კიბერდანაშაულთან ბრძოლის პოლიციის ქვედანაყოფებმა, რუსეთის ბანკებზე კიბერშეტევის მომზადებისას მსოფლიოს უმსხვილეს საგადასახადო სისტემებში შეღწევა მოახერხეს, მათ შორის, Visa–სა და MasterСard–ში.
„MasterCard–ისთვის გადახდების უსაფრთხოება პირველხარისხოვანი პრიორიტეტია. ჩვენთვის ცნობილია მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თუმცა უნდა შევნიშნოთ, რომ MasterCard–ის სისტემები კომპრომეტირებული არ ყოფილა“, — ნათქვამია განცხადებაში.
ამერიკულმა Visa–მ კი გადახდის სისტემის კომპრომეტირების მცდელობას უსაფუძვლო უწოდა.
შეგახსენებთ: MasterCard Inc. მსოფლიოში გადახდების სისტემის ერთ–ერთი უმსხვილესი ოპერატორია, რომელიც 210–ზე მეტ ქვეყანაში მოქმედებს. მისი მეშვეობით განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობა წელიწადში 22 მლრდ–ს აჭარბებს.