რა საიდუმლოს მალავს თბილისის მეტროს 50 წლიანი ისტორია

© თბილისის მეტროს ვებ-გვერდი.თბილისის მეტროპოლიტენი, სადგური "სამედიცინო".
თბილისის მეტროპოლიტენი, სადგური სამედიცინო. - Sputnik საქართველო
გამოწერა
იცოდით, რომ თბილისში მეტროპოლიტენის მშენებლობა მაშინდელ საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობისაგან ფარულად მიმდინარეობდა?! Sputnik-ის ჟურნალისტი ამ მოვლენების უშუალო მომსწრეს, მაშინდელი საქართველოს ცე-კას პირველი მდივნის, ვასილ მჟავანაძის ქალიშვილს - ქალბატონ ნინო მჟავანაძეს შეხვდა.

ნახევარი საუკუნე გავიდა მას შემდეგ რაც საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული და მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. სწორედ 1966 წლის იანვარში თბილისში, სსრკ-ში რიგით მეოთხე მეტროპოლიტენი გაიხსნა. თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობა სამწუხაროდ ხრუშჩოვის ხელისუფლებაში მოსვლას დაემთხვა, ამიტომაც მშენებლობა თითქმის კონსპირაციულად მიმდინარეობდა.

- ქალბატონო ნინო, იყო თუ არა საშიში იმ დროს, ვასილ მჟავანაძისთვის მოსკოვისგან, ანუ კრემლისგან ფარულად ეროვნული პროექტების წამოწყება? 

— მამა 1924 წლიდან არმიაში იყო. მას ფინეთის ომში აქვს მიღებული მონაწილეობა, ლენინგრადის ბლოკადა გამოიარა. გენერალ-ლეიტენანტის წოდება 1944  წელს მიიღო და ვისი უნდა შეშინებოდა? ამასთან ერთად მას მოსკოვში ბევრი მეგობარი და ქომაგი ჰყავდა. მოგეხსნებათ იმ დროს, საკვანძო თანამდებობეზე მოსკოვში სამამულო ომგამოვლილ სამხედროებს ნიშნავდნენ. ისინი კარგად იცნობდნენ მამას და მისი დიდი პატივისცემაც ჰქონდათ, ამიტომ ბევრ რამეზე თვალსაც ხუჭავდნენ.

- მაგრამ მეტროს მშენებლობას დიდი ფინანსები სჭირდებოდა, რისი ფარულად მოძიებაც თითქმის შეუძლებელი იყო…

— საერთოდ მეტროს მშენებებლობაზე ლაპარაკი ჯერ კიდევ კანდიდ ჩარკვიანის დროს დაიწყო, მან უშუალოდ მიიღო სტალინისგან თბილისში მეტროს მშენებლობის თაობაზე სიტყვირი დაპირება. გვირაბებისა და შახტების გათხრაც ნაწილობრივ მის დროს დაიწყო, მაგრამ მალე სტალინი გარდაიცვალა და მასთან ერთად მეტროს მშენებლობაც დაკონსერვდა. თანაც სსსრკ-ს კანონმდებლობით, მეტრო მხოლოდ მილიონიან ქალაქებში უნდა აშენებულიყო. თბილისში კი იმ დროს მოსახლეობა 500 000 ადამიანს შეადგენდა.

© ეროვნული არქივიმეტროს სადგური "რუსთაველი", არქივის ფოტო
მეტროს სადგური რუსთაველი, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
მეტროს სადგური "რუსთაველი", არქივის ფოტო

- ქალბატონო ნინო, გამოდის, რომ მოსკოვის, ლენინგრადისა და კიევის შემდეგ მეტრო უნდა ყოფილიყო ხარკოვში, რომელიც 1 200 000 მოსახლეს ითვლიდა, მაგრამ  ის თბილისში აშენდა-რატომ და როგორ?

— იმას, რაც თბილისში 50-60-იან წლებში ხდებოდა,მეტროპოლიტენის სრულყოფილ მშენებლობას ვერ დავარქმევთ. არ ვიცი, ამხელა მშენებლობას როგორ შეიძლება უწოდო ჩუმი,მაგრამ ყველაზე მეტად იმ სიტუაციას, რაც მაშინ თბილისში, რუსთაველის გამზირზე ხდებოდა-სწორედ ეს სიტყვა უხდება. კანდიდ ჩარკვიანი რომ ვახსენე, მის დროს იქნა შახტები და გვირაბები გათხრილი. იმპერიის სათავეში ხრუშჩოვის მოსვლის შემდეგ კი ყველაფერი დაკონსერვდა. ხრუშჩოვი კატეგორიული წინააღმდეგი იყო თბილისში მეტროს მშენებლობის, —ამბობდა, რომ ეს  საქართველოსთვის ზედმეტი ფუფუნებაო. მას აკვიატებული ჰქონდა სამი რამ:აქ უნდა ყოფილიყო რაც შეიძლება მეტი საღორე, ფერმა და სიმინდის ყანები. კიდევ ე.წ. „ბომბოუბეჟიშჩები“. სხვათა შორის სწორედ ამ უკანასკნელმა ფაქტორმა იხსნა მეტროს მშენებლობა, თორემ ხრუშჩოვს შახტებისა და გადასარბენი გვირაბების ამოვსება უკვე დაწყებული ჰქონდა. მამამ იგი დაარწმუნა, რომ არსებული გვირაბების გადაკეთება უფრო ადვილი იქნებოდა და იაფი დაჯდებოდა, ვიდრე მათი ამოვსება და სხვაგან ახლის დაწყება. ასე რომ, რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე ახლა უკვე გვირაბების მშენებლობისთვის დაფინანსება გაგრძელდა. ცხადია, მათ შორის აქაც, მეტროს მშენებლობა თბილისში პრაქტიკულად პარტიზანულად გრძელდებოდა. ბევრმა ქალაქში არ იცოდა რა ხდებოდა რუსთაველზე. მეტროს შესასვლელი და გვერდზე მდებარე სკვერი მთლიანად დახურული იყო და მხოლოდ ის ჩანდა, თუ როგორ შედიოდნენ იქ სატვირთო მანქანები და ქვიშა და ქვები გამოჰქონდათ.

- ქალბატონო ნინო, ალბათ ასეთ პირობებში მუშაობა სარისკო იყო?

— მეტროს მშენებლობა მართლაც სარისკო იყო. იმ დროს ცეკას მეორე მდივანი ყოველთვის რუსეთიდან დასმული კადრი იყო, რომლის მთავარი ფუნქცია ადგილობრივ მთავრობაზე კრემლში “დანოსების” გაგზავნა იყო. ერთხელაც მართლა დაურეკა ხრუშჩოვმა მამაჩემს და უთხრა: მოსკოვში ხმების დადის, რომ თბილისში მეტროს აშენებენო. არა, რას ამბობთ, ბატონო ნიკიტა, გვირაბების ანუ თავშესაფრების მშენებლობა მიდის და მეტი არაფერიო — ასე უპასუხა მამამ. მუშებმა მართლაც წარმოუდგენელი რამ გააკეთეს და მსოფლიოში ყველაზე ღრმა მეტროსადგური ააშენეს. მეტრო,,რუსთაველი“ ხომ 100 — მეტრზე მეტი სიღრმითაა მიწისქვეშ განლაგებული. მამამ მშენებლები იმ საგმირო საქმისთვის ორდენებით დააჯილდოვა.

- ქალბატონო ნინო, 1964 წელს ხრუშჩოვი იძულებით გადააყენეს, ცნობილია, რომ ვასილ მჟავანაძეს ამაში დიდი წვლილი მიუძღვის.

— კი,მამაჩემი იმ ვიწრო წრეში შედიოდა, რომელიც ნიკიტა ხრუშჩოვის გადაგდებას ხელმძღვანელობდა, მაშინდელ საქართველოს უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელ ალექსი ინაურთან ერთად.

- ქალბატონო ნინო, 1964 წელს ხელისუფლებაში ბრეჟნევი მოდის და 1966 წლიდან 72 წლის ჩათვლით თბილისში 11 მეტროსადგური იხსნება, ეს დაუჯერებელია…

— ბრეჟნევის მოსვლის შემდეგ საქართველოს უფრო მშვიდად შეეძლო მშენებლობის გაგრძელება და რაც მთავარია, ამის დამალვა საჭირო აღარ იყო. ძირითადი სამუშაოები მალულად უკვე ჩატარებული იყო. საოცრებაა, გამოდის, რომ 1964 წლიდან ქართველებს ყაზახეთში გადასახლებაზე აღარ უნდა გვენერვიულა და ულამაზესი თბილისის მეტროთი შეგვეძლო გვეამაყა.

- დიდი მადლობა, საინტერესო საუბრისთვის…


ყველა ახალი ამბავი
0