თბილისის მერიამ პროექტ “ახალი ტფილისის“ პრეზენტაცია გამართა, რომელიც დავით აღმაშენებლის გამზირის რეკონსტრუქციას ითვალისიწნებს. შეგიძლიათ იხილოთ თუ როგორი იქნება აღმაშენებლის გამზირის რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ.
თბილისის მერია მასშტაბურ პროექტს — „ახალი ტფილისი“ იწყებს. პროექტის თანახმად, აღმაშენებლის გამზირზე რეკრეაციული ზონები, ახალი ტურისტული მარშრუტები გაჩნდება. ფოსტის შენობიდან ზარბრუკენის მოედნამდე მონაკვეთი საფეხმავლო ზონა იქნება.
პროექტის პრეზენტაციას, რომელიც დღეს გაიმართა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია, მთავრობის წევრები და საზოგადო მოღვაწეები ესწრებოდნენ.
რაიონში, სადაც აღმაშენებლის გამზირი მდებარეობს, 1817 წელს გერმანელი კოლონისტები დასახლდნენ, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ამ ადგილის განვითარებაში, მათ შორის, ბაღების გაშენებაში. პროექტის პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ ამ ისტორიულ რაიონში ნაწილობრივ აღდგება „გერმანული ბაღები“, რომლებიც XIX საუკუნეში 100 ჰექტარზე იყო გადაჭიმული.