თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა „რეიმსს“ „ანჟეზე“ გამარჯვებასა (2:1) და ლიგაში დარჩენაში დაეხმარა.
ქართველმა ნახევარმცველმა მინდორზე მთელი მატჩი გაატარა, აქტიურად მონაწილეობდა თავდაცვით მოქმედებებში, მტკიცედ იცავდა მოედნის ცენტრს და მატჩი ყვითელი ბარათის გარეშე ჩაატარა. კანკავასა და მთელი გუნდის დამსახურებით „რეიმსმა“ ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერს სძლია, 25 ქულა დააგროვა და მე-17 ადგილზე გადაინაცვლა. შემდეგ გასვლით მატჩს „რეიმსი“ „კანას“ წინააღმდეგ 6 თებერვალს გამართავს.
ლევან მჭედლიძე, რომელიც ტრავმის შემდეგ სრულად გამოჯანმრთელდა, კვლავ „ემპოლის“ რიგებში ჩადგა. XXIII ტურის მატჩში „უდინეზეს“ წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მოედანზე მე-80 წუთზე გავიდა, როდესაც მისი გუნდი 0:1 აგებდა. „ემპოლის“ წინა ხაზის გაძლიერებით მან მეტოქე შეავიწროვა და ანგარიში გაათანაბრა. მჭედლიძის გუნდმა ამ ტურის შემდეგ მერვე ადგილზე გადაინაცვლა და ევროთასის ზონას მხოლოდ შვიდი ქულით ჩამორჩება.
პორტუგალიურმა „ჟილ ვისენტემ“, სადაც ავთო ებრალიძე თამაშობს, შინ, ქვეყნის თასის ნახევარფინალში „პორტუსთან“ 0:3 წააგო. ქართველი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდა და მოედანი 63-ე წუთზე დატოვა. ამ დროისთვის „ჟილ ვისენტე“ უკვე 2:0 აგებდა.
ლადო დვალიშვილმა სლოვაკური „ტრენჩინის“ წინააღმდეგ თავი შჩეცინური „პოგონისთვის“გატანილი გოლით გამოიჩინა. თავდამსხმელმა შეხვედრაში ანგარიში გახსნა, ხოლო პოლონურმა კლუბმა საბოლოოდ ანგარიშით 3:2 მოიგო. პოლონეთის ჩემპიონატი 12 თებერვალს განახლდება.