— ქალბატონო ნანა, ეჭვი არ მეპარება, რომ თქვენს შემთხვევაშიც კი ყველაფერი ეგზიუპერისეულად — ბავშვობიდან დაიწყო..
— ბავშვობაში, ისე როგორც ყველა გოგონას, მეც მიყვარდა თოჯინები, მაგრამ არა როგორც სათამაშო ობიექტი. ახალ თოჯინას სამოსს აუცილებლად ვხდიდი და ტანსაცმელს თვითონ ვუკერავდი. შემდეგ ქსოვა ვისწავლე და ჩემმა თოჯინებმა ნაქსოვი სამოსი შეიძინეს. ბავშვობაში მეგონა, თუკი თოჯინას კარგად მოვუვლიდი, ის, ადრე თუ გვიან, გაცოცხლდებოდა. ახლა, როდესაც მეთოჯინე გავხდი, ჩემთვის ისინი მართლაც "გაცოცხლდნენ“ დაცხოვრებაში ახალი ძალით შემოიჭრნენ — ჩემი გონება და თავისუფალი დრო დაიკავეს. უკვე 24 წელია, რაც თოჯინებს ვაკეთებ.
— თქვენი თოჯინები დროთა განმავლობაში სახეს იცვლიდნენ და იხვეწებოდნენ..
— თავიდან მათ სხვა სახე ჰქონდა, ეს იყო მთლიანად ტექსტილის თოჯინები რბილი თავითა და ტანით. როდესაც ადამიანი დიდი ხანი ერთი და იგივეს აკეთებს, ბეზრდება. ამიტომ მათი სახეების გამოძერწვა თვითგამყარებადი თიხისაგან დავიწყე, მაგრამ ეს საკმაოდ უხეში და ძნელად დასამუშავებელი მასალაა. დაახლოებით, სამი წლის წინ ინტერნეტში შემთხვევით აღმოვაჩინე სპეციალური მასალა, რომელიც მერე თბილისშიც მოვიპოვე და მისგან თოჯინების ძერწვა დავიწყე. ეს საქმე ძალიან საინტერესო აღმოჩნდა და ისე გამიტაცა, ერთი სული მქონდა სახლში მოვსულიყავი და მუშაობა გამეგრძელებინა. ამ ტექნიკით ნამუშევარი პირველივე თოჯინა საკმაოდ სოლიდურ ფასად გაიყიდა, რაც ჩემთვის მოულოდნელი იყო. საერთოდ ჩემი თოჯინების ფასი 800 დოლარიდან იწყება.
— როგორც ვიცი, თავიდან რელიგიურ თემატიკაზე ქარგავდით, შემდეგ სამკაულებზე გადახვედით, რომლებიც გერმანელებმა შეიძინეს.
— სამკაულებს ახლაც ვაკეთებ. ეს ექსკლუზიური ნაქარგი სამკაულია ბუნებრივი ქვებით, რომლებიც უცხოეთში ძალიან მოსწონთ და კარგადაც ყიდულობენ. მათგან მხოლოდ ერთს ვერ შეველიე და ჩემთვის დავიტოვე. სულ ახლახან მონაწილეობა მივიღე ბაქოსა და პრაღის საერთაშორისო გამოფენებზე, სადაც თოჯინებთან ერთად სამკაულიც მქონდა წაღებული, მათ დიდი მოწონება დაიმსახურეს.
— ქალბატონო ნანა, თოჯინების ბედი მათი გაყიდვის მერეც თუ გაინტერესებთ?
— რა თქმა უნდა, მაინტერესებს, მენატრებიან კიდეც. თუ მის ახალ მფლობელს არ ვიცნობ, სულ ვფიქრობ: ნეტავ სადაა, ვისთან და როგორ უფრთხილდებიან, მაგრამ როცა ვიცი, ვისთან "ცხოვრობს" — გული უფრო მშვიდად მაქვს. ისე, ჩემი თოჯინები "ბინადრობენ" აზერბაიჯანში, რუსეთსა და გერმანიაში.
— თუ გახსენდებათ შემთხვევა, რომ თოჯინა, როგორც ქალი, ისე დაგიწყიათ და საბოლოოდ ვაჟი გამოსულა — ანუ ყოველთვის "გემორჩილებიან" ისინი?
— კი, ასეთი ფაქტი ყოფილა — თოჯინა ვაჟად დამიწყია და საბოლოოდ გოგონა გამიკეთებია. როცა ვატყობ, რომ ამგვარი ფორმები ან გამომეტყველება უფრო გოგოს შეიძლება მოუხდეს, ისინი, ასე ვთქვათ, "სქესს იცვლიან“. ისეც ხდება, რომ პერსონაჟი მოფიქრებული მაქვს, ქსოვილებიც შერჩეული, მაგრამ თოჯინა ამ სამოსს "არ იცვამს“ და "არ ირგებს“ იმ სახეს, რომელიც მისთვის მოვიფიქრე — მოკლედ, არ მემორჩილება! ასეთ შემთხვევაში იწყება ტვინის ჭყლეტა, დაუსრულებელი ფიქრი, სანამ მისთვის შესაფერ იმიჯს არ შევარჩევ. ხშირად სიტყვიერადაც ვუბრაზდები: "რა არ მოგწონს, რატომ ჭირვეულობ-მეთქი?" სახელებს მათ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არასდროს ვარქმევ. არ მიყვარს დაკონკრეტება…
— ქალბატონო ნანა, ვიცი, თქვენი ორეულიც გყავთ, თუმცა მეჩვენება, ყველა თოჯინა თქვენ გგავთ…
— ის თოჯინა, რომელსაც ყველა ჩემს ორეულად მიიჩნევს, თავიდან ასე ჩაფიქრებული არ მქონდა. უბრალოდ, როდესაც დავასრულე, ჩემმა მეუღლემ მითხრა, ძალიან გგავსო და საერთოდაც, თქვენს მსგავსად სხვებიც მეუბნებიან, რომ ყველა ჩემი თოჯინა მე მგავს. ეს როგორ გამოდის, არ ვიცი, მაგრამ ალბათ ასეა. დღემდე ყველა თოჯინა მაოცებს და არ მჯერა, რომ მე გავაკეთე. იმიტომ კი არა, რომ მათ სრულყოფილად ვთვლი, უბრალოდ მიკვირს, ასეთი რამ როგორ მოვახერხე… როდესაც ახალი თოჯინის კეთებას ვიწყებ, შიში მიტანს, ვფიქრობ, რომ არ გამომივა. შემდეგ როდესაც პროცესში შევდივარ, ეს შიში ქრება და მთლიანად საქმეზე ვარ გადართული.
— ყველაზე დიდი შეფასება თქვენთვის რა იყო?
— ჩემთვის ყველაზე დიდი შეფასება ისაა, როცა მოზრდილი ადამიანი მოდის გამოფენაზე და ვხედავ, მისი თვალები ნელ-ნელა როგორ იწყებს ბავშვურად ციმციმს. შესაძლოა, ადამიანი ისე წავიდეს გამოფენიდან, არ გამოგელაპარაკოს, არ გითხრას, რომ მოსწონს, მაგრამ მისი თვალები ჩემთვის ყველაფრის მთქმელია…
— გისურვებთ თქვენი ყველა თოჯინა "დაგემორჩილოთ“ და ისინი, რაც შეიძლება, ბევრმა ადამიანმა იხილოს.