თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. სირიის კონფლიქტთის საკითხზე მოლაპარაკება მანამ ვერ შედგება, სანამ რუსეთი და დასავლეთი ერთმანეთში არ მოილაპარაკებენ, განაცხადა ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ.
„სირიის კონფლიქტთან დაკავშირებით ვერანაირი მოლაპარაკება ვერ შედგება თუ ამ პროცესის მთავარმა აქტიორებმა ვერ მონახეს ერთმანეთში საერთო ენა. მხედველობაში მაქვს დასავლეთი და რუსეთი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში თავის მოკავშირე თურქეთთან და საუდის არაბეთთან ერთად. წინააღმდეგობა იმდენად დიდია მოლაპარაკების სავარაუდო აქტიორებს შორის, რომ ძალიან გამიჭირდება წარმოვიდგინო თუ როგორ უნდა მოილაპარაკონ მაგალითად რუსეთმა და თურქეთმა.“- აღნიშნა მამუკა არეშიეძემ.
სირიის მთავრობასა და სირიის ოპოზიციას შორის ჟენევის მოლაპარაკებები 29 იანვარს დაიწყო, რომელიც, სავარუდოდ, ექვსი თვე გაგრძელდება. ამ დროისათვის მოლაპარაკებებში პაუზაა. ახალი რაუნდი 25 თებერვლისთვისაა დაგეგმილი.
მამუკა არეშიძის თქმით, ჟენევაში სირიის საკითხზე მოლაპარაკებები ისედაც რთულად მიმდინარეობდა და ჯერ-ჯერობით შეჩერებულია, ზუსტად იმიტომ რომ მხარეებს შორის პრაქტიკულად შეხების წერტილები არ მოიძებნა.
„მოლაპარაკებების პროცესს ისიც ართულებს, რომ მათ პარალელურად სირიაში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, აქედან გამომდინარე ნებისმიერი ექსცესი, რაც სირიაში ხდება ამ მოლაპარაკებებს ფონად მისდევს. გარდა ამისა მე ვხედავ, რომ მოლაპარაკებების პროცესში არ არის ჩართული ყველა ის ძალა, რომელიც რეგიონში იბრძვის. რასაკვირველია იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ტერორისტულ ორგანიზაციებად არიან მიჩნეული მათ ისედაც არავინ ჩართავს, მაგრამ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი სირიელი ქურთების საკითხი, რომლებიც ამ მოლაპარაკებებზე პრაქტიკულად არ მოიწვიეს.“ —აღნიშნა ექსპერტმა.
შეგახსენებთ: სირიაში 2011 წლის მარტიდან გრძელდება შეიარაღებული კონფლიქტი, რომლის შედეგადაც, გაეროს მონაცემებით, 220 ათასი ადამიანია დაღუპული. სამთავრობო ჯარებს სხვა და სხვა შეიარაღებული ფორმირებების ბოევიკთა რაზმები უწევენ წინააღმდეგობას. ყველაზე მეტად აქტიურობენ „ისლამური სახელმწიფოსა“ და „ჯებჰათან-ნუსრის“ ბოევიკები.