თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. გერმანიის მოქალაქეთა უმრავლესობა — 81% მიიჩნევს, რომ ხელისუფლება მიგრაციულ კრიზისს ვერ უმკლავდება — ასეთია ტელეარხ ARD-ის ჩატარებული კვლევის შედეგები.
ამასთან, რესპონდენტთა დაახლოებით 38-მა პროცენტმა განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტის მუშაობით კმაყოფილია. რესპონდენტთა უმრავლესობამ — 61%-მა აღნიშნა, რომ მინისტრთა კაბინეტის მუშაობით ნაწილობრივ ან სრულებით არაა კმაყოფილი.
„ამის პარალელურად ხალხში მხარდაჭერას კარგავს ფედერალური კანცლერი: მისი მუშაობით კმაყოფილია 46%, ეს გასული თვის მაჩვენებელზე 12 პუნქტით ნაკლებია და ამავდროულად, ანგელა მერკელისთვის 2011 წლის აგვისტოდან მოყოლებული, ყველაზე ცუდი შედეგია“, — აღნიშნავს ტელეარხი.
კვლევის შედეგად, ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსების სიას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი უდგას სათავეში — მისი მუშაობით რესპონდენტთა 70%-ია კმაყოფილი. პოპულარობით მეორე ადგილზეა ფინანსთა მინისტრი ვოლფგანგ შოიბლე — მისი მუშაობით მოქალაქეთა 64%-ია კმაყოფილი.
ARDDeutschlandTrend-ის გამოკითხვა 1 და 2 თებერვალს ჩატარდა. მასში 1004 ადამიანი მონაწილეობდა.