არ არის ადვილი იყო "დონ ჟუანი"

© Photo: courtesy by Zurab Kipshidzeმსახიობი ზურაბ ყიფშიძე, არქივის ფოტო.
მსახიობი ზურაბ ყიფშიძე, არქივის ფოტო. - Sputnik საქართველო
გამოწერა
თეატრისა და კინოს მსახიობს, ზურაბ ყიფშიძეს ახალგაზრდობიდან თაყვანს სცემდნენ. უყვარდათ მისი ნიჭი, თავმდაბლობა, გულწრფელობა და უშუალობა. კინომსახიობთა თეატრის, რუსთაველისა თუ მარჯანიშვილის დასთან ერთად მისი ბრწყინვალედ შესრულებული როლები სამსახიობო ოსტატობის გაკვეთილები იყო და არის.

ზურა ყიფშიძის ცხოვრებაში დიდი როლი მისმა პედაგოგმა მიხეილ თუმანიშვილმა და რეჟისორმა თემურ ჩხეიძემ ითამაშეს.  „ჩემზე ამბობენ, რომ მე ვარ პროტესტანტი — გვითხრა მსახიობმა — ანუ რაც არ მომწონს, საჯაროდ  ვამბობ და ზოგს ჰგონია, რომ ამის შემდეგ, რაღაც უნდა შეიცვალოს.“ ზურა ყიფშიძის ეს ფრაზა, გარკვეულწილად მის მიერ ნათამაშებ დონ ჟუანის არსს ჰგავს, რომელიც მიხეილ თუმანიშვილმა 1981 წელს დადგა. ჩვენი საუბარიც კინომსახიობთა თეატრის დაუვიწყარი „დონ ჟუანის“ თემით დაიწყო. წელს, ქართულ „დონ ჟუანს“ 35 წელი უსრულდება, ხოლო მის დამდგმელ რეჟისორს, მიხეილ თუმანიშვილს 95.

© ზ. ყიფშიძის არქივი"დონ ჟუანი", მსახიობი ზურაბ ყიფშიძე, არქივის ფოტო.
დონ ჟუანი, მსახიობი ზურაბ ყიფშიძე, არქივის ფოტო. - Sputnik საქართველო
"დონ ჟუანი", მსახიობი ზურაბ ყიფშიძე, არქივის ფოტო.

დონ ჟუანი განსხვავებული ადამიანია. მისი შეხედულებები, მისი მრწამსი, საზოგადოებაში მიღებულ მორალურ-ეთიკურ კანონებს არ ეთანადება.  მას თავისი კანონები აქვს — საკუთარი პიროვნებიდან გამომდინარე, სწორედ ამიტომ არის თავისუფალი.

- ზურა, თქვენი დონ ჟუანის ფრაზა მახსენდება: „პირფერობის არც ნიჭი მაქვს და არც უნარი“…

— ეს წამგებიანია ცხოვრებაში… პირფერობა თუ არ შეგიძლია, ამის ნიჭიც არ გაქვს და უნარიც… (იცინის) 

- ალბათ ამიტომ გათამაშათ მიხეილ თუმანიშვილმა ეს როლი! კინომსახობთა თეატრმა ამ სპექტაკლით თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა: ლენინგრადი, მადრიდი, ედინბურგი, ინგლისი, ლათინური ამერიკა, პარიზი… ზურა, დონ ჟუანზე მუშაობამ რა კვალი დატოვა?

— ახლა სინანულს ვგრძნობ… იმიტომ რომ დამთავრდა! ამ სპექტაკლს ახლაც სიამოვნებით ვითამაშებდი… ანატოლი ეფროს  სულ სხვა „დონ ჟუანი“ ჰქონდა, ძალიან საინტერესო იყო. სტუდენტი ვიყავი და ძალიან მომწონდა მისი სპექტაკლი, სადაც ვოლკოვი და დუროვი თამაშობდნენ. იქ იყო დაღლილი, ბებერი კაცი — საინტერესო ვერსიაა! დონ ჟუანი ზოგადი პერსონაჟია. ის ქალების მოყვარულია, როგორც ყველა ნორმალური მამაკაცი, მაგრამ დონ ჟუანი პროტესტანტია, ყველაფრის წინააღმდეგ ამხედრებული. ის იყო ათეისტი, თუმც ბოლოს აგრძნობინეს რომ ღმერთი არსებობს!

© ზ. ყიფშიძის არქივი"დონ ჟუანი", მსახიობი ზურაბ ყიფშიძე, არქივის ფოტო.
დონ ჟუანი, მსახიობი ზურაბ ყიფშიძე, არქივის ფოტო. - Sputnik საქართველო
"დონ ჟუანი", მსახიობი ზურაბ ყიფშიძე, არქივის ფოტო.

დონ ჟუანი კომანდორს ელოდება.  ამ ეპიზოდით გაშარჯებული იყო თვით მითი კომანდორის ქანდაკების სტუმრობის შესახებ. სგანარელი სპირიტიზმის სეანსს ატარებდა. 80-იან წლებში თბილისში სპირიტული სეანსებით, ბევრი იყო გატაცებული. სგანარელი თეფშს ატრიალებდა და მის სულს იძახებდა. დონ ჟუანი თვითონ აკაკუნებდა, თითქოს ქანდაკება მოადგა კარს. შავ პიჯაკში გამოწყობილი, თეთრად შეღებილი სახით ცხადდებოდა კომანდორი, რომელიც თითქოს შეშინებული სგანარელის ფანტაზიის ნაყოფი იყო.

- ზურა, ყოველთვის მაინტერესებდა ქანდაკების გამოცხადების სცენა,  თქვენ როგორ აგვიხსნიდით ამ ეპიზოდს?

— მე ვთამაშობდი იმ შინაგან დისკომფორტს, რომელიც ამ ფაქტმა გამოიწვია. კონკრეტული გამოცხადება არ ყოფილა… აქ უფრო აღმოჩენა იყო. თუმცა შეიძლება თავისთვის ფიქრობდა, რომ მას არ შეარჩენენ. თან შაყირით გამოცხადდა, ხომ? მაგრამ დონ ჟუანი ამას ძალიან სერიოზულად აღიქვამს, იმიტომ რომ ამაზე ფიქრობდა. ის სულ სიკვდილზე ფიქრობს… ქალებისაგან განსხვავებით, ყველა კაცს ძალიან ეშნია სიკვდილის. მე ასე მგონია…

- შიშით როგორ ცხოვრობთ?

— ავიწყდებათ, იმიტომ რომ საქმე აქვთ, სვამენ, ქალები უყვართ… თორემ ისე, როგორც ყველა ადამიანი  სულ სიკვდილზე ფიქრობს. 

- ზურა, ცხოვრებაში ყოფილხარ თუ არა  დონ ჟუანი?

— არა, არა… კი, ქალები ძალიან მიყვარს, მიყვარდა. მითუმეტეს ახალგაზრდა, რომ ვიყავი მოსკოვში ვსწავლობდი თეატრალურზე და საერთო საცხოვრებელში რას ვიზამდი, წარმოიდგინეთ, მაგრამ იქაც რომანი მქონდა ერთ ადამიანთან… კი, ყოფილა  შეცდომებიც, მაგრამ რატომღაც ერთგული ადამიანი მგონია ჩემი თავი. არ ვიცი, შეიძლება ჩემ თავზე ბევრს ვიღებ, ძალიან ბევრს, მაგრამ მე მგონია, რომ ადამიანი, რომელსაც ქალბატონი მოსწონს და მითუმეტეს უყვარს და რაღაც ურთიერთობები აქვს, იმ მომენტში სხვა ქალზე არ ფიქრობს. შეიძლება მას ვიღაცა მოეწონოს და თვალი გააყოლოს, მაგრამ მერწმუნეთ, მე ყოველ შემთხვევაში, როცა იმ ქალთან ვარ, ის ქალი მიყვარს. მაგრამ დონ ჟუანი სხვა რამეა. ის ქალებს იმიტომ კი არ ეძებდა, რომ ქალები უყვარდა… მას ბეზრდებოდა ის საშინელი მდგომარეობა, რომელშიც თქვენ, ქალები აყენებთ კაცებს. საშინელებაა!.. ზოგჯერ ისეთი გაუსაძლისია ტვინის ბურღვა და ამ მხრივ კაცები მეცოდებიან, უმეტესობა ხომ ამ ბურღვას შეეწირა!..

- იდეალური ურთიერთობა, ხომ არ არსებობს? 

— როგორ არ არსებობს! დროებითი გადადის რაღაცა უსასრულობაში… მაგალითად, ჩემი ცოლი ვერ დავარწმუნე, რომ დღეს უფრო მაგრად მიყვარს, ვიდრე ახალგაზრდობაში. ეს სიყვარულია, გესმის? და თუ როგორია ეს სიყვარული, ეს უკვე სხვა თემაა…

© ზ. ყიფშიძის არქივი"დონ ჟუანი", მსახიობი ზურაბ ყიფშიძე, არქივის ფოტო.
დონ ჟუანი, მსახიობი ზურაბ ყიფშიძე, არქივის ფოტო.  - Sputnik საქართველო
"დონ ჟუანი", მსახიობი ზურაბ ყიფშიძე, არქივის ფოტო.

სპექტაკლში დონ ჟუანზე გახელებული დონა ელვირას შურისძიება უსაზღვრო იყო, მაგრამ ამ მამაკაცის ოდნავი ხელის მიკარებაც კი ვნებას აღძრავდა მასში… ზურა ყიფშიძისა და ნინელი ჭანკვეტაძის დუეტი ბრწყინვალე ტილოს ქმნიდა.

- ზურა, როგორ იქცევა ჭკვიანი ქალი?

— ჭკვიანი ქალი მამაკაცს აგრძნობინებს, რომ კაცს მიჰყავს „პარადი“ და ამ დროს ნელ-ნელა ისე აკეთებს, როგორც თვითონ უნდა. ხოლო უჭკუო ან ზედმეტად ნერვიული, როგორც გინდათ ისე დაარქვით, პირდაპირ ასკდება კაცს  და ამით ვერაფერს მოიგებს. იმიტომ რომ კაცი თავის პოზიციებს მეომარ ქალს პირდაპირ არ დაუთმობს.  თუ ასეთი კაცი არსებობს — ის „ჩმორიკია“ და უბედური!

- თუ ეს თამაშის წესია?

— ჰოდა, ეს თამაში ისე უნდა იყოს გაკეთებული, რომ კაცმა ვერ იგრძნოს, თორემ თუ იგრძნო — ეს თამაში აღარ გამოვა! მე უჭკუო ქალს ვგულისხმობ… არადა ქალი, მამაკაცზე გაცილებით ჭკვიანია, მითუმეტეს ოჯახურ გარემოში და ოჯახი რა არის? პატარა სახელმწიფო — თეატრი! 

- თქვენ გინდათ თქვათ, რომ თეატრშიც ქალია განმსაზღვრელი?

— არ არის ასე?.. ჩვენი თეატრის მაგალითზე ან საერთოდ? ადამ და ევას დროიდან მოდის და მოდის. მთელი პიესების კონფლიქტის ერთ-ერთი მთავარი თემა, ხომ ამაზე დგას, ეს ამოუწურავია…

- ზურა, არ შეიძლება, რომ მამაკაცები დანებდნენ და აღიარონ, რომ ქალია განმსაზღვრელი და არა კაცი?

— და დანებებულები არ არიან? უმეტესობა დანებდა… აი ნეკნი, რომ ამოვიღეთ, ის ნეკნი გვღუპავს რა!.. უბრალოდ მომთმენები უნდა ვიყოთ, უნდა მივუტევოთ, უნდა გვიყვარდეს, ოღონდ უბრალოდ კი არა, „სპალნაში“ ან აბაზანაში, არამედ პატივს უნდა ვცემდეთ ერთმანეთს. არ შეიძლება კაცს გადაეღობო, გესმის? ის კაცი დაბრედილია, რა!

- მე ვიცი, რომ თქვენ ხართ არაჩვეულებრივი მამა, არაჩვეულებრივი მეუღლე, მაგრამ არის კიდევ ერთი სიყვარული, რასაც თეატრი ჰქვია. აქაც მარადიულ სიყვარულთან გვაქვს საქმე?

— თეატრი ეს არის გამოხატვის ფორმა, ეს არის არაჩვეულებრივი ადგილი, სადაც სხვისი სახელით შენ სათქმელს ამბობ და თუ გამოგდის და თუ ხალხიც გეუბნება ამას, შენ კიდევ გინდა სხვა ადამიანის ნაჭუჭის მორგება. მერე, თეატრი მეორე ოჯახია — აქ გიხარია, გიყვარს… მიუხედავად საშინელი ჭორაობისა და ა. შ. შენ მაინც გიყვარს ეს ადგილი…

- ზურა, მე რომ გხვდებით რომელიმე სპექტაკლზე ან ფოიეში ან საგრიმიოროში, ხართ მხიარული, კეთილმოსურნე, მაგრამ სულ მგონია, რომ რაღაც დიდი ტკივილს ატარებთ, თითქოს იტანჯებით. მთელი სამყაროს ტანჯვა, თითქოს თქვენშია…

— აი, ახლა თქვენ ძალიან დიდი ქათინაური მითხარით, ძალიან დიდი… დოსტოევსკის აქვს სვიდრიგაილოვზე: всявековечная скорбь на его лице — ეს ძალიან დიდი ქათინაურია… თუ ადამიანი მხიარული გეჩვენება და მას ნაღველი აქვს… ესე იგი, ნაღვლის ბუშტი აწუხებს… (სიცილი) არ ვიცი, არ ვიცი!

- მახსენდება დონ ჟუანის ფრაზა:  „ასე ცხოვრება ღარ შეიძლება“. აი, ეს მგონია დონ ჟუანის ამოსავალი. ზურა, რა ღირებულებების დაცემას ხედავთ დღეს საქართველოში?

— პირველ რიგში ზნეობის. ახლა, ყველაფერი შეიძლება — ერთხელ ვცხოვრობთ და…

- თქვენი ცხოვრებიდან, რომ ავიღოთ რომელიმე ეპიზოდი… როდის იყავით ყველაზე ბედნიერი? სადაც ვთქვათ სიმშვიდეც იყო, შედარებით გაწონასწორებული პერიოდი… 

— სიმშვიდეს, ბედნიერებას არ ვეძახი, პირიქით!.. ეს იყო 1977 წელი. ამ პერიოდში დავოჯახდი და  ჩვენი თეატრი ყალიბდებოდა. შვილი შემეძინა, ერთდროულად მოხდა იმდენი კარგი რამ. საზღვარგარეთ მეძახდნენ სამუშაოდ — მე უარი ვთქვი… თან ჯანზე ვიყავი, მყავდა ცხენი, ძაღლები, მანქანა, გადასარევი ცოლი და ოჯახი — აი, ის იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე კარგი პერიოდი…

მერე და მერე ღმერთი მაინც გიგზავნის — იმის სახით, ამის სახით, მაგრამ ნელ-ნელა, ნელა-ნელა, ნელ-ნელა… აი, როგორც „Art“-შია, „თოვს და თოვს, სანამ კაცი არ გაქრება, არ გადავა იქ, სადაც შემდეგ ფერიცვალება ელის!“ აი, ეს არის, მეტი არაფერი!


ყველა ახალი ამბავი
0