თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. კანადასა და აშშ-ში 2 თებერვალს ტრადიციულად ზაზუნას დღეს აღნიშნავენ.
ამ დღეს თავისი სოროდან გამომძვრალ ზაზუნას აკვირდებიან და მისი ქცევის მიხედვით გამოაქვთ დასკვნები დამდეგი გაზაფხულის მოახლოვებაზე. თუ მოღრუბლული დღეა, ზაზუნა თავის ჩრდილს ვერ ხედავს და მშვიდად ტოვებს სოროს ე.ი. ზამთარი მალე დასრულდება და მიმდინარე წელს ადრიანი გაზაფხული იქნება. თუ დღე მზიანია, ზაზუნა თავის ჩრდილს ხედავს და კვლავ თავის სოროში იმალება — ე.ი. გაზაფხულამდე კიდევ 6 კვირაა.
დღეისათვის მსოფლიოში ყველაზე სახელგანთქმულია შვიდი ზაზუნა მეტეოროლოგი: Punxsutawney Phil, Wiarton Willie, Staten Island Chuck, Shubenacadie Sam, Balzac Billy, Jimmy the Groundhog და General Beauregard Lee.
თუმცა პენსილვანიის მთებში, პანკსუტონში მცხოვრები ზაზუნა, ყველაზე პირველ ოფიციალურ ზაზუნა მეტეოროლოგად ითვლება. 1886 წლიდან, ხალხი თვალყურს ადევნებს მის პროგნოზებს და ატარებს ყოველწლიურ ფესტივალს, რომელმაც საყოველთაოდ გაითქვა სახელი ფილმ „ზაზუნას დღის“ გამოსვლის შემდეგ, რომლის გმირი ზაზუნა ფილი გახდა - ამერიკაში ყველაზე სახელგანთქმული სინოპტიკოსი.