ოცი წელი ბროდსკის გარეშე… საქართველო იცნობდა და უყვარდა შერისხული პოეტი მიუხედავად იმისა, რომ ეს სასტიკად აკრძალული იყო.
1998 წელს ცნობილმა თბილისელმა პოეტესამ, მთარგმნელმა და ფილოლოგმა ინა კულიშოვამ, რომელიც ბროდსკის პოეზიისა და ზოგადად მისი პიროვნების თაყვანისმცემელი გახლდათ, საქართველოში პირველად დაიცვა დისერტაცია იოსიფ ბროდსკის პოეზიაზე. კულიშოვა, რომელსაც პოეტთან პირადი მიმოწერა ჰქონდა და რომელმაც საკუთრივ გაისიგრძეგანა ბროდსკის ბედისწერაცა და შემოქმედებაც, პოეტის გარდაცვალებიდან 20 წლის თავზე პოეზიის გენიოსს იხსენებს:
„ჩემთვის სულ ერთია, ოცი წელი გავიდა, თხუთმეტი, ოცდაერთი, ორმოცდაათი თუ ორმოცდათხუთმეტი, მრგვალი თარიღია თუ არა, ის აღარ არის — და მორჩა. ათასჯერ მითქვამს და ვიმეორებ: არ მესმის იმათი, ვისაც უმისოდ ეიოლება. ესე იგი, ასეთია ცხოვრებაც და წერაც“, — დაწერა კულიშოვამ „ფეისბუქის“ გვერდზე.
ბროდსკი და ძმები ჭილაძეები
ბროდსკი საქართველოში ერთადერთხელ იყო. სულ ერთი დღით. დილით ჩამოფრინდა— საღამოს გაფრინდა. ეს 60-იანი წლების ბოლოს იყო. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობს ერთადერთი ადამიანი საქართველოში, რომელსაც პირადად უნახავს ბროდსკი და იცნობდა კიდეც მას. ეს ცნობილი ქართველი მწერლისა და პოეტის, ოთარ ჭილაძის ძმა, თავადაც პოეტი თამაზ ჭილაძეა.
ჭილაძე იხსენებს, რომ ბროდსკი თბილისში საკუთარი ინიციატივით ჩამოვიდა. იმ დროისთვის მას უკვე გადათარგმნილი ჰქონდა ოთარის ერთი ლექსი, სათაურით „გამოთხოვება“.
„ეს ლექსი ოთხ თუ ხუთ საუკეთესო რუს პოეტს აქვს თარგმნილი. მაგრამ ოთარს ყველაზე ძლიერ თარგმანად ბროდსკის თარგმანი მიაჩნდა“, — ამბობს მწერლის ძმა.
ბროდსკი ძალიან სერიოზულად ეკიდებოდა თარგმანებს. და თბილისის აეროპორტში დაფრენისას უთქვამს, რომ „ჩვენი ნახვა სურდა, უნდოდა გაეგო, როგორები ვიყავით“, — იხსენებს მწერალი.
„ოთარი მაშინ პლეხანოვის პროსპექტზე ცხოვრობდა. დილით რეკავს ბროდსკი, აეროპორტიდან. ვუთხარით, მოვალთ, მანდ იჯექი, დაგველოდე-თქო. იმან კი: არავითარ შემთხვევაში. თავად მინდა თქვენამდე მოვაღწიოო“. მერე თოვლი წამოვიდა, ძალიან ხშირი. ბროდსკის ზამთრისთვის სრულიად შეუფერებლად ეცვა. მახსოვს, რომ ძალიან სციოდა. მობუზული იდგა. მაგრამ მალე სახლში წავედით, დავლიეთ და შევხურდით“, — ეღიმება თამაზ ჭილაძეს.
როგორც ბატონი თამაზი იხსენებს, შეხვედრის დღეს ბროდსკიმ ძალიან სევდიანი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა. „მიუხედავად იმისა, რომ ის მაშინ ძალიან ახალგაზრდა იყო… ისე, რამდენი წლისა იყო? 30-ზე მეტისა არ იქნებოდა…“, — მოგონებებში ჩაეშვა ჭილაძე.
მაგრამ სევდა და სიცივე ძმები ჭილაძეების სახლში მალე თბილმა საუბარმა შეცვალა. ყველაფერზე ლაპარაკობდნენ, პოეზიის გარდა. თამაზი იხსენებს, რომ იმ დღე ბროდსკის ლექსი არ წაუკითხავს და არც კი სურდა თანამემამულე პოეტებზე საუბარი.
„როგორც ბლოკს აქვს: „იქ პოეტები ცხოვრობდნენ და ერთმანეთს ქედმაღალი ღიმილით ხვდებოდნენ“. ისიც ასე იყო. მე და ოთარმა ბროდსკისთან პოეტებზე საუბარი წამოვიწყეთ, იმან კი გვითხრა: „გთხოვთ, არ გინდათ. მოდით, ქალებზე ვილაპარაკოთ“. კარგი გემოვნება ჰქონდა ამ საქმეში“, — იცინის თამაზ ჭილაძე.
შემდეგში ის ურეკავდა და სწერდა კიდეც ოთარ ჭილაძეს, პოემა „სინათლის წელიწადის“ სიტყვასიტყვით თარგმანის გაგზავნას სთხოვდა“. მაგრამ თარგმნა რაღაცნაირად არ გამოვიდა.
„ახლა, როცა ბროდსკის ვიხსენებ, ვხვდები, რომ სულში ძალიან ნათელი გრძნობა დამიტოვა. თვითონაც რაღაც ნათელს დაატარებდა. ყველა ნიჭიერ ადამიანს აქვს ასეთი შუქი. ის ნიჭიერი იყო არა მხოლოდ ლექსებსა და ლიტერატურაში, არამედ ზოგადად, ცხოვრებაში. მისი აღქმა, მისი საუბარი, მისი ცხოვრებისეული შეხედულება… სამწუხაროდ, ძალიან ცოტა თუ იცნობდა ნამდვილად ამ, ჩემი აზრით, გასაოცარ ადამიანს. ცოტა სუბიექტური ვარ, მაგრამ მგონი მართალიც, როცა ბროდსკის გენიალურად მივიჩნევ“, — ამბობს თამაზ ჭილაძე.
მალე თამაზ ჭილაძე მოსკოვში აღმოჩნდება. თუმცა ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც ბროდსკი საბჭოთა კავშირიდან ემიგრაციაში წავა 1972 წელს. რუსეთის დედაქალაქში ჭილაძეს ვიღაც გოგონა საიდუმლოდ გადასცემს ნივთს, რომელიც ბროდსკის პირადად მისთვის დაეტოვებინა.
„ეს ბიბლია იყო. ძალიან კარგი, შვეიცარული გამოცემა. შავი ყდითა და წითელი კიდეებით. მახსოვს, ძალიან ამაღელვა იმან, რომ საბჭოთა რუსეთის დატოვების წინ ბროდსკი ჩემზე ფიქრობდა და ეს ბიბლია დამიტოვა. ეს არასდროს დამავიწყდება“, — აღიარებს თამაზ ჭილაძე.
„ბროდსკის კითხვა იოლი არ არის“
ქართული პოეტური საზოგადოება ბროდსკით სერიოზულად 90-იანი წლების ბოლოს დაინტერესდა. სწორედ მაშინ გამოჩნდა მისი პოეზიის პირველი ქართული თარგმანებიც.
ბროდსკი თარგმნეს ცნობილმა პოეტმა ბათუ დანელიამ, მთარგმნელმა, ფოლკლორისტმა და აღმოსავლეთ მცოდნე ვახუშტი კოტეტიშვილმა, მთარგმნელმა დავით წერედიანმა, პროფესორმა ირაკლი სურგულაძემ და სხვებმა.
აღსანიშნავი იყო ის ფაქტიც, რომ ქართული ლიტერატურული ჟურნალის, „არილის“ პირველი ნომერი 1996 წლის თებერვლის დასაწყისში სწორედ ბროდსკის ნეკროლოგით გაიხსნა.
მალე მის გვერდებზე რეგულარულად დაიწყეს ბროდსკის ნაწარმოებების პუბლიკაცია: „დოსტოევსკის შესახებ“, „მოქცევის ხმაური“, „კატასტროფები ჰაერში“, „მწერალი ციხეში“.
იბეჭდებოდა მასალები თავად ბროდსკიზე — ნაწყვეტები სოლომონ ვოლკოვის წიგნიდან „საუბრები იოსიფ ბროდსკისთან“, უოლკოტის ინტერვიუ მის შესახებ, რეინის, დობიშევის, კუშნერის, შეიმუს ჰინის, ოქტავიო პასასა და სხვათა მოგონებები.
მაგრამ როგორც მაშინ, ისე ახლაც — ბევრს არ ესმოდა და არც ახლა ესმით ბროდსკი. „და ეს საყვედური კი არა, ფაქტია“, — ამბობს თამაზ ჭილაძე.
„ბროდსკის კითხვა იოლი არ არის. ყველას არ ესმის… არ მინდა უხეშად გამომივიდეს, მაგრამ ყველას არ ესმის ბროდსკი. ბევრი მისი სტატია —ავიღოთ მარინა ცვეტაევას შესახებ — ეს, ჩემი აზრით, ლიტერატურული მოვლენაა, თვით რუსული ესეისტიკისთვისაც კი. ბროდსკი რაღაც განსაკუთრებული მიდგომით გამოირჩეოდა არა მხოლოდ ლიტერატურის, არამედ ადამიანების მიმართაც. იცით? ამით ის ყოველთვის მოგებული რჩებოდა“.
„ახლა მოვკვდები“
"Считаю версты, циркули разинув.
Увы, не хватит в Грузии грузинов,
чтоб выложить прямую между нами".
И. Бродский
ბროდსკის ხალხი უყვარდა და არა ქვეყნები. საქართველო მისთვის ძმები ჭილაძეები იყვნენ და კიდევ ერთი პიროვნება — ცნობილი ქართველი პოეტესა დალი ცაავა.
ეს ის დალია — ბულატ ოკუჯავას „ქართული სიმღერის“ მუზა რომ იყო. ლეგენდარულმა პოეტმა მის შესახებ დაწერა ცნობილი ლექსი „დაე, იმღეროს ჩემთვის ჩემმა დალიმ“.
დალის დაბალი, დამატყვევებელი ხმა და რომანტიკული გამოხედვა ჰქონდა. ის ცოტას იღიმებოდა და ბროდსკივით ბევრს ეწეოდა. ყველაფერში ვნებას დებდა: ლექსებშიც და ადამიანებთან ურთიერთობებშიც.
ერთნი ამბობდნენ, რომ ამ პოეტესას, რომელიც სრულიად ნორჩი ჩავიდა ლენინგრადში სოხუმიდან, პლატონურად უყვარდა ბროდსკი. სხვები კი, მაგალითად, დალი ცაავას მეგობარი, პიტერული ანდერგრაუნდის წარმომადგენელი, პოეტესა ელენა იგნატოვა საკუთარ მოგონებებში წერდა, რომ დალის ბროდსკი სერიოზულად უყვარდა და მისი გულცივობის გამო თვითმკვლელობაზეც კი ფიქრობდა.
„როცა ბროდსკი კითხვას იწყებდა—ხმას თანდათან უწევდა, თვალებს ხუჭავდა და ოდნავ ქანაობდა— დალი საფეთქლებზე ხელებს იჭერდა და ჩამჩურჩულებდა: „ახლა მოვკვდები“, — წერს იგნატოვა.
მისი თქმით, ქართველი პოეტესა ბროდსკისთან შეხვედრას თავისი ცხოვრების უმთავრეს მოვლენად მიიჩნევდა.
დალი ცაავამ ბროდსკის ლექსი მიუძღვნა — „მკვდარი ფოთლებით მოფენილ ქალაქში ცოდვით დაცემაზე“, ბავშვების ტირილზე წითური მასხარის გამო. საქართველოში დაბრუნებიდან მოკლე ხანში პოეტმა მას უპასუხა ლექსით: Ну, как тебе в грузинских палестинах?
ბროდსკის უცხოეთში იძულებითი ემიგრაციის შემდეგ, ცაავა ყოველ წელს ჩადიოდა პეტერბურგში მის მშობლებთან — ბროდსკის დაბადების დღეზე. დალი ცაავა თბილისში გარდაიცვალა 2003 წელს, პოეტის გარდაცვალებიდან 7 წლის თავზე.
ბროდსკის საქართველო
და კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ბროდსკის საქართველოსთან ურთიერთობის ისტორიიდან. დალი ცაავას მოგონებებში არის ერთი მჭევრმეტყველი ეპიზოდი მისი და ბროდსკის იშვიათი, მაგრამ დასამახსოვრებელი შეხვედრებიდან.
ერთხელ დალი და იოსიფ ბროდსკი გალაკტიონ ტაბიძის ლექსის, „მერის“ ბელა ახმადულინასეულ თარგმანზე საუბრობდნენ. ბროდსკის ძალიან მოსწონდა ეს თარგმანი, მაგრამ დალი არ იზიარებდა მის აღფრთოვანებას და ბევრს, დიდხანს და მხურვალედ საუბრობდა გალაკტიონზე. ამბობდა, რომ გალაკტიონამდე „მიწვდომა ყველას სურდა, მაგრამ ეს ჯერ ვერავინ შეძლო“.
ბროდსკისთვის ეს სიტყვები საკმარისი გამოდგა. მაშინვე სთხოვა დალის, ტაბიძის ერთ-ერთი ლექსის სიტყვასიტყვითი თარგმანი გაეკეთებინა. და პირველი სტრიქონი ლექსისა თითქმის მაშინვე გადათარგმნა: „Тебе тринадцать лет, и у тебя в плену…".
მერე კიდევ დიდხანს სთხოვდა დალის, კვლავ და კვლავ გაემეორებინა ეს უმშვენიერესი ლექსი. თითოეულ დეტალს აზუსტებდა, ეკითხებოდა, გაძლიერებულად ფიქრობდა, სიტყვებს არჩევდა. დალის თქმით, მეორე დღეს ბროდსკი დაღლილი და გაუპარსავი გამოეცხადა.
„მთელი ღამე არ მიძინია, ერთი სტრიქონიც კი ვეღარ დავამატე. თქვენ მართალი ხართ, ეს იოლი არ არის“.
ეს იყო ბროდსკი. ხოლო გალაკტიონი — ბროდსკისათვის — მთელი საქართველო იყო.