თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. რუსეთი სამხრეთ კორეაში ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის THAAD (საშუალო სიშორის რაკეტების ატმოსფეროსგარე სიმაღლის „ჩაჭერის“ სისტემა) განთავსების წინააღმდეგია. ამის შესახებ სეულში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის ელჩმა კორეის რესპუბლიკაში ალექსანდრ ტიმონინმა განაცხადა.
„რუსეთი მიიჩნევს, რომ THAAD-ის განთავსება სამხრეთ კორეაში ხელს არ შეუწყობს არც მშვიდობასა და უსაფრთხოებას ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში, არც ბირთვული პრობლემის გადაჭრას კორეის ნახევარკუნძულზე. ამიტომ რუსეთი ყველა დაინტერესებულ ქვეყანას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, განსაკუთრებით სამხედრო სფეროში, რომლებსაც ვითარების დამძიმება შეუძლია“, — ციტირებს დიპლომატის სიტყვებს სააგენტო „რენხაპი“.
გარდა ამისა, ელჩმა აღნიშნა, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ცალმხრივი სანქციების დაწესებას არ აპირებს.
„სანამ სანქციებზე ვისაუბრებთ, ჩრდილოეთ კორეის მიერ ჩატარებული ცდის ზუსტი ხასიათია გასარკვევი. ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა წყალბადის ბომბის გამოცდის შესახებ, მაგრამ ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები რუსეთს არ გააჩნია“, — განაცხადა ალექსანდრ ტიმონინმა.
დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა ასევე ეჭვი გამოთქვა ჩრდილოეთ კორეის საკითხებზე, ამ ქვეყნის მონაწილეობის გარეშე,ხუთმხრივი მოლაპარაკებების ჩატარების მიზანშეწონილობის თაობაზე — ასეთი წინადადებით ადრე სამხრეთ კორეის პრეზიდენტი პაკ კინ ხე გამოვიდა.
ჩრდილოეთ კორეამ 6 იანვარს განაცხადა, რომ წარმატებით გამოსცადა წყალბადის ბომბი. ექსპერტები ეჭვს გამოთქვამენ იმის თაობაზე, რომ გამოიცადა თერმობირთვული იარაღი, მაგრამ თანხმდებიან იმაზე, რომ ჩრდილოეთ კორეამ მეოთხე ბირთვული გამოცდა ჩაატარა. იაპონია, აშშ და სამხრეთ კორეა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებას დაჟინებით ითხოვენ.
გასულ კვირაში სააგენტო „კიოდომ“ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა, გაეროს უშიშროების საბჭოს აკრძალვის მიუხედავად, ქვეყნის დასავლეთ სანაპიროზე, კოსმოდრომ „სოხედან“ შორეული რადიუსის მოქმედების ბალისტიკური რაკეტის გაშვებას ამზადებს. სამხრეთ კორეის სამხედროებმა დაადასტურეს, რომ რაკეტა კოსმოდრომზე გადაიტანეს, თუმცა ჩრდილოეთ კორეას თავის სანაპიროზე გემების მოძრაობაზე რაიმე აკრძალვა ან შეზღუდვა არ დაუწესებია, როგორც ის ამას ჩვეულებრივ რაკეტების გაშვების წინ აკეთებს. იაპონიის მთავრობა მიიჩნევს, რომ რაკეტის გაშვება შეიძლება გაუფრთხილებლად მოხდეს.