ლგბტ პირთა უფლებადამცველმა გიორგი ტატიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს ერთქსესიანთა ქორწინების დაკანონების მოთხოვნით მიმართა. საკითხის განხილვა ბათუმში მდებარე საკონსტიტუციო სასამართლოში 3 თებერვალსაა ჩანიშნული.
„საკონსტიტუციო სასამართლოში სექსუალური უმცირესობების თანაცხოვრებასთან დაკავშირებით შევიტანე. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალზე რთული საკითხია, თუმცა, არსებული რეალობიდან გამომდინარე, ასევე მნიშვნელოვანი“, — განაცხადა გიორგი ტატიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
უფლებადამცველის სიტყვებით, სასამართლოს შეუძლია აღნიშნული ინიციატივა ან დაბლოკოს ან დააკმაყოფილოს. ნებისმიერ შემთხვევაში გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი იქნება, დასძინა ტატიშვილმა.
„საკონსტიტუციო სასამართლო ჩვენს სარჩელს ან დააკმაყოფილებს და დააკანონებს ერთსქესიანთა ქორწინება, ან უარყოფით გადაწყვეტილებას მიიღებს. ამით საქართველოში ამ თემით სპეკულირება შეწყდება“, — აღნიშნა ადვოკატმა და დაამატა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას დაჩქარებულ რეჟიმში მიიღებს.
ამასთან, ლგბტ პირების უფლებადამცველმა გიორგი ტატიშვილმა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ მას საკონსტიტუციო სასამართლოდან ერთსქესიანთა ქორწილების დაკანონების შესახებ სარჩელის გამოწვევას აიძულებენ.
„საქართველოს მთავრობის აპარატიდან სატელეფონო ზარები ხორციელდება და მოითხოვენ საკონსტიტუციო სასამართლოდან სარჩელი გამოვიწვიო, მაგრამ ჩვენ უკან არ დავიხევთ“, — აღნიშნა ტატიშვილმა.