ქართველი ,,ნინძები“, ამორძალი მასწავლებელი და სამი მთავარი სიტყვა

© მ. ბიბლაიას ფოტოარქივი"შავფაროსნები", არქივის ფოტო.
შავფაროსნები, არქივის ფოტო. - Sputnik საქართველო
გამოწერა
"შავფაროსნები" რეალურად არსებული ქართველი "ნინძები" იყვნენ, რომლებიც უჩვეულო და საოცარ საბრძოლო ტექნიკას ფლობდნენ. ამ საბრძოლო ხელოვნებას მიმდევრები თანამედროვე საქართველოშიც გამოუჩნდნენ. Sputnik-ის ჟურნალისტი თეონა გოგნიაშვილი ერთ-ერთ ასეთ შავფაროსან ამორძალს გაგაცნობთ.

ცნობილია, რომ ქართველების მუდმივად საომარ მდგომარეობაში ყოფნამ საუკუნეების წინ ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების შექმნის საჭიროება მოითხოვა. შავფაროსნები, დღევანდელი ენით რომ ვთქვათ, რეალურად არსებული ქართველი ნინძები იყვნენ. ისინი არაჩვეულებრივი ფიზიკური მომზადებითა და სულიერი წრთობით გამოირჩეოდნენ. სახელწოდებას „შავფაროსნები“ თავისი ისტორია აქვს. რადგან რიცხობრივი უპირატესობა უმეტეს შემთხვევაში მტრის  მხარეს იყოს, ქართველები იძულებული იყვნენ ისინი ხერხით, ანუ საბრძოლო სტრატეგიითა და ბრძოლის განსაკუთრებული მეთოდებით დაემარცხებინათ. ამისთვის ისინი პარტიზანულ ომს აჩაღებდნენ და მოწინააღმდეგეს თავს ძირითადად ღამით ესხმოდნენ. მთვარის შუქზე შეუმჩნევლად რომ ემოძრავათ, ისინი საბრძოლო ფარებს შავად ღებავდნენ და შავ სამოსში "იმურებოდნენ". ამის გამო მტერმა მათ „ყარა ყალღან“, ანუ შავფაროსნები უწოდა. შავფაროსნები საოცარ საბრძოლო ხერხებს ფლობდნენ და საჭიროების შემთხვევაში თვალებახვეულებს და ხმლით ცალი ხელით ბრძოლაც შეეძლოთ. ჩვენს დროში ბრძოლის ამგვარი ფორმა საბრძოლო-სანახაობრივ ხელოვნებად იქცა და მას მიმდევრები ქალებს შორისაც გამოუჩნდნენ. ახლა ერთ თანამედროვე შავფაროსან ამორძალს გაგაცნობთ: მარიტა ბიბლაია პროფესიით პედაგოგი.

მარიტა, შავფაროსნები ისტორიულად მამაკაცები იყვნენ. თქვენს სურვილს, დაუფლებოდით საბრძოლო ხელოვნებას, ახლობლები როგორ შეხვდნენ?

სხვათა შორის, ბავშვობიდან ძალიან ხიფათიანი ვიყავი, მაგრამ ტრავმები სულაც არ მაბრკოლებდა და ექსტრემალურ სიტუაციებს ხშირად თვითონვე ვიქმნიდი. აქტიურად ვიყავი ჩართული ყველა იმ სპორტულ წრეში, რომელზედაც ხელი მიმიწვდებოდა. „შავფაროსნების“ აღმოჩენის შემდეგ სურვილი გამიჩნდა, რომ მეც ერთი მათგანი გავმხდარიყავი. ამ „სასიხარულო“ ამბავმა ჩემი მშობლები თავიდან აღაშფოთა, მაგრამ ახლა ჩემი წარმატებები ძალიან უხარიათ. პირველად,,შავფაროსნების“ ფოტოები ვნახე, მერე მათზე ინფორმაციის შეგროვება დავიწყე, სულ მაინტერესებდა, გოგოს თუ მიიღებდნენ. ერთხელ ფესტივალ „არტ-გენზე“ გამართულ საჩვენებელ გამოსვლებსაც დავესწარი. საბოლოო გადაწყვეტილება ქართული საბრძოლო ხელოვნების ფესტივალმა და ქართული სამოსის დღემ მიმაღებინა.

© მ. ბიბლაიას ფოტოარქივი.ქართველი "შავფაროსნები", არქივის ფოტო.
ქართველი შავფაროსნები, არქივის ფოტო. - Sputnik საქართველო
ქართველი "შავფაროსნები", არქივის ფოტო.

რამდენადაც ვიცი, თავიდან კავშირი „ქართული საბრძოლო ხელოვნება“ იყო და შემდეგ ის ფედერაციად გადაკეთდა?

კავშირი „ქართული საბრძოლო ხელოვნება“2000 წელს დაარსდა. ხოლო 2011 წელს ჩამოყალიბდა ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია „შავფაროსნები“, რომლის მთავარი მიზანია ქართულ საბრძოლო ტრადიციებზე ინფორმაციის შეგროვება, მათი აღორძინება და ახალგაზრდებში პოპულარიზაცია. სხვათა შორის, ჩვენი გამოსვლების ნახვის შემდეგ, ბევრს სურვილი უჩნდება, რომ მოგვბაძოს. წარმატებებსაც ვაღწევთ. თბილისში ჩატარებულ საბრძოლო ხელოვნებების ფესტივალზე, სადაც მსოფლიოს საბრძოლო ხელოვნების 11 სახეობა იყო წარმოდგენილი, ქართველმა "შავფაროსნებმა" პირველი ადგილი დავიკავეთ.

—  მარიტა, სკოლაში ასწავლით, დარწმუნებული ვარ, ასეთი ფიზიკური მომზადების ქალი-მასწავლებელი ბევრს არ ეყოლება.

—  თბილისის მე-10 საჯარო სკოლაში ვმუშაობ, პირველი კლასის დამრიგებელი ვარ. ჩემს მოსწავლეებს, რა თქმა უნდა, ჩემი ფარ-ხმალი ძალიან მოსწონთ და  ჩვენი  გამოსვლებით აღფრთოვანებულები არიან. რამდენიმემ უკვე მითხრა, როცა გავიზრდები, შავფაროსანი გავხდებიო. ჩემმა მოსწავლე გოგონამ კი მშობლებს ფარისა და ხმლის ყიდვა მოსთხოვა. ერთი გაკვეთილი საბრძოლო ხელოვნებაზე საუბარს დავუთმე და მოსწავლეებს ჩემი აღჭურვილობის პატარა ნაწილიც ვაჩვენე. იმედი მაქვს, რომ მოზარდებს ჯანსაღი ცხოვრებისადმი ინტერესს გავუჩენ. ძალიან გადატვირთული გრაფიკი მაქვს. მეცადინეობასა და სამაგისტროზე მუშაობას დიდი დრო მიაქვს, მაგრამ, მიუხედავად  ასეთი გრაფიკისა, კვირაში სამი დღე ორ-ორი საათით ვარჯიშს, როგორც ჩვენს დარბაზში, ისე მის ფარგლებს გარეთ, მაინც ვახერხებ.

© მ.ბიბლაიას ფოტოარქივიქართველი "შავფაროსნები", არქივის ფოტო.
ქართველი შავფაროსნები, არქივის ფოტო. - Sputnik საქართველო
ქართველი "შავფაროსნები", არქივის ფოტო.

—  ცნობილია, რომ საქართველოში ფიზიკურად ძლიერ ქალებს მაინცადამიანც არ წყალობენ, გარკვეულწილად, უფრთხიან კიდეც. თქვენი საქმრო რა აზრისაა თქვენს ამორძალობაზე?

—  ჩემი საქმრო ყველაზე დიდი გულშემატკივარია და ქართული საბრძოლო იარაღების კოლექციის შექმნაშიც მეხმარება. ეგ კი არა, თვითონაც დაინტერესდა და ჩვენი დიდი ოჯახის წევრიც გახდა.საერთოდ, „შავფაროსნების“ სახით ცხოვრებაში ერთგული მეგობრები შევიძინე. ყველა მზად არის ნებისმიერ დროს დაგეხმაროს. გვყავს მზრუნველი მასწავლებლები, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ, საქმე გაგვიმარტივონ და ყველა ილეთი დეტალურად აგვიხსნან. მეამაყება, რომ ასეთ ერთგულ და სანდო ადამიანებში მოვხვდი. ჩვენ ერთი დიდი და საყვარელი ოჯახივით ვართ.

—  არსებობს რაიმე საერთო პრინციპი, რომელიც შავფაროსანმა აუცილებლად უნდა დაიცვას?

—  შავფაროსნისთვის სამი მთავარი სიტყვა არსებობს: სიბრძნე, სიმართლე და ძალა. ეს არის ის პრინციპი, რომელიც არა მარტო შავფაროსანმა უნდა გაიაზროს და გაითვალისწინოს, არამედ თითოეულმა მამულიშვილმაც. იგი აღებულია ქრისტიანული ფილოსოფიიდან და სახარების განმარტებას წარმოადგენს. სახარება არის: სიბრძნე, სიმართლე და ძალა. სწორედ ამ სამის ცნების ერთიანობა ბადებს გამარჯვებას. მართალი ადამიანი, რომელსაც არ აქვს ძალა, საკუთარ სიმართლეს ვერ დაიცავს. ბრძენი, რომელსაც არ აქვს სიმართლე, ბრძენი არ არის. ძალა კი სიბრძნისა და სიმართლის გარეშე არ არსებობს.

—  დიდი მადლობა და ცხოვრებაშიც ამ პრინციპის გატარებას გისურვებთ.


ყველა ახალი ამბავი
0