მიმოქცევაში ახალი დიზაინისა და გაძლიერებული დაცვის მქონე ლარის ბანკნოტები გამოვიდა

© https://www.facebook.com/nbg.gov.ge/50 ლარი
50 ლარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლარის ახალი ბანკნოტების დამცავი ნიშნებითაა აღჭურვილი, რომელსაც მომხმარებელი ადვილად ამჩნევს, ასევე გაზრდილია ბანკნოტების ზომა.

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 1 თებერვლიდან მიმოქცევაში 20 და 50 ლარის ნომინალის ახალი ბანკნოტები გამოუშვა.

ამასთან, მიმოქცევაში რჩება წინა ემისიების კუპიურებიც. 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები, რომლის დიზაინიც უკვე შემუშავებულია, მოგვიანებით გამოვა მიმოქცევაში, იუწყება ეროვნული ბანკის პრესსამსახური.

20 წლის ისტორიის განმავლობაში ეს ბანკნოტების დიზაინის პირველი მნიშვნელოვანი განახლებაა. ლარის განახლებული დიზაინის პრეზენტაცია 2015 წლის ნოემბერში გაიმართა.

ლარის განახლებულ ბანკნოტებზე შენარჩუნებულია კარგად ნაცნობი,  ლარის ბანკნოტების თავდაპირველი თემატიკა, ამავდროულად ბანკნოტებზე წარმოდგენილი ისტორიები გამრავალფეროვნებულია ცალკეული ახალი ელემენტებით. 

განახლებული დიზაინი კიდევ უფრო მეტი სიზუსტით და თანამედროვე იერსახით წარმოაჩენს საქართველოს მნიშვნელოვან კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობას.

ლარის განახლებულ ბანკნოტებს ახასიათებს მკვეთრად გამორჩეული ფერების სპექტრი, რომელიც ჰარმონიულად არის შეხამებული ძირითადი სიუჟეტების დომინანტურ და კონტრასტულ ფერებთან.

განახლდა  ლარის ბანკნოტის ზომებიც. გამოყენებულია ნომინალების მიხედვით ბანკნოტების ზომების დიაგონალური, სიმეტრიული ზრდის პრინციპი. 

ლარის განახლებული ბანკნოტები დაცულია მომხმარებლისათვის მარტივად აღქმადი და ამავე დროს, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური პროცესის შედეგად მიღებული დამცავი ნიშნებით. 

მათ შორის  დატანილია ნომინალის ამომცნობი  ნიშანი სუსტი  მხედველობის  მქონე პირთათვის. 

ლარის განახლებული ბანკნოტები დამზადებულია ისეთი მასალებისა და დამცავი მექანიზმების გამოყენებით, რომლებიც ზრდის მიმოქცევაში მათ მდგრადობას დაბინძურებისა და ბუნებრივი ცვეთისადმი.

განახლებული 20, 50 და 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების დიზაინის ავტორი ბაჩა მალაზონიაა.

საქართველოს ეროვნულ ბანკში შემუშავებული ლარის განახლებული ბანკნოტების ესკიზების სრულყოფის პროცესში მონაწილეობდნენ მსოფლიოს წამყვანი კომპანიები: „Giesecke&Devrient“ (გერმანია), „OberthurFiduciaire“ (საფრანგეთი), „DeLaRue“ (ინგლისი). 

განახლებული 20, 50 და 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების  შესახებ დაწვრილებითი  ინფორმაციის მისაღებად  შეგიძლიათ ეწვიოთ სპეციალურ ვებგვერდს

5 და 10 ლარის  ნომინალის ბანკნოტები განახლდება მოგვიანებით.

საქართველოს ეროვნული ვალუტა ლარი დაბადების დღეს 2 ოქტომბერს აღნიშნავს. სწორედ ამ დღეს, 1995 წელს ლარი გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება გახდა საქართველოში. სიტყვა “ლარი” ძველი ქართული  სიტყვაა და  ზოგადად განძს, ქონებას ნიშნავს.


ყველა ახალი ამბავი
0