თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. დამასკის სამხრეთით, საიდ ზაინაბის კვარტალში სამმაგი ტერაქტის მსხვერპლი 59 ადამიანია, დაშავებული კი — 128, განუცხადა საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ წითელი ნახევარმთვარის თანამშრომელმა.
კვირას დამასკის შიიტურ კვარტალში სამი აფეთქება მოხდა. ავტომობილში ჩამონტაჟებული ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ტერორისტებმა დისტანციურად ააფეთქეს, ამავდროულად, ავტომობილთან ახლოს სამარშრუტო ავტობუსში თავი აიფეთქა თვითმკვლელმა ტერორისტმა. რამდენიმე წუთის შემდეგ კიდევ ერთმა ტერორისტმა აიფეთქა თავი.
„საავადმყოფოში კიდევ რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა. ახლა მსხვერპლის რაოდენობა 59-ია, 128 — დაიჭრა“, — განაცხადა სააგენტოს თანამოსაუბრემ.
პირველი ორი აფეთქება ბაზართან ახლოს მოხდა. მეორე აფეთქების გამო ბევრი ბავშვი დაიღუპა, რომელთაგან ზოგი მიკროავტობუსით, ზოგი კი ფეხით მიდიოდა სკოლიდან. დაიწვა ათობით ავტომობილი და მაღაზია. ძლიერ დაზიანდა ახლომდებარე საცხოვრებელი სახლები.
მეორე თვითმკვლელი ტერორისტი გაზის ბალონების საწყობთან ცდილობდა თავის აფეთქებას, თუმცა მოწყობილობა ბალონებიდან რამდენიმე მეტრში ამოქმედდა და ბალონები არ აფეთქდა.
მსხვერპლთა ზუსტ რაოდენობას მედიკოსები და სამხედრო მოსამსახურეები ჯერჯერობით ვერ ასახელებენ. საავადმყოფოებში ათეულობით მძიმედ დაშავებული იმყოფება.