თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. H1N1 ვირუსით გამოწვეული გართულებების გამო საქართველოში კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობამ შვიდს მიაღწია, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, შემთხვევა ლეტალური შედეგით თბილისში მოხდა. მამაკაცმა ექიმს დიდი ხნის განმავლობაში არ მიმართა.
წლის დასაწყისიდან ე.წ. „ღორის გრიპის“ — H1N1 ვირუსის გართულების შედეგად საქართველოში ექვსი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო H3N2 ვირუსით — ერთი.
დაავადების გახშირებული შემთხვევების გამო ექიმები საგანგებო რეჟიმით მუშაობენ, განსაზღვრულია სადღეღამისო რეჟიმში მომუშავე სამედიცინო ცენტრები.
საქართველოსთვის ეპიდემიის ზღვარი 100 ათას ადამიანზე 500 შემთხვევაა. ამ დროისთვის ეს მონაცემი ასი ათასზე 350 ადამიანია. ვირუსის გავრცელება პიკს, სპეციალისტების განცხადებით, თებერვალში მიაღწევს.