გურამ ბერიშვილი —მათემატიკოსი, ლიბერალი მოაზროვნე და საზოგადო მოღვაწე. იგი გახლდათ საქართველოში კატეგორიათა თეორიის განვითარების ინიციატორი. ბატონი გურამი მათემატიკის იმ სახელმძღვანელოების ავტორია, რომლითაც წლების მანძილზე საქართველოს სკოლებში ასწავლიდნენ და რომელსაც უცხოეთშიც ხვდა წარმატება. გურამ ბერიშვილი ერთ-ერთი მათგანია, ვისი თაოსნობითაც თავის დროზე, თბილისში, კომაროვის სახელობის ცნობილი ფიზიკა-მათემატიკური სკოლა დაარსდა. დღეს იგი პერიოდულად მათემატიკის შესახებ საინტერესო ლექციებს ატარებს.
- ბატონო გურამ, ცნობილია, რომ მათემატიკის სახელმძღვანელო, რომლის ერთ-ერთი ავტორიც თქვენ ბრძანდებით, ინგლისის სკოლაში იმდენად მოეწონათ, რომ დაინტერსდნენ მას ორიგინალში, ანუ ქართულ ენაზე გაცნობოდნენ, ასეა?
— სანამ ამ ამბავს მოგიყვებით, გეტყვით, რომ ჩემი მონაწილეობითა და უშუალო ხელმძღვანელობით კონკრეტულმა ჯგუფმა შექმნა მათემატიკის სახელმძღვანელოები, რომელიც სკოლაში პირველიდან მერვე კლასებისთვის კარგად მუშაობდა. ეს სახელმძღვანელოები 1976 წლიდან არსებობს. ამასთან დაკავშირებით ასეთი ამბავი მახსენდება: ერთ ქართველ ქალბატონს, რომელიც ინგლისის სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად მუშაობს, ეს სახელმძღვანელოები საქართველოდან წაუღია და ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებს მათემატიკას სწორედ ამ სახელმძღვანელოთი ასწავლიდა. ინგლისელ მოსწავლეებს ეს წიგნი თურმე იმდენად მოსწონებიათ, რომ მასწავლებელს სთხოვეს, ის ენაც გვასწავლეთ, რომელზეც ეს წიგნია დაწერილიო,- ეს ჩემი შრომის ყველაზე მაღალი შეფასებაა, რაც კი მსმენია…
- ბატონო გურამ, მათემატიკის ეს სახელმძღვანელოები საქართველოში შაშკინის მინისტრობის დროს აიკრძალა?
— დიახ, შაშკინის დროს ეს სახელმძღვანელო საქართველოში აკრძალეს. საერთოდ თავის ქებაში არ ჩამომართვათ და, იშვიათია ჩემი რანგის მათემატიკოსი, რომელსაც პირველ კლასში მასწავლებლად ამდენი წელი უმუშავია. ამდენად მასში ამ ჩემი ცოდნაც და იმ წლების პრაქტიკული, პედაგოგიური გამოცდილებაც აისახა.
-2016 — კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლისთვის საიუბილეო წელია, მის სათავეებთან თქვენც იყავით, გაიხსენეთ ის დრო…
— მათემატიკური სკოლა-ინტერნეტი, რომელიც ასეთ შეუსაბამო სახელს ატარებს დაარსებიდან 50 წლისთავს იხდის, არადა, 1964 წელსაა დაარსებული. რაც შეეხება სახელს, კომაროვი კოსმონავტი იყო, ის კატასტროფისას დაიღუპა და ამ სკოლასთან კავშირი არ ჰქონია.
1964 წლის გაზაფხულზე პროფესორ ფილიმონ ხარშილაძის ინიციატივით მათემატიკური სკოლა-ინტერნატის შექმნა გადაწყდა. ამ საქმეში ჩაება მათემატიკის ინსტიტუტის ახალგაზრდა თანამშრომლების საკმაოდ დიდი ჯგუფი: ხვედრი ინასარიძე, ვახტანგ კოკილაშვილი, რამაზ აბდულაევი, ვახტანგ პაატაშვილი და მათ შორის მეც გახლდით. შესაძლოა, ვინმე გამომრჩა, მაპატიეთ. ამ საქმეში დიდი თანადგომა აკადემიის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ნიკო მუსხელიშვილმა გამოგვიცხადა. გადავწყვიტეთ, რაიონებში თვითონ წავსულიყავით, მოსწავლეებს გავსაუბრებოდით და მათგან საჭირო უნარ-ჩვევების მქონეთათვის თბილისში ამ სკოლა-ინტერნეტში სწავლა გვერჩია. განზრახული გვქონდა, რომ მოსწავლეებს შემდეგშიც ასე შევარჩევდით. ყოველ მათგანს მიეწერებოდა იმ ადამიანის სახელი, ვინც ის ჩამოიყვანა და მათი წარმატების მიხედვით მომავალში მოსწავლეთა შერჩევას ამ მათემატიკოსს ვანდობდით ან აღარ ვანდობდით. განათლების სამინისტრომ შემოგვთავაზა ყოფილი სპორტული სკოლა-ინტერნატის შენობა, რომელშიც კომაროვის სკოლა დღესაც აგრძელებს არსებობას. სკოლამ ფუნქციონირება 1964 წლის სექტემბერში დაიწყო, პირველი ნაკადი კი 1966 წლის გაზაფხულზე გამოუშვა.
-თუ შეიძლება, გაიხსენეთ თქვენს მიერ აღმოჩენილი ნიჭიერი მოსწავლე, რომელიც შემდეგში წარმატებული მათემატიკოსი გახდა.
— მახსოვს, საგარეჯოში აღმოვაჩინე ვანო დემეტრაშვილი, რომელიც შემდეგში მათემატიკის ინსტიტუტში წარმატებით მუშაობდა. დღეს კი ფერმერია. ასევე თემურ ფირაშვილი, რომელიც ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორია, ადრე გერმანიაში მუშაობდა.
-ბატონო გურამ, ცნობილია, რომ კომაროვში გაკვეთილებზე მოსწავლეები მარტო მათემატიკას არ სწავლობდნენ. თქვენ სწავლებისა და მოსწავლეებთან ურთიერთობის თავისებური, იმ დროისთვის უჩვეულო მეთოდი გქონდათ..
— სკოლის მოსწავლეებთან არა მხოლოდ მათემატიკაზე გვქონდა საუბარი ან გაკვეთილი, მათთან ერთად ფეხბურთს, კალათბურთს, ფრენბურთს ვთამაშობდით და საინტერესო ადგილებში ექსკურსიებზეც დავდიოდით. სკოლაში პირადად ჩემი მოწვეულია ანდრეი კოლმოგოროვი და სხვა მათემატიკოსებიც. სკოლის მოსწავლეებთან ფეხბურთი იმ დროისთვის ახალგაზრდა, დღეს კი მსოფლიოში გამოჩენილ მათემატიკოსებს უთამაშიათ.
- უკვე ვახსენეთ, რომ ამ სკოლას შეუფერებელი სახელი აქვს, თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული, ვისი სახელობის იქნებოდა იგი?
— ის კაცი, კომაროვი, თავისთავად კარგი ადამიანი იყო, მაგრამ ჩემი აზრით, მათემატიკის სკოლა საქართველოში ფილიმონ ხარშილაძის სახელობის უნდა იყოს, ამ საქმის წამომწყები ის გახლდათ. გაზაფხულზე უნდა ჩატარდეს ამ სკოლის საიუბილეო ღონისძიება, სადაც ყველა კომაროველი მიიღებს მონაწილეობას.
- ბატონო გურამ, დღეს საინტერესო ლექციებს ატარებთ, სულ ახლახან გამართეთ ლექცია თემაზე:,,მათემატიკა და მუსიკა“…
— ეს ვრცელი თემაა და რაც მნიშვნელოვანია, საზოგადოებაში მის მიმართ ინტერესი არსებობს. ესეც ამ ორი დარგის სიახლოვის არგუმენტია. ამ თემას მოგვიანებით აუცილებლად განვაგრძობთ.
- და მაინც… მუსიკა და მათემატიკა- რა კავშირია მათ შორის?
— ეს ხომ ერთი და იგივეა?! —მუსიკა არის ხელოვნების მწვერვალი, მათემატიკა — ლოგიკური აზროვნების მწვერვალია!
- ფიზიკოსებსა და ლირიკოსებს ერთ კატეგორიაში აქცევენ ხოლმე, მათემატიკოსებზე რას იტყვით?
— ფიზიკას კავშირი აქვთ პოეზიასთან, მათემატიკას კი- მუსიკასთან…
- როდესაც შეუძლოდ ხართ, რომელიმე მელოდიის მოსმენა თუ გშველით?
— როდესაც ცუდად ვარ — წამალს ვსვამ, რომელს ვუსმენ?— რა თქმა უნდა, მეშვიდეს!
- და (ბეთჰოვენის) მეცხრეს, არა?
— მეცხრესაც… მუსიკა —მუსიკა!…
- დიდი მადლობა და თქვენს ლექციებზე საინტერესო აუდიტორიას გისურვებთ.