თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. "Ski patrol"-ის თანამშრომლები, რომლებიც სათხილამურო კურორტ გუდაურში პატრულირებენ, დარღვევების დაფიქსირების შემთხვევაში, 20-დან 200 ლარის ოდენობის ჯარიმას გამოწერენ.
მთის კურორტებზე კანონის გამკაცრების გადაწყვეტილება გუდაურში 12 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტის შემდეგ იქნა მიღებული. გოგონას ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მოთხილამურე დაეჯახა. საქართველოს შსს-მ ქვეყნის სამთო-სათხილამურო ტრასებზე ე. წ. მოთხილამურე პატრულირების დანერგვაზე მუშაობა დაიწყო.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, პატრულის თანამშრომელს უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ პირებს და 16-წლამდე ასაკის მოზარდებს, რომლებიც თოვლმავალით გადაადგილდებიან, გაფრთხილება მისცეს ან 100 ლარის ოდენობის ჯარიმა გამოუწეროს. კანონდარღვევის მეორედ დაფიქსირების შემთხვევაში ჯარიმა 200 ლარი იქნება.
„იმ შემთხვევაში, თუ მოთხილამურე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იქნება, მას 20-ლარიანი ჯარიმა გამოეწერება ან საერთოდ აეკრძალება თხილმურით დაშვება ერთი დღის განმავლობაში.
შესაბამისი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს განსახილველად მომავალ კვირაში გადაეგზავნება.