უშგულში ჩარჩენილი გადამღები ჯგუფი შველას ითხოვს

გამოწერა
მარიამ ხაჭვანის ფილმ "დედეზე" მომუშავე 30-კაციანი გადამღები ჯგუფი უკვე ერთი კვირაა ვერ ახერხებს უშგულიდან გამოღწევას. ჯგუფი მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის იმედად არის დარჩენილი.

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik.  მეხუთე დღეა, რაც კინემატოგრაფისტების 30-კაციანი ჯგუფი, რომელიც რეჟისორ მარიამ ხაჭვანის ფილმ "დედეზე" მუშაობს, უშგულშია ჩარჩენილი. ჯგუფის წევრების ინფორმაციით, კალადან უშგულისკენ მიმავალ გზაზე 10 დღის წინ ზვავი ჩამოწვა, რის შესახებაც მათ ადგილობრივ ხელისუფლებას მაშინვე შეატყობინეს, თუმცა ამ დრომდე გზა ისევ ჩაკეტილია.

კინემატოგრაფისტების განცხადებით, მათ ამოეწურათ მედიკამენტები და ყინვების გამო ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ.

„ყველანაირად თავს ვიკავებდით ინფორმაციის გავრცელებისგან, იმის შესახებ რომ 30 კაცისაგან  შემდგარი "დედეს" გადამღები ჯგუფი უკვე ერთი კვირაა ვერ ახერხებს უშგულიდან გამოღწევას, თოვლისგან ჩაკეტილი გზის გამო. ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამუშაოები მიმდინარეობს. სამწუხაროდ გადავაწყდით ადგილობრივი ხელისუფლების აბსოლუტურ უპასუხისმგებლობას და გულგრილობას ჩვენს და ადგილობრივ მოსახლეობის მიმართ. 1 წლის მძიმედ მყოფი ბავშვი გიორგი ჩარქსელიანი (რომელსაც მძიმე ავადმყოფობა დაუდგინდა და გერმანიაში უწევთ მისი გადაყვანა თუმცა უსახსრობის გამო ჯერ საქართველოშია) უშგულიდან ცხენით გადაიყვანეს ზვავებზე, შემდგომ ბატონმა ილო გერლიანმა უზრუნველყო მისი მესტიაში გადაყვანა რომ გადაერჩინა. ფილმს —35 გრადუსში ვიღებდით და ჯგუფის ყველა წევრმა გადაიტანა ვირუსის მძიმე ფორმა, ამოიწურა წამლების მარაგი. ჯგუფი მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის იმედად დავრჩით. მივმართავთ ცენტრალურ ხელისუფლებას აღმოგვიჩინოთ დახმარება. პატივისცემით კინოგადამღები ჯგუფი“, — წერს რეჟისორი მარიამ ხაჭვანი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან განაცხადა,  კინემატოგრაფისტები აზვიადებენ და ისეთ რთულ ვითარებაში არ იმყოფებიან, როგორზეც საუბრობენ.


ყველა ახალი ამბავი
0