თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. გარდაბნის რაიონის ხელმძღვანელის რიგგარეშე არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 17:00 საათის მონაცემებით, 26, 2 % შეადგინა.
გარდაბნის რაიონში ვადამდელი არჩევნები იმ მიზეზით ტარდება, რომ 2014 წელს არჩეული ადგილობრივი მუნიცეპალიტეტის ხელმძღვანელი გარსევან ნიორაძე გარდაიცვალა. სულ გარდაბნის რაიონში 71 ათას 847 ამომრჩეველია.
„ამ დროისათვის 18 813 —მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 26,2 პროცენტს შეადგენს. საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. დღის განმავლობაში მხოლოდ პროცედურული დარღვევები დაფიქსირდა. ამ დროისათვის რაიონულ საარჩევნო კომისიაში შესულია 18 საჩივარი, ხოლო საოლქო კომისიაში ერთი“, — განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ ცსკ-ს ვებ —გვერდზე გამოქვეყნებულ ბრიფინგზე.
გარდაბნის რაიონის გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე ორი კანდიდატი ებრძვის ერთმანეთს მმართველი კოალიციიდან „ქართული ოცნება“ — გოჩა ჯამარაული და ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ — ბესიკ კახაბრიშვილი.