თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. გარდაბნის რაიონის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის რიგგარეშე არჩევნები აჩვენებს, თუ როგორ აპირებს საქართველოს ხელისუფლება შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, განაცხადა დეპუტატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ თინათინ ბოკუჩავამ.
გარდაბნის რაიონში ვადამდელი არჩევნების ჩატარების მიზეზი 2014 წელს არჩეული რაიონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის გარსევან ნიორაძის გარდაცვალება გახდა.
„ეს არჩევნები მნიშვნელოვანია, რადგანაც ეს არის ტესტი იმის, თუ როგორ ჩაატარებს ეს ხელისუფლება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს. ჩვენს ინტერესებშია, რომ მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს ეს არჩევნები“, — განაცხადა ბოკუჩავამ პრესკონფერენციაზე, რაც პარტიის ფეისბუქის გვერდზეა გამოქვეყნებული.
ხელისუფლებამ საარჩევნო პროცესში, პროვოკაციების მოსაწყობად, სპეცსამსახურები ჩართო, აღნიშნა მან.
„დილიდან სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე გადაადგილდებოდნენ დაჯგუფებები, რომლებსაც საარჩევნო პროცესთან არანაირი შეხება არა აქვთ. ეს სწორედ ის უბნებია, სადაც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიგო 2014 წელს ადგილობრივი არჩევნები. სწორედ ამიტომ იყო ამ დაჯგუფებების მხრიდან მცდელობა, რომ გამოეწვიათ პროვოკაციები და ჩაეშალათ არჩევნები. ჩვენ გვყავს დამკვირვებლები ყველა უბანზე და ისინი ცდილობენ, რომ პროცესები არ გავიდეს დემოკრატიული ჩარჩოებიდან“, — განაცხადა მან.
ვაკანტური თანამდებობისთვს კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ კენჭს გოჩა ჯამარაული იყრის, ხოლო პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ — ბესიკ კახაბრიშვილი.
2016 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი. პარტიები 150 სადეპუტატო სავარძლისთვის იბრძილებენ.