თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება და აშშ თანამშრომლობენ საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში, თქვა ამერიკის ელჩმა იან კელიმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ტერორისტული საფრთხე პანკისის ხეობიდან არსად გამქრალა, რუსეთში აკრძალული ტერორისტული დაჯგუფება „ისლამურისახელმწიფო“ ამ ტერიტორიას საწვრთნელად, დასასვენებლად და თავისი რეზერვების შესავსებად იყენებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უარყო რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადება.
„საქართველო და აშშ ერთად ებრძვიან ტერორიზმს. ჩვენ მოვისმინეთ გუშინ მოსკოვში გაკეთებული განცხადება. ამასთან დაკავშირებით მე გამოვიყენებდი გიორგი კვირიკაშვილის სიტყვებს. მან თქვა, რომ სიტუაცია კონტროლს ქვეშაა და ჩვენ სრულად მხარს ვუჭერთ საქართველოს ამ საკითხში“, — ციტირებს კელის ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
საქართველოს ხელისუფლების ბოლო მონაცემებით, სირიაში საომარ მოქმედებებში „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში 50-მდე ქართველი მონაწილეობს. გარდა ამისა, ცნობილია, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი თარხან ბათირაშვილი, იგივე აბუ უმარ აშ-შიშანი, საქართველოს მკვიდრია, რომლის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა.