თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. სამშაბათს შემდგარ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა და ლარის საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2,4970 GEL/$1 შეადგინა.
მიუხედავად ვალუტის გაყიდვისა, 27 იანვრისათვის საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსი 2.4984 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა, რაც ლარის ისტორიული მინიმუმია.
2015 წლის სექტემბრის ბოლოდან, როცა ლარის კურსი 2,4499 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა, ეროვნულმა ბანკმა, მისი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ლარის კურსის სტაბილიზაციისათვის, უფრო აგრესიული პოლიტიკის გატარება დაიწყო. გასულ წელს ოთხ სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 87 მილიონი დოლარი გაყიდა, რამაც საშუალება მისცა ლარის კურსი 2,39 GEL/$1 ნიშნულამდე აწეულიყო.
შედეგად, დღეისათვის, 7 სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა თითქმის 147 მილიონი დოლარი გაყიდა.