Sputnik საქართველო, ამერიკულ თოვლში გამომწყვდეულ ქართველებს დაუკავშირდა და იქაური თოვლიანი ამბები გაიგო.
ცუცა კაპანაძე, ნიუ-იორკში მცხოვრები მსახიობი.
-ცუცა, რა ხდება მანდ? როგორ ხართ?
-მგონი, გადავრჩით! პარასკევს ღამე რომ დაიწყო თოვა, მთელი ღამე არ გაჩერებულა. შაბათს, ნიუ-იორკში შტორმი გამოცხადდა და ამის მერე, ყოველ საათში ერთხელ გვიგზავნიდნენ მესიჯებს, რომ გარეთ არ გავსულიყავით, რადგან საშიში იყო, მაგრამ ჩვენ რა გაგვაჩერებს? ერთმანეთთან მისვლას მაინც ვახერხებთ.
-ავტომობილით გადაადგილების პრობლემა თუ არის?
- რომ გადაადგილდე, ჯერ თოვლში ჩაფლული შენი მანქანა უნდა იპოვო. იმ დღეს ხელში ავიღე ნიჩაბი და ჩემი მეგობრის მანქანა თოვლიდან მე თვითონ,,ამოვთხარე“… სახალისოც კი იყო ეგ ამბავი! ისე, ყველგან მარილია მოყრილი და მანქანით მოძრაობა შეიძლება.
ბექა გოგინაშვილი, ნიუ-იორკში მცხოვრები საოპერო მომღერალი.
-ბექა, როგორია ნიუ-იორკის დიდთოვლიანი ზამთარი, უძლებთ ქართველები?
-თქვენ წარმოიდგინეთ, ნიუ-იორკის მკაცრ ზათარს მიუხედავად იმისა, რომ საშიშია, თავისი დადებითი და ლამაზი მხარეებიც აქვს. ქართველებს უცხო ქვეყანაშიც ერთმანეთის შეხვედრაში ხელს არაფერი გვიშლის და არც ამერიკული მკაცრი ზამთარია გამონაკლისი. სტუმრად მისვლას, სუფრის გაშლას და სიმღერას მაინც ვახერხებთ. ჩვენთვის შეხვედრების ასეთიადგილი ყოველთვის იყო და მით უფრო, ახლა არის ნიუ-იორკში არსებული,,Dancing Crane Studio“, რომლის დირექტორიც საქართველოზე შეყვარებული ამერიკელი, ბატონი ვიქტორ სირელსონია. ამერიკული ზამთრისგან გაყინული ქართველები მის სტუდიაში ვიკრიბებით და ვთბებით.
-თქვენი კონცერტი ნიუ-იორკში დიდი თოვლის გამო გადაიდო?
-დიახ, სამწუხაროდ დიდი თოვლისა და სტიქიის გამო 24იანვარს დაგეგმილი ჩვენი კონცერტი გადაიდო. თუმცა სანამ საქართველოში ჩამოვალ, ის მაინც ჩატარდება, რადგან კონცერტი საქველმოქმედოა და ქართული კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება.
გოჩა ფასეიშვილი, ბრუკლინში მცხოვრები სპორტსმენი.
-გოჩა,,,გურულები ამერიკაში“ ძველი თემაა და მისი ახლებური ვარიანტი ალბათ იქნება:,,გურულები თოვლიან ამერიკაში“
-აქ 75 სანტიმეტრი თოვლი დევს და გურიაში რომ იცის ხოლმე ისეთი ამინდებია: კი ცივა, მაგრამ მზეა. ჩემს ბავშვობაში იყო ასე და ახლა არ ვიცი, როგორაა. გზები გაწმენდილია და ყველგან, მთელ ქალაქში მარილია მოყრილი. ასე რომ, გადაადგილების პრობლემა არ არის, მაგრამ ზოგი აბდალი-ექსტრემალი სპეციალურად ელოდება ასეთ ამინდს, რომ თოვლზე მანქანით,,გასრიალდეს“.
-ამ დღეებში მთელ ამერიკას ნიჩაბი უჭირავს ხელში და სახლი ალბათ შენც გადმოთოვლე?
-აქ ისეთი კანონია, რომ ყველა მოსახლემ თავისი ტერიტორია უნდა გაწმინდოს თოვლისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდ ჯარიმას იხდიან. სახლის სახურავები კი ისეა გაკეთებული, რომ გადათოვლა არ სჭირდება, 10 სანტიმეტრის თოვლი თუ დაგროვდა, თავისით ცვივა. სკოლები არ დაუხურავთ, მაგრამ ბავშვებს დაგვიანების უფლება მისცეს. ასე რომ, ამერიკა როგორც ყოველთვის სტიქიასთან გასამკლავებლად მზადაა. საქართველოში კი სამწუხაროდ ასეთ შემთხვევებში გუბერნატორი იქნება თუ პოლიცია, მხოლოდ საკუთარ თავს უკეთებს რეკლამას, გამოდიან ტელევიზიით და აჩვენებენ ყველას, რომ,,ხალხთან დგანან“.
-გოჩა, დარწმუნებული ვარ, სტუმრიანობას თოვლშიც არ მოიშლიდი?
-მე საკუთარ სახლში ვცხოვრობ და ჩემთან მართლაც იკრიბებიან ქართველები.ამას წინათ სტუმრები მეწვივნენ აზერბაიჯანიდან, იქაური კრივის დელეგაცია იყო ჩამოსული. მაშინვე დავურეკე ჩვენებს და ვთხოვე, თუ რაიმე პრობლემა არ გაქვთ ამ ზამთარში, ჩემთან მოდით სტუმრად მეთქი. ჰოდა, შევიკრიბეთ! ისე, ამერიკაზე და გურულებზე ერთი ლექსი გამახსენდა, ადრე სკოლაში ვამბობდი:,,გეიწიე იქით გოგო, გეიწიე იქით საცხა, /შენ კი არა გურულებმა ამერიკა დაამარცხა“! ასე რომ, ჩვენ რა ზამთარი მოგვერევა?!
როგორც შევიტყვე, დიდთოვლობისას თურმე ამერიკაში მცხოვრები ქართველების დევიზად ნიკო გომელაურის რეკლამად ქცეული სტროფი იქცა:,,მერე რა, რომ ზამთარია, ჩვენ ერთად ვართ მთავარია“! მოკლედ, ქართველების გაერთიანების დღემდე ცნობილ სხვადასხვა საბაბს, კიდევ ერთი, ამერიკული ზამთარიც მიემატა…