თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. აშშ–ის ფინანსთა სამინისტროს უსაფუძვლო ბრალდება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მისამართით, თავად ამერიკულ უწყებას სცხებს ჩირქს და დამტკიცებას მოითხოვს, — განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
წარსულში უცხოური მედია ტელეარხ „ბი–ბი–სის“ ეთერით გასულ გადაცემა „პანორამაზე“ წერდა, რომელშიც აშშ–ის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი ადამ შუბინი— რომელიც ანტირუსული სანქციების საკითხებით იყო დაკავებული — რუსეთის პრეზიდენტს „კორუფციის განსახიერებად“ მოიხსენიებდა. შუბინის თქმით, ამერიკის მთავრობისთვის ეს ფაქტი უკვე კარგა ხანია, რაც ცნობილია.
„მხედველობაში მაქვს აშშ–ის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის კომენტარი. აქ უკვე სხვა ვითარებაა, ეს ოფიციალური ბრალდებაა. ის, უპირველესად, მკაფიოდ მოწმობს იმას, ვინ დგას დირიჟორის პულტთან, მეორეც, მოითხოვს დამტკიცებას, ვინაიდან ისეთი უწყების მიერ გაჟღერებული ბრალდება, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრო, კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, თავად ამ უწყებას სცხებს ჩირქს“, — აღნიშნა პესკოვმა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დააზუსტა, რომ კრემლი ამერიკული სამინისტროსგან შესაბამისი მტკიცებულებების მოთხოვნას არ დაიწყებს.
„ჩვენ არ დავიწყებთ აშშ–ის ფინანსთა სამინისტროსგან მტკიცებულებების მოთხოვნას. საქმე ისაა, რომ თუ ისინი ასეთ ოფიციალურ განცხადებას დაუმტკიცებელს დატოვებენ, ეს, ვიმეორებ, თავად ამ უწყების რეპუტაციას შელახავს. ჩვენი ამოცანა არ გახლავთ მტკიცებულებების მოთხოვნა. ეს თავად ამერიკული უწყების ამოცანაა, წარმოადგინოს რაიმე მტკიცებულება და დაგვანახოს, რომ ოფიციალური წარმომადგენლის ნათქვამი უსაფუძვლო ცილისწამება არ არის“, — ხაზი გაუსვა პესკოვმა.