ანა ქათამაძე
საქართველოში არ მეგულება ქალაქი ბათუმის მსგავსად რომ უხდებოდეს ზამთრის სამშვენისი. არ მეგულება ქალაქი, ასეთი მედიდურობით რომ მოირგოს ზამთრის ქურქი. არ მეგულება მსგავსი სილამაზე, ლამპიონების შუქზე მოლიცლიცე ფანტელების ნავარდი რომ ჰქვია.
ამ სითეთრეში თოთქოს ცა და დედამიწა ერთმანეთს შეერწყა. ამ სითეთრეში თითქოს ზღვა და ნაპირი გაერთიანდა, მათ შორის ზღვარი წაიშალა და ერთი მთლიანი გახდა.
ზღვის სანაპიროს გაკვალული გზით მივუყვები, ვცდილობ გაუკვალავ თოვლს ფეხი არ შევახო და არ დავარღვიო აქაური სიმყუდროვე…
ღმერთო, ისეთი მშვიდი და წყნარია ზღვა, რაღაცნაირი ლურჯი და სუფთა, ისეთი პატარაა ტალღები, თითქოს ზღვაც ცდილობს თავისი ხმაურით ეს იდილია არ დაარღვიოს. ჰორიზონტი კი… ჰორიზონტი თეთრმა წაშალა.
ბულვარში ჩემი სათაყვანელებლი მაგნოლიები მობუზულან. ასწლოვანი ბებერი ხეები თავმომწონედ დგანან, თვალსაწიერზე ყველასთვის საყვარელი „რვაფეხა“ გამოჩნდა. იმდენი თოვლის ბაბუაა ირგვლივ, გეგონება ბულვარს დაეპატრონენო…
უკვე ვეღარ ვითვლი მალულად ნასროლი მერამდენე გუნდა მომხვდა… და ეს არც მაბრაზებს, პირიქით. აქაურობა ახალგაზრდებითაა სავსე, ყველას აღტაცებული და ამაღლებული განწყობა აქვს. იმდენი სილაღეა, იმდენი სისადავე, იმდენი ღიმილი და ემოცია — ზღაპარში მგონია თავი.
კაფეში შევედი და ფანჯარსთან მოვკალათდი, ისეთი ლამაზი ხედია, რომ თითქოს სიტყვებიც არ გყოფნის ამის გადმოსაცემად. ჩაი შევუკვეთე და დარბაზს გადავხედე. გვერდით მაგიდასთან წყვილი ზის. ბიჭს გოგოს ხელი უჭირავს ხელში და ეფერება. გოგო თითქოს არ იმჩნევს და ყურადღებას არ აქცევს:
— ისეთი ლამაზია ყველაფერი ევროპაში მგონია თავი,- გოგონა ცდილობს შინაგანი სითბო და ემოცია სხვა რამეზე გადაიტანოს. - ჰო, ჩვენ ჩვენი ევროპა გვაქვს, — პასუხობს ბიჭი. ჩემდაუნებურად გამეცინა. ჩაი მალე დავლიე და იქიდან გამოვედი და ახალგაზრდები „მათ ევროპაში“ დავტოვე…
მართლაც ევროპას ჰგავს ჩემი ბათუმი — ლამპიონებით განათებული ქუჩებით, კაფეებით, უძველესი შენობებით, ულამაზესი ხედებით…
მიუხედავად იმისა რომ თოვს, „ბერეგზე“ ღია კაფეში ხალხის სიმრავლეა, ყველა მაგიდაზე ძირითადად ყავა ან ჩაი ჭარბობს…წეროებითაა გადათეთრებული პორტი…
იმდენად ლამაზია ყველაფერი, დღეს, აქ პრობლემებზე არავინ საუბრობს. თითქოს არ სციოდეთ, თითქოს გაუწმენდავი ქუჩები პრობლემებს არ უქმნიდეთ, თითქოს უშუქობა არ აწუხებდეთ, თითქოს დიდთოვლობისთვის დამახასიათებელი პრობლემები არ აწუხებდეთ, თითქოს არ ბრაზობდნენ იმაზე, რომ მათი ბულვარის დაპატრონება სურს ვიღაცას, თითქოს არ აფიქრებდეთ ხვალიდელი დღის შიში, თითქოს არ ნანობდნენ გუშინდელს, თითქოს არ დაიღალნენ ამდენ ბრძოლაში, თითქოს… თითქოს… თითქოს ყოველდღიურობა ამ სილამაზემ შთანთქა!
დღეს უკვე მერამდენე დღეა თოვს… დღეს უკვე მერამდენე დღეა სახლში დედაჩემის გაბრაზებული ხმა მესმის — როდემდე უნდა თოვდეს, როდის უნდა მორჩეს… დღეს უკვე მერამდენე დღეა გულში ღმერთს ვთხოვ ისევ თოვდეს დღეს, ხვალ, ზეგ იმიტომ რომ მან ბავშვობაში დამაბრუნა… დღეს უკვე მერამდენედ მიხარია, რომ ყველა ფეხით დადის ქუჩაში და ლამის საუკუნის უნახავი ნაცნობ-ახლობლები შეიძლება ნახო…
დღეს უკვე მერამდენე დღეა ბათუმში „ჩვენი ევროპა“ აღმოვაჩინეთ…
ანა ქათამაძე