საქართველოს პრემიერი ოპოზიციასთან კომპრომისზე მიდის

© Пресс-служба премьер-министра Грузииგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი კვირიკაშვილმა გარდაბანში არჩევნებისათვის სპეცუბნების გაუქმების მზადყოფნა გამოთქვა, მაგრამ იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ პარლამენტი ვერ მოასწრებს სპეცუბნების გაუქმების შესახებ კანონის მიღებას.

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. საარჩევნო სპეცუბნების გაუქმების შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, — ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიულ ჯგუფთან შეხვედრისას განაცხადა.

გარდაბნის რაიონული ადმინისტრაციის რიგგარეშე არჩევნების წინ, რომელიც 28 იანვარს უნდა გაიმართოს, გაიხსნა N64 სპეცუბანი ვაზიანის სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეთათვის. ამან ყოფილი მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ უკმაყოფილება გამოიწვია. ოპოზიციამ ხელისუფლებას ბრალი დასდო სამხედროების ხმების თავისი კანდიდატის  სასარგებლოდ გამოყენების განზრახვაში.  

„ჩვენ ვაუქმებთ სპეცუბნებს, ამასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. 

ეს საკითხი უკვე შესულია დღის წესრიგში. ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ თქვენი წინადადებები და თქვენთან ერთად განვიხილოთ თქვენი არგუმენტები, ასევე თქვენც უნდა მოისმინოთ ჩვენი არგუმენტები“, — თქვა კვირიკაშვილმა შეხვედრაზე, რომლის ვიდეო ჩანაწერი მთავრობის გვერდზეა ატვირთული. 

მანამდე, იმის გამო, რომ მმართველმა კოალიციამ „ქართული ოცნება“ უარი თქვა საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლაზე, 2016 წლის შემოდგომაზე, გარდაბანში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე არასაპარლამენტო ოპოზიციამ უარი თქვა. 

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ეს ასევე მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ საქართველო იმყოფება ევროკავშირთან ასოცირების პროცესში და ბოლო პერიოდში, ევროკავშირთან დაახლოების კუთხით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

„ეს მნიშვნელოვანია იმისთვისაც, რომ ჩვენ შევძლოთ და ერთმანეთის მოვისმინოთ. რაღაც შეიძლება გავითვალისწინოთ, რაღაც შეიძლება — არა, მაგრამ მთავარია, კონფრონტაციული ფორმატიდან გამოვიდეთ და საუბრის ფორმატში გადავიდეთ“, — აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

თუმცა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დააზუსტა, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ მოასწრებს გარდაბნის არჩევნებამდე კანონის მიღებას სპეციალურ საარჩევნო უბნებზე. 

„გარდაბანს რაც შეეხება, იქ არჩევნები რამდენიმე დღეში ჩატარდება და აქედან გამომდინარე ამ კანონის მიღება ვერ მოხერხდება“ — უთხრა ჟურნალისტებს წულუკიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში. 

გარდაბანში არჩევნებზე რომლებიც მაჟორიტარული სისტემით ჩატარდება, ორი კანდიდატია დარეგისტრირებული: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი“ ბესიკ კახაბრიშვილი და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი გოჩა ჯამარაული. 


ყველა ახალი ამბავი
0