თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. ორი წლის წინ ინგლისის კონტრდაზვერვამ კიმ ფიბლის დოსიე გაასაჯაროვა, რომელსაც ბრიტანეთის დაზვერვაში (SIS) მაღალი პოსტი ეკავა, მაგრამ საბჭოთა შპიონი გახლდათ, — განუცხადა „არგუმენტი ი ფაქტის“ „კაგებეს“ კონტრდაზვერვის ყოფილმა თანამშრომელმა, პოდპოლკოვნიკმა, მწერალმა და სპეცსამსახურების ისტორიკოსმა იგორ ატამანენკომ.
„Sputnik სომხეთი“ გაზეთზე დაყრდნობით წერს, რომ ეს იყო ერთადერთი ადამიანი მსოფლიოში, რომელსაც ორი ურთიერთგამომრიცხავი ჯილდო ჰქონდა მიღებული პირდაპირი კონკურენტებისგან: 1945 წელს — ბრიტანეთის იმპერიის ორდენი, რომელიც თავად ინგლისის მეფემ, გეორგ VI–მ გადასცა, ხოლო 1947 წელს — წითელი დროში ორდენი, სტალინის მითითებით. ორივე ჯილდო დაზვერვაში მიღწეული წარმატებებისთვის გაიცა!
ბრიტანულმა დაზვერვამ (მი–5) არაერთხელ შეიტანა ეჭვი ფიბლის ერთგულებაში, მაგრამ მის დასაცავად მაშინდელმა პრემიერ–მინისტრმაც კი გამოიდო თავი.
მაგრამ ერთხელ, სადღაც გაუჩინარებული ფიბლის საცხოვრებელი ბინისა და პირადი ნივთების ჩხრეკისას ხელოვნებათმცოდნე ექსპერტმა თვალი შეავლო სტალინის მიერ ნაჩუქარ ბარელიეფს. ეს არარატის მთის ბარელიეფი იყო, რომელიც საუკეთესო საბჭოთა სკულპტორებსა დაემზადებინათ ძვირფასი ჯიშის ხისგან, ხოლო იუველირებს ოქროთი და პლატინით მოევარაყებინათ და ბრილიანტებით შეემკოთ. ეს ნამდვილად ხელოვნების ნიმუში იყო.
ფიბლი ყველას ეუბნებოდა, რომ ანტიკვარული ნივთი სტამბოლში ჰქონდა ნაყიდი. ექსპერტმა კი „ძველებური ნივთის“ ყურადღებით შესწავლის შემდეგ, ფიბლის საბჭოეთთან კავშირის — მართალია, ირიბი, მაგრამ მაინც მტკიცებულება აღმოაჩინა.
არარატის მთის ორთავა მწვერვალი ისე გამოიყურებოდა, როგორც ეს მხოლოდ საბჭოთა სომხეთის ტერიტორიიდან ჩანს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში თურქეთის მხრიდან.