თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. გასული საფეხბურთო უქმეები ქართველი ლეგიონერებისთვის განსაკუთრებულად გამორჩეული არ ყოფილა: თავი მხოლოდ ერთეულებმა გამოიჩინეს.
ამ უმცირესობაში მოხვდა ჯაბა კანკავა, რომელმაც ფრანგულ ლიგაში იმარჯვა. საქართველოს ნაკრების კაპიტნის საგოლე გადაცემა „რეიმსს“ „სენტ-ეტიენის“ წინააღმდეგ არცთუ მარტივ თამაშში ქულის შენარჩუნებაში დაეხმარა. 89-ე წუთზე ქართველი ნახევარმცველის გადაცემა საჯარიმო მოედნის გარედან აისამანდიმ გამოიყენა, ალჟირელმა არ დააყოვნა და „რეიმსისთვის“ ესოდენ საჭირო გოლი გაიტანა. ამ ფრემ „რეიმსი“ ლიგიდან გავარდნას გადაარჩინა. 22 ჩატარებული ტურის შემდეგ ოლივიე გუჟანის გუნდს 22 ქულა აქვს.
წაგების საშუალება არ მისცა „ფეირენსს“ საქართველოს ნაკრების მესამე მეკარემ გიორგი მაკარიძემ. „მაფრას“ წინააღმდეგ გასვლით მატჩში, ბოლო წუთებზე ქართველმა მეკარემ შესანიშნავი სეივი განახორციელა და მასპინძლებს გამარჯვების საშუალება არ მისცა. შეხვედრა ფრე ანგარიშით — 1:1 დასრულდა, ხოლო „ფეირენსი“, 26 ტურის შემდეგ 43 ქულით, პორტუგალიური ფეხბურთის ელიტაში გასასვლელად კარგ შანსს ინარჩუნებს.
თავისი საუკეთესო მატჩი არ ჩაუტარებია ვაკო ყაზაიშვილს. საქართველოს ნაკრებისა და ჰოლანდიური „ვიტესის“ ნახევარმცველმა „აიაქსის“ წინააღმდეგ გასვლით მატჩში 90 წუთი ითამაშა, მაგრამ გულშემატკივარს მხოლოდ ერთი საშიში დარტყმით დაამახსოვრდა, რომელმაც არანაირი დივიდენდები არ მოიტანა. შედეგად „ვიტექსმა“ 0:1 წააგო და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა. არნემის კლუბს 19 ტურის შემდეგ 31 ქულა აქვს. უნდა აღინიშნოს, რომ გაუგებარი მიზეზების გამო, კიდევ ერთხელ სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდა გურამ კაშია. „ვიტესის“ კაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში გასული წლის 8 ნოემბრიდან აღარ გასულა.
ტრავმის შემდეგ სრულებით გამოჯანმრთელებული ლევან მჭედლიძე თამაშგარე დარჩა. „ემპოლის“ თავდამსხმელი „მილანის“ წინააღმდეგ მატჩს სათადარიგოთა სკამიდან ადევნებდა თვალს. შეხვედრა 2:2 ანგარიშით დასრულდა, რაც ტოსკანელებს „А“ სერიაში მერვე ადგილის შენარჩუნებაში დაეხმარა.
გადაიდო გიორგი აბურჯანიას დებიუტიც, რომელიც ცოტა ხნის წინ ესპანეთის მეორე ლიგის „ხიმნასტიკის“ რიგებში გადავიდა. ცენტრალური ნახევარმცველი „ალბასესტეს“ წინააღმდეგ (1:1) გასვლითი თამაშის განაცხადში მოხვდა, მაგრამ მინდორზე არ გასულა.
ბრემენის „ვერდერის“ მწვრთნელთა შტაბმა, რომელსაც გიორგი პაპუნაშვილი ძირითად გუნდში სეზონისწინა მატჩებში აქტიურად გამოჰყავდა, ნახევარმცველი დუბლში დააბრუნა. „ჰოლსტენ კელის“ წინააღმდეგ მატჩში პაპუნაშვილმა მინდორზე 79 წუთი დაჰყო, ხოლო „ვერდერ II“-მ ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა.
თორნიკე ოქრიაშვილმა, რომლის დებიუტიც თურქეთის ლიგაში გასულ კვირას გაიმართა, „სივასპორის“ წინააღმდეგ გასვლითი თამაში სათადარიგოთა სკამზე გაატარა, ხოლო მისმა „ესკიშეხირსპორამ“ 2:1 გაიმარჯვა. სამმა გოლმა სტუმრის რანგში „ესკიშეხირსპორას“ სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილის დატოვების საშუალება მისცა.