თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. გარდაბანში რიგგარეშე ადგილობრივი არჩევნების მოსაგებად ხელისუფლებას სპეცუბნები სჭირდება, სადაც ისისნი სამხედროების ხმებს სათავისოდ გამოიყენებენ, მიიჩნევს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ წიკლაური.
წარმომადგენლების თქმით, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე შექმნილი სპეც უბნის დანიშნულება სწორედ სახელისუფლებო კანდიდატისთვის დამატებითი ხმების მობილიზებას ემსახურება. რიგგარეშე არჩევნების გარდაბანში ჩატარება აუცილებელი მას შემდეგ გახდა, რაც რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გარსევან ნიორაძე გარდაიცვალა. წინასაარჩევნოდ, რომელიც 28 იანვარს იმართება, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე №64 სპეცუბანი გაიხსნა.
„გასულ წელს ეს სპეცუბანი გარდაბანში არ არსებობდა. იგი მხოლოდ ეხლა შეიქმნა, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ არჩევნების მათთვის სასურველი შედეგების მიღწევის საშიშროება იგრძნო“, — განაცხადა წიკლაურმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეების ხმები არჩევნებში არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც ადმინისტრაციული რესურსი.
„ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია სამხედროებმა, რომლებიც არ არიან დარეგისტრირებულნი ამ ტერიტორიაზე, პროპორციული წესით არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა და არა მაჟორიტარულ არჩევნებში“, — აღნიშნა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა —საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.
არჩევნები, რომელიც მაჟორიტარული წესით ტარდება, ორი კანდიდატი იღებს მონაწილეობას — „ქართული ოცნებიდან“ გოჩა ჯამარაული და „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბესიკ კახაბრიშვილი.
არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა გარდაბნის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს.