თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. საბერძნეთში ორშაბათს ასობით ღვინის ქარხანა დაიხურა, ხოლო შესასვლელებთან შავი დროშები გამოიფინა. სიმბოლური საპროტესტო აქცია სამი მსხვილი დარგობრივი ორგანიზაციის მოწოდებით დაიწყო, რომლებიც ღვინოზე ახალი გადასახადის გაუქმებას მოითხოვენ.
2015 წლის დეკემბერში საბერძნეთში ღვინოზე ახალი გადასახადი დაწესდა: 15 ცენტი 0.7 ლ მოცულობის ბოთლზე და 20 ცენტი ერთი ლიტრის მოცულობისაზე. მეღვინეებს მიაჩნიათ, რომ ეს გადასახადი დარგს გაანადგურებს.
თანამედროვე საბერძნეთის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მშვიდობიან პერიოდში ღვინის მწარმოებელი საწარმოები იხურება. თუმცა მეღვინეებს ესმით, რომ მათი აქცია მთავრობას გადაწყვეტილებას ვერ შეაცვლევინებს.
„ეს პირველად ხდება ათწლეულების განმავლობაში, რომ ისეთი თანამედროვე საწარმოები, როგორებიცაა ღვინის ქარხნები — ღვინოსთან ერად არსებული და მასთან ერთად განვითარებადი, უნიკალური ისტორიის მქონე ერთ–ერთი უმთავრესი ბერძნული პროდუქტი და ეკონომიკაში წვლილის შემტანი — იძულებულები ხდებიან, ასე დრამატულად გამოხატონ პროტესტი სახელმწიფოს ირაციონალური და უსამართლო გადაწყვეტილების გამო“, — ნათქვამია პროტესტის ორგანიზატორთა განცხადებაში.
დარგის წარმომადგენლებისგან შემდგარი დელეგაცია, რომელთაც სათავეში საპროტესტო აქციის ინიციატორი სამი ორგანიზაციის პრეზიდენტები ჩაუდგებიან სათავეში, პარლამენტში მისვლასა და მთავრობისა და პოლიტიკური პარტიებისთვის საპროტესტო განცხადების გადაცემას აპირებს.
ამას გარდა, მეღვინეები ქვეყნის ერთ–ერთ უმაღლეს სასამართლოში — სახელმწიფო საბჭოში სარჩელის შეტანასაც გეგმავენ.
მეღვინეობის სფეროში 20 ათასი ოჯახია დასაქმებული, მუშაობს 800–ზე მეტი ღვინის საწარმო, რომელთა უდიდესი ნაწილი — ეს მცირე საოჯახო საწარმოებია.
სპეციალისტების აზრით, გადასახადი თითქოს მცირეა, მაგრამ ის მეღვინეების ფინანსურ მდგომარეობას აუარესებს, ვინაიდან ღვინის წარმოებასა და მის გაყიდვას დიდი დრო სჭირდება, შესაბამისად, მეღვინეებს გადასახადის გადახდა რამდენიმე წლის წინ წარმოებული და საწყობებში შენახული პროდუქციისთვის მოუწევთ.