თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. EBRD-ი მზად არის, დამატებითი სახსრები გამოყოს საქართველოში საგადასახადო და მმართველობის რეფორმის მიმართულებით, განაცხადა შაბათს გამართულ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, იტყობინება მთავრობის პრესსამსახური.
საბჭომ ასევე განიხილა გადასახადის ესტონური მოდელის საქართველოში დანერგვასთან დაკავშირებული ტექნიკური და ადმინისტრაციული საკითხები, მისი განხორციელების შემთხვევაში მოსალოდნელი საფინანსო-ეკონომიკური შედეგები; საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესების საკითხები და 2008 წლამდე დაწყებული, შეჩერებული ბინათმშენებლობების წახალისების პროექტი.
სხდომაზე აღინიშნა, რომ 2008 წლამდე დაწყებული, შეჩერებული ბინათმშენებლობების წახალისების პროექტის მეშვეობით, უკვე 10-ზე მეტი მშენებლობა განახლდა. ეკონომიკური საბჭოს წევრები შეთანხმდნენ, რომ პროექტის უფრო ეფექტურად განხორციელებისთვის, სახელმწიფოს მოქნილობა გაიზრდება.
ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ასევე შეაჯამა დავოსში ვიზიტი და საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია გამართული მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების შესახებ.