თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა (-66კგ) ბრინჯაოს მედალი და 120 სარეიტინგო ქულა მოიპოვა ჰავანაში გრან-პრის ეტაპზე. იტყობინება ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი.
პირველ რაუნდში მარგველაშვილმა წუთნახევარში შეძლო ტურნირის მასპინძლის — კუბელი ჟილბერტო სოლარის წინააღმდეგობის დაძლევა. მეორე რაუნდში ქართველი ძიუდოისტის მოწინააღმდეგ 2010 წლის ევროპის ჩემპიონი ესპანელი სუგოი ურიარტე გამოდიოდა. ორთაბრძოლაში, რომელიც ილეთების გარეშე წარიმართა, მარგველაშვილმა გაფრთხილებების ნაკლები რაოდენობით მოიგო (3:2).
ორ წუთზე ნაკლებ დროში, მარგველაშვილმა ¼ ფინალი გადალახა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მას ფრანგ ლოიკ კარვალთან ელოდა შეხვედრა. მიუხედავად ძლიერი წინააღმდეგობისა, მარგველაშვილმა ვერ შეძლო ევროპის შარშანდელ ჩემპიონთან გამკლავება და რეპეშაჟში მოხვდა.
ბრინჯაოსათვის ორთაბრძოლაში მარგველაშვილმა საკმაოდ იოლად მოუგო გერმანიის წარმომადგენელს სებასტიან სეიდლს.
ვაჟა მარგველაშვილის გარდა, ჰავანის გრან-პრის გათამაშებაში საქართველოს ნაკრების კიდევ ორი წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას: გურამ თუშიშვილი და ალექსანდრე მსხალაზე (ორივე 100 კგ). სწორედ ამ წონით კატეგორიაში აქვს საქარველოს სარეიტინგო ქულების დეფიციტი იმისათვის, რომ რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიადის ლიცენზია მიიღოს.
თუშიშვილი და მსხალაძე თავის ორთაბრძოლებს 24 იანვარს გამართავენ.