ამინდის გაუარესების გამო საავტომობილო გზებზე შეზღუდვები დაწესდა

© photo: Sputnik / Albina Olisaevaსაქართველოს სამხედრო გზის გაწმენდა, საარქივო ფოტო
საქართველოს სამხედრო გზის გაწმენდა, საარქივო ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
თოვლის, ძლიერი ყინვის და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-გუდაური-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის, ძლიერი ყინვის და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-გუდაური-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. 

თავის მხრივ ჩრდილო ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახური შაბათს იტყობინება, რომ საქართველოში ამინდის გაუარესების გამო საქართველოს სამხედრო გზა განსაკუთრებულ განკარგულებამდე ავტოტრანსპორტისათვის გადაკეტილია.

„საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის გაუარესების გამო, საავტომობილო ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებლობის უზრუნველყოფის შეუძლებლობის გამო, ასევე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის რეკომენდაციების შესაბამისად, შაბათს, 10:30 საათიდან ვლადიკავკაზი ლარსის მიმართულებით იკრძალება ტრანზიტული ტვირთმზიდი ავტომანქანების გადაადგილება განსაკუთრებულ განკარგულებამდე“, — ნათქვამია უწყების შეტყობინებაში. 

მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით, მოძრაობის სპეციალური რეჟიმები მოქმედებს საქართველოს საავტომობილო გზების კიდევ 2 მონაკვეთზე: თოვლის და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ100-კმ188 მონაკვეთზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კმ1-კმ 99 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.


ყველა ახალი ამბავი
0