თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. ახალი სოციალური პროექტის „რა გაწუხებთ“ დახმარებით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აპირებს მოსახლეობის პრობლემებს გაეცნოს, განაცხადა პარასკევს გამართულ პრეზენტაციაზე საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.
25 იანვრიდან სპეციალური კითხვარების საშუალებით, მოსახლეობის გამოკითხვა დაიწყება. ახალი ინიციატივა სამინისტროს საზოგადოების სამედიცინო საჭიროებების კიდევ უფრო, ზუსტად განსაზღვრაში დაეხმარება. 25 იანვრიდან კითხვარი, როგორც ინტერნეტით — ვებგვერდზე www.1505.ge , ასევე, ჯანდაცვის რეგიონულ ოფისებში იქნება ხელმისაწვდომი. გამოკითხვის შედეგებს დაამუშავებს და შეაჯამებს სოციოლოგიური კვლევის კომპანია.
ჯანდაცვის სამინისტრო აღნიშნულ პროექტს ჯანდაცვის „გლობალურ ალიანსთან“ ერთად ახორციელებს, რომლის ხელმძღვანელი ჯან ელი მალკინი (Jean-Elie Malkin) თავადაც ესწრებოდა პროექტის პრეზენტაციას.
2015 წლის აპრილში, საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფ „გლობალურ ალიანსს“ შორის საქართველოს ჯანდაცვის სფეროს მართვის ინოვაციური ინსტრუმენტებისა და სრულყოფის მიმართულებების შემუშავების მიზნით შეთანხმება გაფორმდა. საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფი „გლობალური ალიანსი“, რომელსაც საფრანგეთის ყოფილი საგარეო და სამგზის ჯანდაცვის მინისტრი ბერნარ კუშნერი ხელმძღვანელობს, ჯანდაცვის სისტემების მართვის მსოფლიოს აღიარებული ექსპერტებითაა დაკომპლექტებული.