თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებს გრიპის ვირუსის სეზონური გავრცელების თავიდან ასაცილებლად, პრევენციული ღონისძიებების გატარებას ავალდებულებს.
ამ მიზნით, სამინისტრო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს ავრცელებს.
სამინისტროს განცხადების თანახმად, გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომების მქონე პირები დაწესებულებაში არ დაიშვებიან, ხოლო თუ ასეთი სიმპტომები პირს სკოლაში ყოფნისას განუვითარდება, სკოლის ექიმმა მისი სასწრაფოდ იზოლირება უნდა უზრუნველყოს.
ასევე, სკოლებმა ინტენსიურად, ყოველი შესვენებისას, უნდა გაანიავონ საკლასო ოთახები; სკოლების დალაგება სველი წესით უნდა მოხდეს; უნდა გამკაცრდეს ხელების ჰიგიენის წესებზე მონიტორინგი და საინფორმაციო აქტივობები.
განათლების სამინისტრო სკოლებს აძლევს რეკომენდაციას, რომ თუ სკოლაში ავადმყოფობის გამო მოსწავლეთა დაუსწრებლობა 20%-ს გადააჭარბებს, სკოლამ ამის შესახებ ჯანდაცვის ცენტრს აცნობოს.
„სკოლებს მოვუწოდებთ ინტენსიურად იმუშაონ მშობლებთან და მისცენ რეკომენდაციები, რომ გრიპის სიმპტომების პირველივე ნიშნების შემჩნევისას, დაავადებული ბავშვი არ გაუშვან სკოლაში. ამით ხელს შეუწყობთ, მინიმუმამდე დავიყვანოთ გრიპის გავრცელების რისკი”, — აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოში H1N1 ვირუსით გარდაცვალების უკვე სამი ფაქტი დადასტურდა. მიუხედავად იმისა, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის საზოგადოება აცხადებენ, რომ ქვეყანაში ეპიდემიის აფეთქების საშიშროება არ არის, ამ დროისათვის საქართველოს 100 ათასი მოსახლიდან 248 ადამიანი მედიკოსების დაკვირვებას გადის. ეპიდემიის ზღვარი საქართველოში 100 ათას მოსახლეზე 500 შემთხვევაა.
სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ ხალხმრავალი ადგილებისგან თავის არიდებას, გრიპის სიმპტომების შემთხვევაში სახლში დარჩენას და ექიმთან კონსულტაციას, ასევე ხელების ხშირად დაბანას და შენობების განიავებას.
H1N1 ვირუსი მსოფლიოში 2009 წელს გავრცელდა. მას პანდემიურს უწოდებენ, რადგანაც თავიდან მან მსოფლიოში პანდემია გამოიწვია.