თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. საზღვარგარეთიდან ინვესტიციების მოზიდვა, გარე ფაქტორებიდან გამომდინარე, უფრო რთულდება, ამიტომ რესურსები ქვეყნის შიგნით უნდა მოვიძიოთ, განაცხადა ექსპერტმა ემზარ ჯგერენაიამ.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საგადასახადო კოდექსში შესწორებებს ამზადებს. კერძოდ, მოგების გადასახადი, მისი რეინვესტირების შემთხვევაში, შეიძლება გაუქმდეს. შექმნილია რეფორმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი, რომელიც საგადასახადო სისტემის ესტონური მოდელის ელემენტებს ეფუძნება.
„იმდენად, რამდენადაც ინვესტიციები ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის გადამწყვეტია, ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხი სწორედ შიდა საინვესტიციო საშუალებების მოზიდვა წარმოადგენს. ბუნებრივია, აქედან გამომდინარე, ეკონომიკის მხარდაჭერის თვალსაზრისით, საკმაოდ სერიოზული ნაბიჯი გადაიდგმება“, — აღნიშნა ჯგერენაიამ.
მოქმედი საგადასახადო კოდექსით, მოგების გადასახადის ტარიფი 15%-ს შეადგენს. შემოთავაზებული შესწორებებით, დაიბეგრება მოგების მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც დივიდენდების გადახდაზეა მიმართული.