თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. ეკონომიკური აბრეშუმის გზის აღდგენა და ინიციატივა „ერთი სარტყელი — ერთი გზა" ახალ ბიძგს აძლევს ევრაზიის კონტინენტზე ეკონომიკური კავშირების განმტკიცებას — ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოსვლა დავოსისი ეკონომიკური ფორუმის სესიაზე "ევრაზია და თანამედროვე აბრეშუმის გზა", — იტყობინება პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური.
გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ევროპას მართლაც სჭირდება ჩინეთისა და აზიის ქვეყნების დინამიკურობა, ხოლო აზიას — ევროპული ტექნოლოგიები და ნოუ-ჰაუ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საქართველოში, ბოლო წლებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და რკინიგზის მოდერნიზაციისათვის გადადგმულ ნაბიჯებზე.
"საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება რეგიონის ყველა ქვეყანასთან და ევროკავშირთან. ახლახან ჩვენ წამოვიწყეთ მოლაპარაკებები ჩინეთთან მსგავსი შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით. შედეგად, საქართველო იქცევა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ღია ეკონიმიკის მქონე ქვეყანად, სადაც გვაქვს ძალიან ლიბერალური რეგულაციები და შედარებით დაბალი ტარიფები ენერგორესურსებსა და კვალიფიციურ სამუშაო ძალაზე. დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ პარტნიორობაში საქართველო შეასრულებს მნიშვნელოვან როლს," — აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით საქართველო ცდილობს განავითაროს კავშირები ევროკავშირთან და რეგიონის ქვეყნებთან, ხოლო რუსეთთან დაძაბულობა შეამციროს.