თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. თითქმის 1400 ბავშვი დაიკარგა 2015 წლის განმავლობაში უგზო-უკვლოდ მოსკოვში. დღეისათვის 120 ბავშვი არ არის ნაპოვნი, განაცხადა ხუთშაბათს გამართულ პრეს-კონფერენციაზე შსს-ს მოსკოვის ოპერატიულ-სამძებრო განყოფილების უფროსმა დიმიტრი პიჩუგინმა.
„1 იანვრისათვის მოსკოვში ძებნაში იყო 120 ბავშვი, იმის გათვალისწინებით, რომ გასულ წელს 1386 განაცხადი შემოვიდა ბავშვების დაკარგვაზე, წლის ბოლოსათვის დაკარგულთა რიცხვი მხოლოდ 112-ს შეადგენდა. დღესასწაულების წინ ამ ციფრმა აიწია, რადგან რამდენიმე ბავშვთა სახლიდან ერთდროულად 40-ზე მეტი ბავშვი გაიქცა. მაგრამ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ჩვენთვის, ასეთ რამეს ყოველთვის ვარეგისტრირებთ ახალი წლის წინ, ზაფხულის არდადეგებზე და შემოდგომაზე სწავლის დაწყების წინ“, — თქვა მან.
მისი თქმით, გასული წლის 1300 განაცხადიდან, მხოლოდ ოთხი ბავშვი იპოვეს გარდაცვლილი — ორმა თავი მოიკლა, დანარჩენები კი უბედური შემთხვევით გარდაიცვალნენ.
სამძებრო სამსახურის წარმომადგენლის თქმით, გაქცეული ბავშვების 95 % ე.წ. „პროფესიონალი მორბენლები“ არიან, რომლებიც მანამდე ორიდან ოცამდე მაინც გაქცეულან სახლიდან. ოჯახებიდან და ბავშვთა სახლებიდან გაქცეულთა რიცხვი დაახლოებით ერთნაირია.
მოსკოვის სამძებრო სამსახურის ინფორმაციით, 2015 წლის განმავლობაში სულ 5610 განაცხადი შემოვიდა მოქალაქეების დაკარგვაზე, მათგან 1386 ბავშვებს ეხებოდა. შედარებისათვის, ერთი წლით ადრე 4104 დაკარგული იყო დარეგისტრირებული და მათგან 1198 არასრულწლოვანი.