თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა „ბერი ანდრიას სახელობის ფონდის“ მზრუნველობის ქვეშ მყოფ 17 წლის ნანა ტუღუშს სურვილი აუსრულა და ერთი დღით თავისი უწყების ხელმძღვანელად დანიშნა.
„პატარა მინისტრს“ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მუშაობის თავისებურებები გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ გააცნო.
„ არ ვიცი, ეს დიდი ოცნებაა თუ მცირე, მაგრამ, რადგან ასეთი სურვილი არსებობს, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რაც შეიძლება მეტი პოზიტიური დღე ვაჩუქოთ პატარებს. მადლობა მინდა ვუთხრა ბავშვებს თავდაცვის უწყებით დაინტერესებისთვის. ეს ნიშნავს, რომ შენი ქვეყანა გიყვარს და გსურს, ინტეგრირებული იყო ამ პროცესში. მადლობა ნანიკოს, რომელმაც ასეთი საპასუხისმგებლო უწყების, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის სურვილი გამოთქვა. ჩვენ ამ ბავშვებს სამხედრო ნაწილშიც ვუმასპინძლებთ და შევეცდებით, ბევრი ლამაზი დღე ვაჩუქოთ“, — დაწერა მინისტრმა უწყების გვერზე სოციალურ ქსელ Facebook —ზე.
თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საკითხებზე გოგონას თავდაცვის მინისტრის გარდა მისი პირველი მოადგილე დავით ებრალიძე და მოადგილეები ანა დოლიძე და ბესიკ ლოლაძე ესაუბრნენ. გოგონას სპეციალური ანგარიშით დახვდნენ მიმდინარე ოპერაციების ცენტრშიც.
დღის ბოლოს თავდაცვის მინისტრი ნანა ტუღუშთან ერთად „ბერი ანდრიას სახელობის ფონდს“ ესტუმრა. თინათინ ხიდაშელი ფონდის აღსაზრდელებს გაესაუბრა და მათი სურვილები მოისმინა. პატარებმა თავდაცვის მინისტრისგან საჩუქრები და სამხედრო ნაწილში მასპინძლობის დაპირება მიიღეს.
“ბერი ანდრიას სახელობის ფონდი“ სოლიდური სიმსივნით დაავადებულ 18 წლამდე ასაკის მოზარდებს და მათ ოჯახებს უანგაროდ ეხმარება და ბავშვთა მკურნალობის, მათი რეაბილიტაციისა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით სხვადასხვა ღონისძიებებს ახორციელებს.